Skip to content Skip to sidebar Skip to footer

გვესაუბრება პედიატრი, ოჯახის ექიმი ლიდა კორკოტაძე.

ინფექციური ერითემა,  ე. წ. ,,მეხუთე დაავადება“, შედარებით მსუბუქად მიმდინარე ვირუსული დაავადებაა, რომლის გამომწვევია პარვოვირუს B19. ასაკობრივი ჭრილის მიხედვით, შემთხვევათა 80%  5-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვებზე მოდის. ახასიათებს სეზონურობა, კერძოდ, ყველაზე ხშირია გაზაფხულზე და ზაფხულის პირველ თვეს. რატომ მეხუთე დაავადება? იმიტომ, რომ ის მეხუთეა სიაში ბავშვთა ასაკის გამონაყარით მიმდინარე ექვს დაავადებას შორის.

როგორც აღვნიშნეთ, ინფექციურ ერითემას იწვევს ადამიანის პარვოვირუს B19. ერთჯაჭვიანი დნმ-ვირუსი. უნდა აღინიშნოს, რომ პარვოვირუსის სხვადასხვა შტამებით ავადობენ ცხოველებიც, თუმცა ის არ გადადის ადამიანზე.

ეპიდემიოლოგია: ინფექციური ერითემა გავრცელებულია მთელ მსოფლიოში, გეოგრაფიული არეალის შეუზღუდავად, ახასიათებს სეზონური და  6-8 წლიანი პიკები. მოზრდილთა 50%-ს 15 წლის ასაკისთვის უკვე აქვს ანტიპარვოვირუსული ანტისხეულები, მიუხედავად იმისა, გადაიტანა თუ არა დადასტურებულად მეხუთე დაავადება.

გადაეცემა ჰაერ-წვეთოვანი გზით, თუმცა აღწერილია მისი გადაცემის გზები სისხლითაც. საინკუბაციო პერიოდი შეადგენს 5-10 დღეს. გადამდებია სიმპტომების დაწყებიდან 5 დღე.

ძირითადი გამოვლინებები: ხასიათდება მსუბუქი მიმდინარეობით, როგორც სპეციფიკური, ისე არასპეციფიკური სიმპტომთა კომპლექსით. დასაწყისში ვლინდება ტემპერატურის მატება უპირატესად სუბფებრილური, სისუსტე, სახსრების ტკივილი, ღებინება, თავის ტკივილი, ხოლო მოგვიანებით გამონაყარი, რომელიც ყველაზე ინტენსიურია ლოყებზე, ფერმკრთალი ცხვირ-ტუჩის სამკუთხედის ფონზე. ამიტომაც ჰქვია ე.წ. ალიყურის სიმპტომი.

სახეზე გამონაყარმა შესაძლოა გასტანოს 4-5 დღე და მის გავრცელებას აქვს დაღმავალი ხასიათი ანუ სახე, ხელები, ფეხების მიმართულება. გამონაყარის გამოჩენიდან პაციენტი შედარებით უკეთ გრძნობს თავს. გამონაყარს აქვს მაკულოპაპულოზური შესახედაობა, კანის ზედაპირი ხელის გადასმისას ერთგვაროვანია მოიასამნისფრო მეწამული ქობით.  გამოხატულია საზღვარი ე.წ. ხელთათმანის, წინდის ეფექტი, ხელისგულები და ფეხისგულები კი შეუხებელი.

გამონაყარი ძირითადად ვლინდება უმცროს სასკოლო ასაკში და მოზრდილთა 50%-ზე ნაკლებში ანუ მოზრდილებში წამყვანი სიმპტომი უფრო ართრალგიაა. გამონაყარს შესაძლოა ახლდეს ქავილიც.

სახსრების ტკივილი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, უმეტესწილად გვხვდება შედარებით მოზრდილი ასაკის პაციენტებში, ლოკალიზდება სიმეტრიულ ერთ ან რამდენიმე წყვილ სახსარზე. არანაირი გარეგნული დესტრუქციის ნიშნებით. ტკივილი ხასიათდება პერიოდულობით და, როგორც წესი, არ გრძელდება 3 კვირაზე მეტს.

იმუნოკომპრემენტირებულ პირებში მეხუთე ინფექცია გამოირჩევა მიმდინარეობის თავისებურებით, კერძოდ, დაქვეითებული იმუნური პასუხის გამო არ არის გამონაყარი, სახსრების ტკივილი და ა.შ. საგულისხმოა ისიც, რომ შესაძლოა პარვოვირუს B19 ქრონიკული გახდეს და გამოიწვიოს ნეიტროპენია, თრომბოციტოპენია და ძვლის ტვინის ფუნქციის დათრგუნვაც კი.

დიაგნოზის დასმა ტიპური მიმდინარეობის შემთხვევაში არ არის რთული,  მას ახასიათებს თვითლიმიტირებადი მიმდინარეობა. გამომდინარე აქედან, საჭიროა დროული ვიზიტი პედიატრთან. გარდა ობიექტური მონაცემებისა, დიაგნოზის დასადასტურებლად შესაძლოა ჩატარდეს ანალიზი IgM, იგი წარმოიქმნება დაინფიცირებიდან 7-10 დღის განმავლობაში მაქსიმუმ 3 თვემდე. IgG გამომუშავდება 2 კვირის შემდეგ და ინახება მთელი ცხოვრების მანძილზე.

ლაბორატორიული გამოკვლევა  სასურველია ჩატარდეს სხვადასხვა ტიპის ანემიით დაავადებულებში, ორსულებში, რათა შეფასდეს ნაყოფის განვითარების პოტენციური რისკი.

მკურნალობა: ტკივილის, დისკომფორტის შესამცირებლად გამოიყენება აცეტამინოფენი, იბუპროფენი. ქავილის შემთხვევაში ანტიჰისტამინური პრეპარატები. აპლასტიური ანემიით დაავადებულებს ესაჭიროებათ მუდმივი კონტროლი, შესაბამისი გამოკვლევები.

აუცილებელია დიფერენციალური დიაგნოზი გატარდეს გამონაყარით მიმდინარე სხვა დაავადებებთან, შეფასდეს გამონაყარის ტიპი, შესახედაობა, გავრცელების ხასიათი. უფრო რთულადაა საქმე, თუ დაავადების მიმდინარეობისას წამყვანია ართრალგია, თავის ტკივილი, ღებინება. ამ შემთხვევაში დაზუსტება ლაბორატორიულად მეტად მნიშვნელოვანია.

პროგნოზი: კეთილსაიმედოა. ინფექციური ერითემა მსუბუქი მიმდინარეობით გამოირჩევა უხშირესად და არ საჭიროებს არანაირ მკურნალობას. თუმცა რისკის ქვეშაა ანემიით, აუტოიმუნური დაავადებებით დაავადებული პირები და ორსულები. მათთან განსხვავებული სიფრთხილეა საჭირო. მკურნალობა სიმპტომურია.

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი