შეკრულობით, იგივე ყაბზობით, ბავშვებიც არანაკლებ იტანჯებიან. ყაბზობას თავისი მიზეზები აქვს, ხშირად საგანგაშოც კი და დროულად საჭიროებს ექიმის ჩარევას. პედიატრი მაკა ლომიძე გვესაუბრება, რა იწვევს ყაბზობას, რა არის საჭირო ნაწლავების ნორმალური ფუნქციონირებისთვის და რა პროდუქტები უნდა მიიღოს ბავშვმა, თუ მიდრეკილია შეკრულობისკენ.
რა არის ყაბზობა და რა ნიშნებით ხასიათდება?
ყაბზობის დროს ნაწლავთა მოქმედება ჩვეულებრივზე იშვიათია ან განავალი არის დიდი ზომის, მკვრივი და იწვევს ჭინთვას, დეფეკაცია/ნაწლავთა მოქმედება კი უკავშირდება დისკომფორტს ან ტკივილს.
აქვე სჯობს, დავაზუსტოთ, რა ითვლება ნორმალურ ნაწლავთა მოქმედებად:
რეგულარული ან ნორმალური ნაწლავთა მოქმედება ბავშვებში და მოზრდილებშიც, განსაკუთრებით კი ჩვილებში, შესაძლებელია განსხვავებული იყოს. რაც ერთისათვის ნორმაა, შეიძლება სხვა ბავშვის ნორმისაგან გასხვავებული აღმოჩნდეს.
მაგ: ძუძუთი კვებაზე მყოფ ჩვილებს უფრო ხშირი დეფეკაცია/ნაწლავთა მოქმედება აქვთ ხელოვნურ ნარევზე მყოფთაგან შედარებით. დამატებითი კვების დაწყების შემდეგ განავალი შედარებით მომკვრივო და უფრო იშვიათი ხდება.
უფრო მოზრდილ ბავშვთაგან ზოგს შეიძლება დეფეკაცია დღეში 3-ჯერ, ზოგს კი – კვირაში 2-3- ჯერ ჰქონდეს და ეს ნორმაა, თუ განავალი არ არის მკვრივი, დეფეკაციისას/ნაწლავთა მოქმედებისას არ აქვს დისკომფორტი ან ტკივილი.
შეკრულობისას განავალი მკვრივი და მშრალია. დეფეკაცია/ მოქმედება გაძნელებულია ან მტკივნეულიც კი. დეფეკაციის სიხშირე გაიშვიათებული, თუმცა შეიძლება ყოველდღიურიც კი იყოს.
ბავშვებში ყაბზობის შემთხვევების 90% ფუნქციურია ანუ არ არის გამოწვეული სხვა ანატომიური ან ბიოქიმიური დარღვევებით და კვლევაც არ სჭირდება.
რა არის ის საგანგაშო სიმპტომები, რომელსაც ყურადღება უნდა მიექცეს?
არსებობს ე.წ. საგანგაშო ნიშნები, რომელთა გათვალისწინებაც ეხმარება ექიმს, ივარაუდოს სხვა დაავადებების არსებობა. ასეთ შემთხვევაში ექიმი საჭირო გამოკვლევებს დანიშნავს.
მდგომარეობებს, რომელთა ერთ-ერთი სიმპტომი ყაბზობაა, მიეკუთვნება: ჰირშპრუნგის დაავადება ( მსხვილი ნაწლავის ინერვაციის დარღვევა), ჰიპოთირეოზი (ფარისებრი ჯირკვლის დაქვეითებული ფუნქცია), ცელიაკია (ხორბლის ცილის – გლიადინის აუტანლობა), ტყვიით მოწამვლა, ცისტური ფიბროზი, ჰორმონალური დარღვევები, რომლებიც სისხლში კალციუმის დონეს ცვლის, ზურგის ტვინის თიაქარი. ყაბზობა შეიძლება იყოს ზოგიერთი წამლის გვერდითი ეფექტიც.
რაც შეეხება ფუნქციურ ყაბზობას, მასზე ერთ წელზე მეტი ასაკის ბავშვებში ყაბზობის შემთხვევათა 95% მოდის და საზოგადოდ, ბავშვთა ამ ასაკობრივი ჯგუფის 10-30%-ში გვხვდება.
