პლატფორმას “დედამ იცის” ესაუბრება ფსიქოლოგი ანა ცირიკიძე.
როგორ მოვამზადოთ ბავშვი სასკოლოდ? რა ითვლება სასკოლო მზაობის ნიშნებად და უნდა იცოდეს თუ არა მომავალმა პირველკლასელმა სკოლაში შესვლამდე წერა–კითხვა?
სკოლაში შესვლის ასაკი, ბოლო წლებია, განისაზღვრა 6 წლით. იყო დრო, როდესაც 5 წლის ბავშვებიც აქტიურად შეჰყავდათ სკოლაში, თუმცა კვლევებმა აჩვენა, რომ 6 წლამდე ბავშვს არ აქვს შესაბამისი უნარ-ჩვევები განვითარებული, რაც სკოლაში სწავლებისთვისაა საჭირო – ეს მოიცავს მთელ რიგ კოგნიტურ უნარებს.
მათ შორის, ხელის მტევნის ძვლოვანი სისტემა 6 წლამდე არ შეესაბამება წერის დაუფლებისთვის საჭირო უნარს და მდგომარეობას.
აქედან გამომდინარე, სკოლაში შესვლამდე წერა-კითხვის სწავლება საჭირო და რეკომენდებული არაა. იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ ეს პროცესი სკოლამდელებისთვის ხშირად იძულებითი და არაკომფორტულია, მომავალში მთელ რიგ პრობლემებს აჩენს – მათ შორისაა სწავლის პროცესის შეძულება, სკოლისადმი ინტერესის დაკარგვა და ნეგატიური ემოციების დაგროვება.
სასკოლო ასაკის 6 წლამდე განსაზღვრის კიდევ ერთი მიზეზი იყო ის ფაქტი, რომ განსაკუთრებით ამ ასაკამდე ბავშვებში სამყაროს შემეცნება და ახლის სწავლა ხდება მხოლოდ თამაშის მეთოდით. ისინი ბევრად მეტს სწავლობენ ზრდასრულებისთვის ერთი შეხედვით „უაზრო“ თამაშებითაც, ვიდრე მაგიდასთან ჯდომით და მეცადინეობით. ბავშვი თანატოლებთან და სამყაროსთან უშუალო/პირდაპირი კომუნიკაციით იღებს ინფორმაციას და ვითარდება როგორც ფიზიკურად, ასევე ფსიქოლოგიურად.
თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ არსებობენ ბავშვები, რომლებიც „ასაკს უსწრებენ“ და თავად აქვთ დიდი სურვილი და ინტერესი ისწავლონ წერა-კითხვა. ამ შემთხვევაში, უნდა მივყვეთ ბავშვის საჭიროებებს და სურვილებს, თუმცა იქამდე, სანამ ბავშვი ამით სიამოვნებას იღებს.
არსებობს გარკვეული კრიტერიუმები, რითაც სკოლაში შესვლამდე ფასდება ბავშვის სასკოლო მზაობა. ეს მოიცავს: გარესამყაროს აღქმას, ნატიფი და მსხვილი მოტორიკის განვითარებას, მარტივ მათემატიკურ მოქმედებებს და აზროვნებას.
გამომდინარე იქიდან, რომ კერძო სკოლაში ვმუშაობ ფსიქოლოგად, სკოლაში შემოსვლამდე, პირველკლასელები ჩემთან გადიან გასაუბრებას, სადაც სწორედ ამ უნარებს ვამოწმებ. უნდა აღვნიშნო, რომ მასობრივად გვაქვს მეტყველების შეფერხება, ნატიფი მოტორიკის დაბალი განვითარება (პირდაპირ კავშირშია მეტყველებასთან) და ასაკისთვის შესაბამისი ზოგადი განათლება. ხშირად ამის მიზეზად, მშობლები ამბობენ, რომ ბავშვები ეკრანთან დიდ დროს ატარებენ და იშვიათად ან საერთოდ არ დადიოდნენ ბაღში.
როგორც დასაწყისშივე აღვნიშნე, წერა-კითხვის სწავლება საჭირო არაა, განსაკუთრებით მაშინ, თუ ბავშვი ამით საერთოდ არაა დაინტერესებული, თუმცა წინასასკოლო პერიოდი თავისთავად საჭიროა იმისთვის, რომ ბავშვი მოვამზადოთ სასკოლოდ. ეს შეიძლება მოიცავდეს შემდეგს:
- ბავშვს კარგად განვუვითაროთ ნატიფი მოტორიკა, რათა შემდგომ შეძლოს წერის უნარის დაუფლება (კალმის სწორად დაჭერა, საზღვრების დაცვა, გარკვეული მონახაზის კოპირება, გაფერადება, წერტილების შეერთება და ა.შ.);
- წელიწადის დროების ცოდნა (4 სეზონის დასახელება, ამჟამინდელი წელიწადის დროის ცოდნა, როდის მოდის თოვლი, როდის მივდივართ ზღვაზე და ა.შ.);
- ცხოველების დასახელება და გარეულად და შინაურად დაყოფა; ასევე ნახატზე ცხოველების ამოცნობა;
- 5-ის ფარგლებში მიმატება-გამოკლება ჩხირების ან თითების დახმარებით;
- ადამიანის ნახატის შესრულება (თავი, ტანი, ხელები, ფეხები);
- ასევე, სასურველია სკოლაში შესვლამდე ვასწავლოთ ბავშვს გაკვეთილზე მოქცევის წესები, განვუვითაროთ ნებისყოფის უნარი, მივაჩვიოთ დამოუკიდებლობას…
ეს ჩამოთვლილი პუნქტები, რაც ძირითადი ნაწილია სასკოლო მზაობისა, ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სკოლაში შესვლამდე წერა-კითხვის დაუფლება. ამ უკანასკნელს ბავშვი შესაბამის ასაკში, შესაბამის გარემოში თანატოლებთან ერთად ბევრად უფრო ადვილად და ხალისით ისწავლის.