Skip to content Skip to sidebar Skip to footer

უფროსი მასწავლებელი, 2 წლის ბავშვის დედა დიანა მაკალათია გვიზიარებს, როგორ ვაქციოთ ცხოველებისა და ბავშვების ურთიერთობა უსაფრთხო პროცესად.

იცოდით, რომ ოქტომბერი ცხოველთა დაცვის საერთაშორისო თვეა, რომელიც 1931 წელს აშშ-ში დაწესდა?

ერთ-ერთი გზა დავიცვათ ცხოველები არის ის, რომ ვასწავლოთ ჩვენ შვილებს მათთან უსაფრთხო ურთიერთობის წესები.

უახლესი კვლევები ცხადყოფენ, რომ ყოველ წელს 6 მილიონი ადამიანი სასწრაფო დახმარებას სწორედ ცხოველის მიერ მიყენებული დაზიანების გამო მიმართავს.

არასდროსაა გვიან ასწავლოთ თქვენს შვილს, რომ ყოველი ცოცხალი არსება იმსახურებს ადამიანების მხრიდან კეთილგანწყობას, ამიტომ მნიშვნელოვანია ვიცოდეთ მათთან ურთიერთობის უსაფრთხო გზები.

მანამ, სანამ გადავწყვეტთ თუ რომელი ცხოველი ვიყოლიოთ, უნდა დავრწმუნდეთ შეესაბამება თუ არა ცხოველის ტემპერამენტი ჩვენს ოჯახსა და ცხოვრების სტილს. ცხოველებს ბევრი სიკეთის მოტანა შეუძლიათ ჩვენთვის, თუ სწორად მოვიქცევით, მათზე ზრუნვა ბავშვებში ემპათიის (თანაგანცდის) გაღვივებას უწყობს ხელს, რაც დღევანდელი რეალობისთვის მართლაც რომ რელევანტურია. რადგან ჩვენთვის მნიშვნელოვანია შვილების მენტალური ჯანმრთელობა, უნდა გვახსოვდეს, რომ ამ ყველაფერში ცხოველებს დიდი ადგილი უჭირავთ. შედარებით რთულია მათთან ურთიერთობის წესები ავუხსნათ ასაკით 3 წლამდე ბავშვს, ამიტომ რამდენიმე რჩევას შემოგთავაზებთ:

ამ ასაკში ბავშვები ცდილობენ მშობლების ქცევის მიბაძვას, ამიტომ მნიშვნელოვანია პოზიტიური ქცევის მოდელით ვიხელმძღვანელოთ და ავუხსნათ ბავშვებს, როგორ იყვნენ მოსიყვარულენი და პასუხისმგებლობიანები ცხოველების მიმართ, ასევე განვუმარტოთ, რომ ცხოველები ცოცხალი არსებები არიან და არ შეიძლება მიუახლოვდნენ, როცა საჭმელს ჭამენ, სძინავთ ან შვილების გამოკვებით არიან დაკავებულნი, მოკიდონ ხელი კუდზე ან ხელში აიყვანონ. სამ წლამდე ასაკის ბავშვებს ნაკლებად შეუძლიათ იზრუნონ ცხოველებზე და მოუარონ მათ, თუმცა შეუძლიათ მარტივი კითხვები დასვან, მაგ: „სად ვინახავთ ძაღლი საჭმელს?“ ასეთ კითხვებზე პასუხი ეხმარება მათ ცხოველების უკეთ გაცნობასა და ურთიერთობაში.

რამდენიმე მნიშვნელოვანი წესი:

როგორ არ უნდა მოვიქცეთ

უხეში ან ხმამაღალი ტონით საუბარი – ბევრი მშობელი ადრეული ასაკიდანვე ასწავლის ბავშვს, როგორ მოითხოვოს სასურველი რამ მოკრძალებითა და მშვიდი ტონით, როგორ გამოხატოს მადლიერება, გადაიხადოს მადლობა და ა. შ. აღზრდის იმავე მეთოდია საჭირო, როცა მათ ცხოველებთან ურთიერთობას ვასწავლით.

ცხოველის კუდთან/თვალთან შეხება – ბავშვები განსაკუთრებულად აღფრთოვანებულები არიან ცხოველების კუდით. ეს ნაწილი განსაკუთრებით საფრთხილოა, მათი მოქაჩვა ძალიან მტკივნეულია ცხოველისთვის და იწვევს გაღიზიანებას, ამიტომ უნდა ავუხსნათ ბავშვებს, რომ ისეთ ნაწილებთან შეხება, როგორიცაა კუდი და თვალი განსაკუთრებით საფრთხილოა.

სირბილი, გაქცევა – ეს ის რეაქციაა, რაც ასევე აღიზიანებს ცხოველების უმეტესობას, რასაც შედეგად ცხოველში აგრესიის გამოწვევა შეუძლია.

ხმაური, კივილი – ხანდახან ცხოველებს ბავშვების ეშინიათ, რადგან ისინი ხშირად კივიან ან გამოსცემენ ხმამაღალ ბგერებს, ამიტომ საჭიროა გავაფრთხილოთ ამის შესახებაც და ავირიდოთ მათი შეშინება. ბავშებმა უნდა იცოდნენ, როგორც ადამიანებთან, ასევე ცხოველებთან მშვიდი ტონით საუბარი.

