Skip to content Skip to sidebar Skip to footer

“დედამ იცის” ესაუბრება ბავშვთა ნევროლოგი თამარ გაჩეჩილაძე. 

რა ასაკში უნდა შეფასდეს ბავშვი ნევროლოგის მიერ?

ჩვეულებრივ, რუტინულად და გეგმიურად ბავშვთა ნევროლოგის მიერ ბავშვის გასინჯვა და შეფასება საჭირო არ არის. ბავშვთა ნევროლოგს უნდა მიმართოთ, როდესაც საეჭვოა სხვადასხვა ნევროლოგიური დარღვევისა თუ დაავადების არსებობა. 

რა არის ის სიმპტომები, რომელზე დაკვირვებითაც მშობელმა უნდა მიმართოს ნევროლოგს

განვითარების შეფერხება, ქცევის დარღვევა, თავის ტკივილი, გულყრა (კრუნჩხვა) და ეპილეფსია, კუნთების სისუსტე, მოძრაობითი დარღვევები, ცერებრული დამბლა – ეს იმ სიმპტომების მცირე ჩამონათვალია, რომელიც შეიძლება იყოს სხვადასხვა ნევროლოგიური დაავადების გამოვლინება და მათი არსებობის შემთხვევაში უნდა მიმართოთ ბავშვთა ნევროლოგს. 

ნეიროგანვითარების რა დაავადებები არსებობს ბავშვთა ასაკში

ნეიროგანვითარების დარღვევის მაგალითებია: აუტიზმი, ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიურობის სინდრომი, ინტელექტუალური განვითარების შეფერხება (რომელსაც ადრე ეწოდებოდა გონებრივი ჩამორჩენა და დღეისათვის ეს ტერმინი აღარ გამოიყენება), ქცევითი დარღვევები, სწავლის გაძნელება და ა.შ. ასეთ ბავშვებს შეიძლება ჰქონდეთ მეტყველების, მეხსიერების, მოძრაობის, ქცევის პრობლემები. 

რამდენად მნიშვნელოვანია ადრე გამოვლინდეს ნეიროგანვითარების შეფერხება?  

ნეიროგანვითარების შეფერხების მიზეზის დადგენა და შესაბამისად, მისი განკურნება ხშირად ვერ ხერხდება. ზოგი მათგანი ბავშვის ზრდასთან ერთად შეიძლება მოგვარდეს, თუმცა ზოგიერთი მათგანი მუდმივი ხასიათისაა და ხშირად განპირობებულია ისეთი მიზეზებით, რომელთა დროული აღმოჩენა და დროული ჩარევა თავიდან აგვარიდებს პრობლემის გაღრმავებას და მდგომარეობის გაუარესებას.  ამიტომ მშობლებს ვურჩევ, რომ ჩივილების გაჩენისთანავე მიმართონ სპეციალისტს. 

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5