Skip to content Skip to sidebar Skip to footer

ძილის თანმიმდევრული რეჟიმი ბავშვს უყალიბებს ძილის სწორ ჩვევებს და ეხმარება მთელი ღამით ძილის სწავლაში.

ძილის რუტინა თქვენც გაქვთ. ყოველდღიური ჩვევები, რომლებსაც ძილის წინ ასრულებთ.  მაგალითად, კბილების გამოხეხვა, პირის დაბანა, პიჟამას ჩაცმა და შესაძლოა, წიგნის კითხვაც, სანამ შუქს ჩააქრობთ. ბავშვსაც სჭირდება, რომ მისი ძილისწინა საქმიანობები იყოს თანმიმდევრული და პროგნოზირებადი.

ძილისწინა რუტინა თქვენს შვილს აძლევს იმის ნიშანს, რომ სიმშვიდის და ძილის დრო მოახლოვდა. საუკეთესო რუტინა თანხვედრაშია თქვენს საოჯახო განრიგთან და უნდა ნიშნავდეს გადასვლას დატვირთული დღიდან მშვიდ ღამეში. ეს მომენტები თქვენთან გატარებული დროის ყველაზე მშვიდი და მყუდრო მონაკვეთი უნდა იყოს.

როდის შეგიძლიათ დაიწყოთ ძილისწინა რუტინა?

სამშობიაროდან დაბრუნებისთანავე ნუ მოინდომებთ ამის გაკეთებას. რადგან ამ დროს, ორივეს გჭირდებათ ძალების აღდგენა. ამასთანავე, ის ვერ გრძნობს  დღესა და ღამეს შორის განსხვავებას.

6-8 კვირის შემდეგ, თქვენ შეგიძლიათ სცადოთ ძილისწინა რუტინის დაწყება. ის უნდა იყოს ძალიან მოკლე – მაგალითად, კვება ან ასაკის შესაბამისი წიგნის კითხვა.

რატომ არის მნიშვნელოვანი ძილისწინა რუტინა?

ძილისწინა რუტინა აძლიერებს ბავშვების ბუნებრივ ცირკადულ რიტმებს და ეხმარება მათ დღესა და ღამეს შორის განსხვავების სწავლაში. მოგვიანებით ძილისწინა რუტინა ეხმარება პატარებს დამშვიდდნენ და მენტალურად მოემზადონ ძილისათვის.

ძილისწინა რეგულარული რიტუალები ქმნის კომფორტის შეგრძნებას, რაც შეიძლება განსაკუთრებით სასარგებლო იყოს როდესაც ცდით ძილის პერიოდებს თქვენთვის და თქვენი შვილისათვის, როგორიცაა ძილის ტრეინინგი (რაც შეგიძლიათ სცადოთ 4-6 თვის ასაკიდან) ან როდესაც თქვენი ბავშვი გადის ძილის რეგრესიას.

თანმიმდევრული ძილისწინა რუტინა:

–  ეხმარება ბავშვს დაძინებაში. დამამშვიდებელი ძილისწინა რუტინა ყოველ ღამე აფრთხილებს თქვენს შვილს, რომ დამშვიდებისა და ძილისთვის მზადების დროა, რაც, თავის მხრივ, ეხმარება მას დაძინებაში.

–  ეხმარება ბავშვს მთელი ცხოვრების მანძილზე კარგი ძილის ორგანიზებაში. ძილის რეგრესია, როცა ბავშვებს უჭირთ დაძინება ან ძილი, ნორმალურია პირველ წელს და შემდეგაც. დროული ძილისწინა რუტინა ქმნის კოფორტს, რომელიც დაეხმარება ბავშვს ამ ფაზის დაძლევაში.

–  გეხმარებათ თქვენ დასვენებაში. ძილისწინა რუტინა თქვენს პატარასთან კავშირის მშვენიერი გზაა გრძელი დღის ბოლოს  და ამან შეიძლება საღამო თქვენთვისაც უფრო მშვიდი გახადოს.

ძილი ერთ-ერთი უდიდესი გამოწვევაა თქვენი პატარას პირველ წელს, მაგრამ ბავშვის ძილისწინა რუტინის ადრე ჩამოყალიბება ორივეს დაგეხმარებათ უფრო ღრმად იძინოთ მომდევნო წლებში.

საუკეთესო ძილისწინა რუტინა ბავშვისათვის

არ არსებობს უნივერსალური რუტინა ყველა ბავშისათვის. სცადეთ იყოთ მოქნილი და გამოარკვიოთ, რა არის მისაღები თქვენთვის და თქვენი ბავშისათვის. ქვემოთ – ძილისწინა რუტინის მაგალითი, რომელიც ბევრი ოჯახისთვის არის მისაღები:

– კვება. გაუხეხეთ კბილები (თუ უკვე აქვს) ჭამის შემდეგ. თუ ჭამის დროს ეძინება, აბაზანის წინ გააკეთეთ ეს.

– წიგნები. მოკალათდით მოხერხებულად და წაუკითხეთ საყვარელი წიგნი მშვიდი ხმით.

– ნაზი საბავშვო მასაჟი. კვლევები გვიჩვენებს, რომ ძილისწინა მასაჟი ხელს უწყობს მეტი მელატონინის გამოყოფას, რაც ეხმარება ბავშებს დაძინებაში.

