თუ ახალშობილი გყავთ, თქვენ შეიძლება ისე გქონდეთ მშობიარობის შემდგომი დეპრესია, რომ არც კი იცოდეთ ამის შესახებ. გაეცანით ქვემოთ ჩამოთვლილ ნიშნებს, რომელთა აღმოჩენის შემთხვევაშიც მიმართეთ სპეციალისტს.
თქვენი „ბეიბი ბლუზი“ არ მთავრდება. მშობიარობის შემდგომი მოწყენილობა, როგორც წესი, 2 კვირა გრძელდება, შემდეგ კი უკეთესად უნდა იგრძნოთ თავი. თუ კვირები გავიდა, მაგრამ ისევ უიმედობას და სევდას გრძნობთ, შესაძლოა, დეპრესია გქონდეთ.
თქვენი ფიქრები სევდით და დანაშაულის განცდითაა სავსე. დაღლილობის შეგრძნება ნორმალურია, მაგრამ თუ ხშირად გინდებათ ტირილი, თავს გრძნობთ უბედურად და საყვედურობთ დედობის გამო, ეს შესაძლებელია, დეპრესიის პირველი ნიშანი იყოს.
ინტერესს კარგავთ საყვარელი საქმიანობების მიმართ. ისევ იცინით თქვენს საყვარელ რომანტიკულ კომედიაზე? ისევ ალერსიანი ხართ პარტნიორის მიმართ? ისევ გსიამოვნებთ საყვარელი ხილის ჭამა? თუ არა, ესაუბრეთ ექიმს განწყობისა და ჩვევების ამ ცვლილებებზე.
გიჭირთ გადაწყვეტილების მიღება. იქნებ ძალიან დაიღალეთ იმისთვის, რომ სწორად იფიქროთ? იქნებ, უბრალოდ არ გაინტერესებთ? თუ ვერ წყვეტთ, საწოლიდან წამოდგეთ თუ არა, ბავშვს საფენი გამოუცვალოთ თუ არა, შხაპი მიიღოთ თუ არა, ეს მშობიარობის შემდგომი დეპრესიის ადრეული ნიშანია.
ღელავთ, რომ კარგი დედა არ იქნებით. ვინ არ ღელავს ამაზე? ეს ხშირია იმ დედებში, რომელთა ახალშობილი ნაადრევად დაბადებულია ან ავადაა. მაგრამ თუ ეს თქვენი შემთხვევა არ არის და მაინც ისე შფოთავთ, რომ ყოველდღიურ საქმიანობებში ხელი გეშლებათ, მიმართეთ ექიმს.
თქვენი ძილის რეჟიმი შეიცვალა. რა თქმა უნდა! თქვენ ხომ ახალშობილი გყავთ. მაგრამ თუ თქვენ ვერ ახერხებთ ჩაძინებას, როცა ბავშვს სძინავს ან თავს ვერ აღწევთ ძილის გამუდმებულ სურვილს, ეს შეიძლება იყოს არამხოლოდ ცხოვრების წესის შეცვლის გამო.
თქვენს ცხოვრებაში დიდი, სტრესული ცვლილებებია. იქნებ თქვენ ჩხუბობთ თქვენს პარტნიორთან, ან თქვენი ოჯახი არ გეხმარებათ ბავშვის მოვლაში? ან თქვენი ახლობელი ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა? ასეთმა სტრესულმა მოვლენებმა შეიძლება გააუარესოს თქვენი „ბეიბი ბლუზი“ და გამოიწვიოს მშობიარობის შემდგომი დეპრესია.
თქვენ ფიქრობთ, რომ ზიანი მიაყენოთ საკუთარ თავს. თვითმკვლელობის ან საკუთარი თავისა და თქვენი ბავშვის დაზიანების აზრები მშობიარობის შემდგომი დეპრესიის და იშვიათი და სერიოზული ფსიქიკური დაავადების მშობიარობის შემდგომი ფსიქოზის ნიშნებია. თუ ასეთ აზრებს შეამჩნევთ საკუთარ თავს, აუცილებლად გაუზიარეთ ახლობელ ადამიანს და ითხოვეთ სპეციალისტის დახმარება.
წყარო: www.webmd.com