Skip to content Skip to sidebar Skip to footer

შფოთვა შინაგანი აღელვების არასასიამოვნო განცდაა და ბავშვებში ის სხვადასხვაგვარად ვლინდება. კლინიკურ ფსიქოლოგს და ი.ციციშვილის ბავშვთა თერაპევტს – თინათინ ქართველიშვილს ვთხოვეთ, ესაუბრა ჩვენთან ბავშვებში შფოთვის გამომწვევ მიზეზებზე და იმ ზოგად რეკომენდაციებზე, რომელიც შეიძლება გავითვალისწინოთ მათი დახმარებისას. 

რა არის შფოთვა და როგორ მიმდინარეობს ის ბავშვებში? 

შფოთვა  შინაგანი აღელვების არასასიამოვნო განცდაა, რომელიც ფიზიოლოგიურ, ფსიქოლოგიურ, კოგნიტურ ან ქცევით ასპექტებში შეიძლება გამოიხატოს. შფოთვის მიზეზი, როგორც წესი, არა მხოლოდ გარეგანი ან შინაგანი ფაქტორი, არამედ მათი კავშირი ხდება, რადგან მოვლენათა აღქმა მნიშვნელოვანწილად სწორედ პიროვნული თავისებურებებით არის განპირობებული. 

ხუთ წლამდე ბავშვებში შფოთვითი მდგომარეობის განაზრებაც ზემო აღნიშნულის მსგავსია, მათი განვითარების პროცესში მიმდინარე მოვლენები განაპირობებენ სტრესის, შიშისა და შფოთვის გამომწვევი მიზეზების ჩამოყალიბებას. ბავშვების გარემოსთან, მათ შორის ადამიანებთან და საგნებთან ადაპტირების პროცესი დროშია განფენილი, იგი ეტაპობრივად მიმდინარეობს. შესაბამისად, ამ დროს მნიშვნელოვანია, გარემო ფაქტორების მეტ-ნაკლები ფილტრაცია და მათი სიხშირე-სიძლიერის მონიტორინგი, რადგან უცნობი მოვლენები (ვიზუალური, სმენითი თუ ტაქტილური გამღიზიანებლები) ან ადამიანები 5 წლამდე ასაკის ბავშვისთვის, შესაძლოა, სტრესის და შფოთვის მიზეზი გახდეს, განსაკუთრებით მაშინ, თუ ისინი მაღალი ინტენსივობით და მოულოდნელობით ხასიათდებიან. 

კონკრეტულად რამ შეიძლება გამოიწვიოს ბავშვებში შფოთვა?

მაგალითად, მაღალი ინტენსივობის ხმები, მძიმე ნივთის დავარდნა, ბუშტის გახეთქვა, ჭექა-ქუხილი, ელექტრო ტექნიკა, ძაღლის ყეფა და სხვა ბავშვისთვის ნეგატიური გამღიზიანებლები შეიძლება გახდნენ. ოჯახის ახლობელი, თუმცა ბავშვისთვის უცნობი ადამიანი და მისი მხრიდან აქტიური კონტაქტი, ასევე შეიძლება ბავშვისთვის შფოთვის მიზეზი იყოს. ძლიერი სტრესორია კატის, დათვის, თოვლის ბაბუის ან რაიმე მსგავსი ფორმის მატარებელ ხალხთან ურთიერთობაც, თუ კი ბავშვს თავად არ სურს ეს. 

აღსანიშავია, რომ თუ ბავშვში ერთხელ მაინც გამოიწვია შიში რომელიმე ზემოთ აღნიშნულმა, ეს გამოცდილება ილექება მის ფსიქიკაში და ხშირად უბრალოდ ძაღლის, ბუშტის ან ადამიანის დანახვაზეც კი იწევს შფოთვის დონე, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა არ ყეფდეს ძაღლი ან არ სკდებოდეს ბუშტი. უფრო მეტიც, ბავშვობის დროინდელი ნეგატიური გამოცდილება ზრდასრულობაშიც შეიძლება გამოყვეს ადამიანს და მაგალითად, ყოველ ჯერზე კლოუნის დანახვისას ჩაერთოს განგაშის რეაქცია,  შფოთვა. ნიშანდობლივია ფაქტი, რომ კლოუნების შიში ძალიან გავრცელებულია ადამიანებში.

რა გავლენას ახდენს ციფრული რესურსი შფოთვის ჩამოყალიბებაში?