ფუნქციური ყაბზობა გულისხმობს გაძნელებულ, ზოგჯერ დაუსრულებელ, გაიშვიათებულ დეფეკაციას, ანატომიური ან ბიოქიმიური დაღვევების არარსებობისას. ეს განსაზღვრება გამოიყენება “რომის IV” კრიტერიუმებში, რომელიც ექვსი სიმპტომიდან (დეფეკაციის სიხშირე; განავლის სიმკვრივე და ზომა; განავლის შეუკავებლობა ან ნებითი შეკავება) სულ მცირე, ორის არსებობას მოითხოვს ფუნქციური ყაბზობის დიაგნოზის დასასმელად იმ პირობით, რომ მისი ორგანული მიზეზები გამორიცხულია.
რა იწვევს ფუნქციურ ყაბზობას?
მიზეზი რამდენიმეა:
– კვება: ჩვეული მენიუს შეცვლა ან არასაკმარისი უჯერედისი ან სითხე მენიუში.
– ავადმყოფობა: ასეთ დროს მადის დაქვეითება ან კვების ტიპის შეცვლა არღვევს ნაწლავთა მოქმედებას.
– ნაწლავთა მოქმედების გადავადება: ბავშვები ხშირად, სხვადასხვა მიზეზით ცდილობენ გადაავადონ დეფეკაცია. მაგალითად, ასე ხშირად იქცევიან ტკივილის გამო და თუ საფენის გამონაყარიც ერთვის, ეს ტკივილს კიდევ უფრო აძლიერებს. შეიძლება უბრალოდ არ უნდოდეს თამაშისთვის თავის დანებება. უფრო მოზრდილი ასაკის ბავშვები ხშირად ცდილობენ შეიკავონ და გადაავადონ ნაწლავთა მოქმედება სხვა გარემოში, სახლის გარეთ – სკოლაში, ექსკურსიაზე, ეს სიმორცხვის ან ხშირად საზოგადოებრივი ტუალეტის გამოყენების დისკომფორტის გამოა.
– სხვა ცვლილებები: საზოგადოდ, ბავშვის რუტინის ნებისმიერმა ცვლილებამ (მოგზაურობა, ცხელი ამინდი, სტრესული სიტუაცია) შეიძლება გავლენა იქონიოს ჯანმრთელობაზე და ნაწლავთა ფუნქციაზე. მკურნალობის გარეშე შეკრულობა შეიძლება გაუარესდეს. რაც უფრო მეტხანს რჩება განავალი მსხვილი ნაწლავის ქვედა ნაწილში, მეტად დიდია ზომა, მკვრივია და მშრალი, რის გამოც ძალიან რთული და მტკივნეულია დეფეკაცია. ტკივილის გამო ბავშვი განავალს უკან აბრუნებს – რაც მანკიერ წრეს აყალიბებს.
რა არის საჭირო ნაწლავების ნორმალური ფუნქციონირებისათვის და როგორ უნდა იკვებოს ბავშვმა თუ მიდრეკილია შეკრულობისკენ?
სწორ კვებას, საკმარისი რაოდენობით სითხის მიღებას, ფიზიკურ აქტივობას (ასაკის შესაბამისად), ბავშვისთვის სწორი და დროული ტუალეტის ჩვევების ჩამოყალიბებას დიდი მნიშვნელობა აქვს ნაწლავთა ნორმალური ფუნქციონირებისა და შესაბამისად ყაბზობის პრევენციისთვის.
წაახალისეთ ბავშვი სვას საკმარისი რაოდენობით წყალი და მიირთვას უჯრედისით მდიდარი საკვები.
ჩვილების და 2 წლამდე ასაკის ბავშვების მენიუში 5 გრამამდე უჯრედისი უნდა იყოს ყოველდღიურად. ამის მიღწევა შესაძლებელია პიურირებული ბოსტნეულის, ხილის და უჯრედისით მდიდარი ბურღულეულის სწორი განაწილებით დღის მენიუში. ბოსტნეულის და ხილის უმრავლესობის ერთი პორცია 1 გრ უჯრედისს შეიცავს. შავი ქლიავი და ბარდა 2 გრამამდე. ბრინჯის ფანტელები ღარიბია უჯრედისით, სხვა ბურღულეული კი 1-2 გრ-ს ულუფაზე.
