ახალი კორონავირუსის პანდემიის სტრესი მოქმედებს როგორც მოზრდილებზე, ასევე ბავშვებზე. ოჯახები მრავალი გამოწვევის წინაშე დგანან, მათ შორის რუტინის დაკარგვა, სოციალური იზოლაცია, ადაპტირება დისტანციურ სწავლებასთან, სკოლებისა და ბაღების დახურვა, სამსახურის და ფინანსური პრობლემები. ზოგიერთს მოუწია ამ დაავადებასთან გამკლავებამ და სამწუხაროდ, ზოგი საყვარელი ადამიანების გარეშეც დარჩა.
ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილი გავლენას ახდენს ბავშვის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. ვინაიდან ჩვილები, ახლად ფეხადგმულები და მცირეწლოვანი ბავშვები, ალბათ, ვერ გეტყვიან, რომ განიცდიან შფოთვას ან დეპრესიას, გირჩევთ იყოთ ყურადღებით, რომ არ გამოგრჩეთ ცვლილებები თქვენი შვილის ემოციურ მდგომარეობაში.
ემოციური დისტრესის ნიშნებია:
- განვითარების პროგრესის შეჩერება და უკან დახევა. მაგალითად, ბავშვი იწყებდა წინადადებებით ლაპარაკს, მაგრამ საერთოდ შეწყვიტა სიტყვების თქმა.
- ცვლილებები ქცევაში. თქვენი ბავშვი ჩვეულებრივზე უფრო გაღიზიანებულია, ან უფრო მიჯაჭვული ან მომთხოვნი გახდა. თქვენ ასევე შეიძლება შეამჩნიოთ აგრესიული ქცევის ზრდა, როგორიცაა დარტყმა, კბენა ან ტანტრუმი.
- შარდის შეუკავებლობა ღამის საათებში, მაშინ როცა, ბავშვი უკვე გადაჩვეული იყო საფენს.
- ჭამის და კუჭის პრობლემები. მაგალითად, რეფლუქსი, შეკრულობა, ფაღარათი, მუცლის ტკივილი ან მადის დაკარგვა.
- ძილის პრობლემები, ჩაძინების გაძნელება ან ხშირი გაღვიძებები ღამით.
- ცვლილებები თამაშში, უფრო მეტი კონფლიქტი და ბრაზი, ან დაავადების და სიკვდილის თემა.
თუ ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომებიდან რომელიმე შეამჩნიეთ, მიმართეთ ბავშვთა ფსიქოლოგს რჩევებისთვის, თუ როგორ გაუმკლავდეთ ამ გამოწვევას. სამწუხარო ფაქტია, რომ მოზარდებსა და მოზრდილებში თვითმკვლელობის მაჩვენებლები იზრდება სტრესის მომატების დროს. ასევე გირჩევთ, დაუთმოთ დრო საკუთარ ფსიქიკურ ჯანმრთელობას (საჭიროების შემთხვევაში ითხოვოთ დახმარება სპეციალისტისგან) და შეეცადოთ შეინარჩუნოთ პოზიტიური განწყობილება თქვენს შვილებთან ურთიერთობისას.
წყარო: www.babycenter.com