მეან-გინეკოლოგი თინათინ გაგუა “დედამიცისთან” საუბრობს ორსულთა ანემიაზე და მის გამომწვევ მიზეზებზე.
გვესაუბრეთ ორსულთა ანემიაზე. ხშირად ორსულთათვის თანმხლებ მოვლენად განიხილება ანემია.
ორსულთა ანემია მსოფლიო ჯანდაცვის სისტემის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა. ბოლო მონაცემებით ორსული ქალების 38,2 % უჩივის ამ პრობლემას. ანემიის გამომწვევ მიზეზებს მიეკუთვნება ნუტრიუციული უკმარისობა, ჰემოგლობინოპათიები, ინფექციური და ქრონიკული დაავადებები და იშვიათ შემთხვევებში ავთვისებიანი პროცესები. რაც შეეხება გეოგრაფიულ სხვაობებს, ანემიით დაავადების შემთხვევები ყველაზე ხშირად დაბალი განვითარების ქვეყნებში ფიქსირდება.
რა განაპირობებს ორსულთა ანემიას?
რკინადეფიციტური ანემია – განპირობებულია ორგანიზმში რკინის რაოდენობის შემცირებით, რის შედეგადაც ირღვევა ჰემოგლობინის სინთეზი და მცირდება მისი კონცენტრაცია თითოეულ ერითროციტში. ორსულობის დროს პლაცენტასა და ნაყოფში დიდი რაოდენობით რკინა დეპონირდება, ამიტომ მთელი ორსულობის განმავლობაში გაზრდილია რკინაზე მოთხოვნილება.
განსაკუთრებით რომელ ტრიმესტრში ვითარდება ანემია და რას უნდა მიაქციოს ყურადღება ორსულმა?
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ანემიად განსაზღვრავს ჰემოგლობინის მაჩვენებელს 110g/L-ზე დაბლა ორსულობის ნებისმიერ ტრიმესტრში, ხოლო მშობიარობის შემდგომ პერიოდში 100g/L-ზე ნაკლებს. ორსულობის მეორე ტრიმესტრში ფიზიოლოგიური ცვლილებების გამო (პლაზმის რაოდენობის მატება, ფორმიანი ელემენტების მცირედი რაოდენობით მატება) იწყება დილუციური ანემია რომელიც ცნობილია როგორც „ფიზიოლოგიური ანემია“. შესაბამისად, ჰემოგლობინის მაჩვენებელი <105 g/l ორსულობის მეორე ტრიმესტრში, ფართოდ გამოიყენება სხვადასხვა გაიდლაინებში ანემიის მარკერად.
მოითხოვს თუ არა დროულ ჩარევას და მკურნალობას ანემია?
ორსულობის ვადის ზრდასთან ერთად იზრდება მოთხოვნილება რკინაზე, ხშირად მხოლოდ კვებით შეუძლებელია შევსება და მოითხოვს რკინის პრეპარატის შესაბამისი დოზით მიღებას, რაც თავიდან აგვაცილებს სიმპტომების გამოვლინებას და ასევე ანემიით გამოწვეულ პერინატალურ გართულებებს. ასევე მნიშვნელოვანია პრევენციაც, ეცადეთ ორსულობის დასაწყისში გქონდეთ მაღალი ჰემოგლობინი. რა შეგიძლიათ გააკეთოთ ამისთვის?
- თუ გაქვთ ჭარბი მენსტრუალური სისხლდენა – მიმართეთ ექიმს
- თუ გაქვთ „უცნობი ეტიოლოგიის“ ანემია, დაიწყეთ მისი გამოკვლევა და შემდგომ დაგეგმეთ ორსულობა
- თუ წინა მშობიარობაზე დაფიქსირდა სისხლდენა, მშობიარობის შემდეგ მიიღეთ რკინის პრეპარატი 3-6 თვის განმავლობაში
- ორსულობებს შორის სასურველია დაიცვათ მინიმუმ 18 თვიანი შუალედი
- მიიღეთ რკინის შემცველი საკვები და რაციონში გაზარდეთ C ვიტამინის შემცველობა
- შეამცირეთ ჩაის/ყავის/ალკოჰოლის მოხმარება. ისინი რკინის შეწოვას უშლიან ხელს
რა ფიზიკური მახასიათებლებით ვლინდება ანემია?
ხშირ შემთხვევაში ანემია შესაძლოა საერთო უსიმპტომოდ მიმდინარეობდეს და მხოლოდ შესაბამისი კვლევევით გამოვლინდეს, თუმცა რიგ შემთხვევაში აღინიშნება ზოგადი სისუსტე, თავისი ტკივილი, გულის ფრიალი, სიფერმკრთალე, კიდურების სიცივე, ადვილად დაღლა.
რა გავლენა შეიძლება იქონიოს დედის ანემიურმა მდგომარეობამ ნაყოფზე?
რკინადეციტური ანემია ორსულობის დროს
- ზრდის პრენატალურ რისკს დედისა და ახალშობილისათვის,
- ასეთი დედების ახალშობილები შეიცავენ სამარაგო რკინის ნახევარზე ნაკლებს
- ზრდის ბავშვთა საერთო ავადობას და სიკვდილიანობას
- რკინის დეფიციტის დროს დარღვეულია კუჭ-ნაწლავის ფუნქციები
- იცვლება ჰორმონების პროდუქცია და მეტაბოლიზმი
როგორ უნდა ვუმკურნალოთ ანემიას?
ანემის მკურნალობა დამოკიდებულია ანემიის ტიპსა და სიმძიმეზე. ექიმი შეგირჩევთ შესაბამის მკურნალობას. ასევე მნიშნვნელოვანი კვებითი რეკომენდაციები.
რომელი საკვებია რკინით მდიდარი?
- საქონლის ხორცი
- თევზი
- ისპანახი, ბროკოლი
- ლობიო
- ოსპი
- თხილი და ჩირი
- ყავისფერი ბრინჯი
- შვრია
ასევე C ვიტამინით მდიდარი საკვები ხელს უწყობს რკინის შეწოვას. ასეთ პროდუქტებს მიეკუთვნებიან მარწყვი, ფორთოხალი, კივი.