ამერიკის პედიატრიული აკადემიის AAP რეკომენდაციით 2-დან-19 წლამდე ასაკში აუცილებელი უჯრედისის რაოდენობა დღეში მარტივად გამოითვლება: ასაკი + 5 გრ უჯრედისი.
მაგალითად 7 გრ უჯრედისი დღეში ( 2+5) რეკომენდებულია 2 წლის ასაკის ბავშვისათვის.
უჯრედისით მდიდარი საკვები:
საკვები | უჯრედისის რაოდენობა გრამებში |
ხილი | |
ვაშლი, საშუალო ზომის, კანით | 3.5 |
მსხალი კანით | 4.6 |
ატამი კანით | 2.1 |
ჟოლო 1 ჭიქა | 5.1 |
ბოსტნეული | |
ბროკოლი | 5.0 |
სტაფილო 1 ჭიქა | 4.6 |
ყვავილოვანი კომბოსტო 1 ჭიქა | 2.1 |
ლობიო, მომზადებული 1/2 ჭიქა | 7.4 |
ხორბალი, დაუცეხვავი ფანტელები, მომზადებული 1 ჭიქა | 3.0 |
დაუცეხვავი ხორბლის პური, 1 ნაჭერი | 1.7 |
თუ რაიმე მიზეზით ბავშვი არ არის დეჰიდრატირებული ( გაუწყლოებული), არ არის აუცილებლობა, იმაზე მეტი სითხის მიღება დააძალოთ, ვიდრე მისი ჩვეული მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად არის საჭირო. ცხადია, იმაში დარწმუნება, რომ სითხის საკმარის რაოდენობას იღებს, ღირს. დღიურად საჭირო მინიმალური სითხის რაოდენობა დამოკიდებულია ბავშვის წონაზე:
5 კგ ჩვილი– 500 მლ დღეში
10 კგ ბავშვი– 960 მლ დღეში
15 კგ ბავშვი– 1260 მლ დღეში
20 კგ ბავშვი –1500 მლ დღეში
გასათვალისწინებელია, რომ ძროხის რძე შეიძლება იყოს ყაბზობის მიზეზი, განსაკუთრებით ჩვილებში და მცირე ასაკის ბავშვებში. ამიტომ თუ ყაბზობის დაწყება დროში ემთხვევა მენიუში ძროხის რძის გამოყენებას, სცადეთ 475-700მლ-ს არ აჭარბებდეს რძის რაოდენობა დღეში და შეაფასეთ შედეგი. ცხადია, დარწმუნდით იმაშიც, რომ უჯრედისს საკმარისი რაოდენობით იღებს.
როდის უნდა მივმართოთ ექიმს ?
როგორც უკვე ვთქვით, ყაბზობა არ არის იშვიათი პრობლემა ბავშვთა ასაკში და ხშირად უყურადღებოდ რჩება, ფიქრობენ რა, რომ დროებითი ცვლილებაა და მალე, ბავშვის ზრდასთან ერთად გაივლის. არადა, დროული ჩარევის შემთხვევაში (კვების, ქცევის მოწესრიგება, ზოგჯერ მედიკამენტებიც) შესაძლებელია ისეთი გართულებები ავირიდოთ თავიდან, როგორიცაა: ანალური ნახეთქები, დეფეკაციის გადავადება და განავლის შეუკავებლობა ( ენკოპრეზი). ამიტომ, სასურველია ყურადღების მიღმა არ დარჩეს ყაბზობისთვის დამახასიათებელი შემდეგი სიმტომები:
- იშვიათი ნაწლავთა მოქმედება ( კვირაში ორი ან კიდევ ნაკლები).
- მკვრივი განავალი და მტკივნეული დეფეკაცია.
- მუცლის ტკივილი, მათ შორის სპაზმური, ან გულისრევა.
- სისხლდენა დეფეკაციის შემდეგ ( ხშირად ნახეთქების გამო).
- განავლით დასვრილი საცვალი.
- ცუდი მადა.
- ჭირვეული ქცევა.
და მანევრები: ბავშვი ფეხებს აჯვარედინებს, იგრიხება, უჭერს დუნდულებს. ასეთი ქცევით ის ცდილობს შეიკავოს და გადაავადოს ნაწლავთა მოქმედება.