– დამამშვიდებელი აბაზანა. თბილ წყალს ძილის გამომწვევი ძალა აქვს. სცადეთ ლავანდის შემცველი ლოსიონი სრული რელაქსაციისთვის. გაითვალისწინეთ, რომ ამერიკის პედიატრთა ასოციაცია არ გვირჩევს ახალშობილთა და ჩვილების ყოველღამე დაბანას, რადგანაც ამან შეიძლება გამოაშროს მათი ფაქიზი, მგრძნობიარე კანი.

– იავნანები. მშვიდი სიმღერა ან იავნანა ხელს უწყობს დაძინებას.

– თეთრი ხმაური. საშვილოსნო ფრიად ხმაურიანი ადგილია, სწორედ ამიტომ ბევრ ჩვილს ძილისწინა თეთრი ხმაური ამშვიდებს.

– გამოსამშვიდობებელი სიტყვები. ძილის წინ, უთხარით დამამშვიდებელი, მარტივი სიტყვები, როგორიცაა მაგ. „ღამე მშვიდობისა, მიყვარხარ“ და მოეფერეთ ლოყაზე ან აკოცეთ შუბლზე.

რჩევები ძილისწინა რუტინის ჩამოსაყალიბებლად

შეარჩიეთ სწორი დრო

ჩაიწერეთ თქვენი ბავშვის ძილის პატერნები, ყურადღება მიაქციეთ ღამის განმავლობაში ძილის ყველაზე ხანგრძლივ მონაკვეთს. გახსოვდეთ, თქვენ გაგიმართლათ, თუ თქვენს ბავშვს პირველი თვეების განმავლობაში მიყოლებით 5-6 საათს სძინავს. ისწავლეთ თქვენი პატარას ძილის სურვილის ნიშნები, მაგ. თვალების სრესა ან მთქნარება, რათა ბავშვი წაიყვანოთ დასაძინებლად როდესაც ეძინება, მაგრამ არ არის გადაღლილი/

როგორც კი მიახლოებით დაადგენთ, თუ როდის სძინავს თქვენს პატარას ყველაზე ხანგრძლივად ღამის განმავლობაში, დაგეგმეთ ძილისწინა რუტინა 30-45 წუთით ადრე მისი ბუნებრივი დაძინების დრომდე. მაგ. თუ ყველაზე ხანგრძლივად საღამოს 8-დან ღამის 1-მდე სძინავს, დაიწყეთ რუტინა საღამოს 7:15 ან 7:30.

დააწვინეთ ბავშვი დასაძინებლად ერთსა და იმავე ადგილას

ბავშვების უმეტესობას ეტლში ან მანქანაში სავარძელში ეძინება ხოლმე. ეცადეთ, დააწვინოთ ბავშვი მის საწოლში დაახლოებით ერთსა და იმავე დროს, დღის დროსაც კი და დაიწყეთ ეს, როცა ის რამდენიმე თვის იქნება. ეს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ძილის ხარისხისათვის, არამედ ჩვილის უეცარი სიკვდილის სინდომის, SIDS-ის რისკის შემცირებისთვისაც.

ნუ დაგეგმავთ გასეირნებას ბავშვის დღის ძილის დროს. და თუ პატარას ეტლში, მანქანის ჩასაჯდომში ან სარწეველაში ჩაეძინა, გადაიყვანეთ თავის საწოლში შეძლებისდაგვარად სწრაფად.

შექმენით სწორი ატმოსფერო

ჩაუწიეთ შუქს, ჩამოუშვით შტორები ან ფარდები, გამორთეთ ტელევიზორი და გადადეთ გვერდზე თქვენი ტელეფონი, რათა შექმნათ მშვიდი ატმოსფერო.

ძილისწინა რუტინის ბოლოს, დააწვინეთ ბავშვი როცა ჯერ კიდევ ძილმორეულია, მაგრამ ჯერ არ სძინავს. ასე ის შეეჩვევა, დაიძინოს თვითონ და არა თქვენს ხელებში.

მართალია, ეს შეიძლება არ მოქმედებდეს ყველა ბავშვთან, მაგრამ ცდა ღირს. თუ რამდენჯერმე არ გაამართლა, არ დანებდეთ! თქვენ დაჯილდოვდებით, როდესაც თქვენი პატარა დამოუკიდებლად დაიძინებს.

მოარგეთ საჭიროებებს

თავდაპირველად თქვენი ბავშის ძილისწინა რუტინა შეიძლება შეიცავდეს ჩახუტებასა და იავნანას, შემდეგ კი ძილისწინა ამბავს, ვიდრე ბავშვს თავის საწოლში ჩააწვენდეთ.

გახსოვდეთ, რომ როცა თქვენი ბავშვი იზრდება, მისი საჭიროებებიც შეიცვლება, ასე რომ ეცადეთ იყოთ მოქნილი და მოერგოთ საჭიროებებს.

იყავით თანმიმდევრული

რეგულარულობა დამამშვიდებელი ძილისწინა რუტინის არსებითი ინგრედიენტია. თანმიმდევრულობა ქმნის კომფორტს, რაც დაგეხმარებათ პატარას დაძინებაში.

შექმენით დღის ძილის რუტინა

ღამის ძილის რუტინის დღის ძილზე ადაპტირება ეხმარება ბავშის ძილის ნიშნების გაძლიერებას, რაც წაახალისებს ძილის სამყაროში გადასვლას.

დღის ძილი ღამის ძილზე მოკლეა, ასეთივე შეიძლება იყოს თქვენი რუტინაც. ისარგებლეთ ძილის ასოციაციებით, რომლებიც იცის თქვენმა პატარამ – ეს იქნება ამბავი თუ სიმღერა – და ჩართეთ ის მის დღის ძილის  რუტინაში.

წყარო: www.whattoexpect.com

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5