სახით ახლო კონტაქტი – ნუ მივუახლოვდებით ცხოველს სახით ძალიან ახლოს, რადგან თუ ის შეშინდა, შესაძლოა სერიოზული ზიანი მოგვაყენოს.

როგორ უნდა მოვიქცეთ:

ნებართვის აღება – ასწავლეთ ბავშვებს, აიღონ ნებართვა თქვენგან და ასევე ცხოველის პატრონისაგან მანამ, სანამ მასთან ურთიერთობას დაიწყებენ. ხშირია შემთხვევები, როცა ბავშვი იმდენად აღფრთოვანდება რომელიმე ცხოველით, რომ იმწამსვე მიდის მის მოსაფერებლად ან გამოსაკვებად.

ზედამხედველობა – უფროსებმა ყოველთვის თვალყური უნდა ვადევნოთ ბავშვს, როცა ისინი ცხოველებთან ურთიერთობენ, შევახსენოთ პატარებს როგორ უნდა მოექცნენ მათ თამაშის ან გამოკვების დროს ისე, რომ იყვნენ დაცულები ყოველგვარი ზიანისგან.

ვიცოდეთ, როდის არ მივუახლოვდეთ ცხოველს ასწავლეთ ბავშვებს, რომ სახიფათოა უცხო ცხოველთან მიახლოება, როცა მას საბელი არ უკეთია და აგრესიულად გამოიყურება, შეშინებული ან გაღიზიანებულია.

შექება – შეაქეთ ბავშვი, როცა ისინი კარგად ეპყრობიან ცხოველებს, ეს წაახალისებს მათ, შესძენს თავდაჯერებულობასა და პოზიტიურ გამოცდილებას.

პასუხისმგებლობის აღება ცხოველებზე ზრუნვის სწავლას და მათზე პასუხისმგებლობის აღებას ბავშებისთვის ძალიან ბევრი სარგებლის მოტანა შეუძლია, რა თქმა უნდა, ეს უფროსების მეთვალყურეობის ქვეშ უნდა ხდებოდეს. მიეცით საშუალება ბავშვებს ისეირნონ შინაურ ცხოველებთან, ერთად წადით ვეტერინართან და აუხსენით თითოეული პროცედურის მნიშვნელობა, დაიხმარეთ ისინი ცხოველის დაბანასა თუ მოწესრიგებაში.

თუ ბავშვი ცხოველმა შეაშინა – ასეთ სიტუაციაში ბავშვს ვუხსნით, რომ „უნდა გადაიქცეს ხედ“, დადგეს ერთ ადგილას (გაშეშდეს) და შეინარჩუნოს სიმშვიდე. ამ დროს არ უნდა შევხედოთ თვალებში ცხოველს და ვეცადოთ არ გავიქცეთ ან არ ვიკივლოთ.

როგორ მოვიქცეთ, თუ ბავშვს ეშინია ცხოველის:

  1. გავუგოთ მას

„მე ვიცი, რასაც შენ გრძნობ ახლა“- ეს შესაფერისი ფრაზაა ამ დროს. ცხოველი, რომელსაც შეიძლება ჩვენ პატარად აღვიქვამდეთ, ხანდახან ბავშვისთვის უზარმაზარ არსებას წარმოადგენს და სწორედ ეს იწვევს შიშს მასში.

  • ესაუბრეთ ბავშვს მისი შიშების შესახებ

გავარკვიოთ რატომ ეშინია მას ცხოველის, თუ ბავშვს შეუძლია ზუსტად ახსნას მიზეზი, ეს დაგვეხმარება ამ კონკრეტულ შიშთან გამკლავების გზა ვიპოვოთ. თუ ბავშვს არასასიამოვნო შემთხვევა მოუვიდა მაგალითად რომელიმე ძაღლთან, უნდა ავუხსნათ, რომ როგორც ადამიანები განსხვავდებიან ერთმანეთისაგან, ასევეა ცხოველებშიც, რადგან ერთი ძაღლი მოექცა მას ცუდად, ეს არ ნიშნავს, რომ ყველა ძაღლი მისი მსგავსი შეიძლება აღმოჩნდეს.

  • აუხსენით

თუ გადაეყრებით იმ ცხოველს, რომლისაც ეშინია თქვენს შვილს, ჩაუარეთ მშვიდად და აჩვენეთ მათ, რომ საშიში არაფერია, თუმცა, არავითარ შემთხვევაში არ დააძალოთ ბავშვი მსგავსად მიუახლოვდეს ცხოველს, თუ მას ამის სურვილი არ აქვს.

  • შეიმუშავეთ გეგმა

მოიფიქრეთ, როგორ შეგიძლიათ მათში შიშის დაძლევა, მაგალითად წიგნს წაუკითხავთ, ფილმს აჩვენებთ თუ უყიდით სათამაშოს, რომელიც როლური თამაშებისთვის გამოგადგებათ. გაითამაშეთ ის სცენა, რომელმაც შეაშინა თქვენი ბავშვი.

  • მიმართეთ ფსიქოლოგს

 თუ შიში ძალიან დიდია და ფობიად იქცა, თქვენ კი ვერ ეხმარებით, მიმართეთ სპეციალისტს.

წყარო: http://www.devonvet.com/

https://integrisok.com/
https://www.familyeducation.com/
https://www.tinies.com/
კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5