ბავშვების წვდომა ციფრულ რესურსთან (ტელევიზორი, კომპიუტერი, მობილური და სხვა) ასევე სტრესფაქტორია, მითუმეტეს, რომ რთულია იმ ინფორმაციის მშობლისთვის ფილტრაცია, რომელსაც ბავშვები იღებენ.  პატარა ასაკში ფანტაზია განსაკუთრებით მრავალფეროვანი და აქტიურია მისი წყალობით კი, ანიმაციებსა და სხვადასხვა ზღაპრებში ნანახი ან მოსმენილი ხშირად  რეალობაში გადმოაქვთ, ამიტომ ხშირია რომელიმე სიუჟეტის, მაგ: „ბოროტი კატა“ ოთახში მოეჩვენოთ და ამის გამო შეშინდნენ. საბოლოოდ კი სიბნელის, ოთახში მარტო დარჩენის შიში უყალიბდებათ.

როდის უნდა მივიჩნიოთ ბავშვებთან შფოთვა პრობლემად?

დაახლოებით 8-10 თვის ასაკში ბავშვებმა იციან ობიექტის მუდმივობის შესახებ, ანუ აცნობიერებენ, საგნების არსებობას მათი მხედველობის არეალს მიღმაც და ავლენენ მისადმი ინტერესს (მაგ: სხვა ოთახში დარჩენილი სათამაშოს აღების სურვილი, ოჯახის წევრთან ხელით ჩაჭიდება, რათა არ გავიდეს ოთახიდან). მალევე დაახლოებით 1-დან 4 წლამდე ბავშვებისთვის დამახასიათებელია ოჯახის წევრებთან განშორების შფოთვა. ამგვარი წუხილი სხვადასხვა ინტენსივობით გამოიხატება და იგი ნორმად მიიჩნევა.  ასევე ნორმად შეიძლება მივიჩნიოთ 4 წლის შემდგომ პერიოდში ოჯახის წევრებთან განშორებისას მცირე ინტენსივობის წუხილი და შფოთვა.

თუმცა, თუ ბავშვი დედის გარეშე არსად მიდის, თანატოლებს არ ეთამაშება იმ შემთხვევაში, თუ დედაც მათთან ერთად არ თამაშობს და მისი  ყურადღების არეალიდან დაკარგვის შემთხვევაში ძლიერ ტანტრუმს აწყობს, აუცილებელია სპეციალისტის ჩართვა. 

გარდა აღნიშნული მაგალითისა, ზოგადად შფოთვა პრობლემად უნდა მივიჩნიოთ მაშინ, როდესაც იგი ინტენსიურ ხასიათს იღებს და ბავშვს ხელს უშლის განვითარებასა და მისი ასაკისთვის ნორმად მიჩნეული ქცევების რეალიზებაში.  

როგორ შეიძლება შევამციროთ ბავშვებში შფოთვის დონე, როგორი იქნება ზოგადი რეკომენდაცია?

არ არსებობს ერთი კონკრეტული რეცეპტი, რომელიც ყველა ბავშვის შემთხვევას მოერგება, შესაბამისად, საჭიროა ოჯახმა მიმართოს სპეციალისტს.

თუმცა ზოგადი რეკომენდაციების სახით შეიძლება ითქვას:

  • აუცილებელია, პატივი ვცეთ ბავშვის პიროვნულ ავტონომიურობას და არაფერი დავაძალოთ. ისინი მგრძნობიარედ რეაგირებენ პირადი სივრცის დარღვევაზე, განსაკუთრებით თუ ეს მოულოდნელად ხდება. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, თავად გადაწყვიტონ სხვებთან კომუნიკაციის საზღვრები (მაგ: თუ  ბავშვს არ სურს უცხო პირებთან ჩახუტება, მისვლა, მათი მოფერება  ან რომელიმე ანიმაციური გმირის კოსტიუმში გამოწყობილ პირთან მისვლა არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავაძალოთ.);
  • მიუღებელია, ბავშვისთვის მოულოდნელად მისი უცხო გარემოში დატოვება. აუცილებელია, მისი ინფორმირება წასვლის, დაბრუნების და მიზეზების შესახებ. მაგალითად, ბავშვის ბაღში დატოვება, გამოპარვა და ა.შ. სტრესავს, აშინებს და თავისთავად შფოთვის დონეს უწევს მას. 
  • აუცილებელია, ოჯახის წევრებმა აკონტროლონ ინფორმაცია, რომელსაც ბავშვი მიიღებს, მათ სწორად უნდა შეარჩიონ ვიდეოები, ზღაპრები და ა.შ.
კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5