პედიატრი ანა მაღრაძე გვიყვება მზით გამოწვეული გადახურების შემთხვევებზე ბავშვებში და გვთავაზობს რამდენიმე რჩევას.
როგორ ვითარდება მზის დაკვრა და რამდენად საშიში მდგომარეობაა ადამიანისთვის?
მზის დაკვრა ვითარდება ორგანიზმის გადახურების დროს, რომელიც შეიძლება რამდენიმე მიზეზიდან გამომდინარეობდეს: ორგანიზმის გადახურება გარემო ფაქტორების – მზის სხივების ზემოქმედების შედეგად ანუ არაძალისმიერი, კლასიკური მზის დარტყმა – თუ ადამიანი მზეზე დაყოფს დიდ დროს და ძალისმიერი ანუ ფიზიკური დატვირთვით გამოწვეული მზის დარტყმა, გარემოს მაღალი ტემპერატურის და ტენიანობის დროს – ამ დროსაც მექანიზმი იგივეა, ხდება სხეულის ტემპერატურის მატება, ორგანიზმის გადახურება, რასაც მოსდევს შინაგანი ორგანოების და თავის ტვინის ფუნქციის მოშლა და ხშირად სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობას წარმოადგენს.
რამდენად ხშირია მცირე ასაკის ბავშვებში მზისგან მიღებული გადახურება?
ბავშვებში ყველაზე ხშირია ორგანიზმის გადახურება ზედმეტი ტანსაცმლის ჩაცმით – ეს ხელს უშლის ოფლის მარტივად აორთქლებას და ორგანიზმის გაგრილებას – ვინაიდან მცირე ასაკის ბავშვებში (მით უფრო პირველ თვეებში) თერმორეგულაცია სრულყოფილად ჩამოყალიბებული არ არის, შესაბამისად ბავშვის სხეულის ტემპერატურა დამოკიდებულია გარემოს ტემპერატურაზე და ჩაცმული ტანსაცმლის რაოდენობაზე… ასევე, გარემოს მაღალი ტემპერატურის პირობებში ბავშვებში ხშირად ვითარდება გაუწყლოება. იგი ვითარდება ოფლიანობით დაკარგული სითხის არასაკმარისი შევსების შედეგად.
რა არის მზის დარტყმის ნიშნები?
- სხეულის ტემპერატურის მატება > 40 გრადუსზე მაღალი ტემპერატურა მზის დარტყმის ნიშანია.
- შეცვლილი ცნობიერება ან ქცევა, შეიძლება განვითარდეს აღგზნებადობა, ბგერების ჩაყლაპვა, მარტივად გაღიზიანება, გულყრები და კომა.
- ოფლიანობის ცვლილება, გულისრევა – ღებინება, გაწითლებული კანი, სუნთქვის გახშირება, ტაქიკარდია, ძლიერი თავის ტკივილი.
- მაღალი ტემპერატურის გამო განვითარებული მზის დარტყმის დროს, კანი არის მშრალი და ცხელი. ძლიერი ფიზიკური დატვირთვის დროს განვითარებული მზის დარტყმის დროს კანი შეიძლება სველი იყოს.
როგორ დაეხმაროს მშობელი ბავშვს მსგავსი სიმპტომების აღმოჩენის შემდეგ?
- თუ გგონიათ, რომ ბავშვს აქვს მზის დარტყმა, დაუყოვნებლივ დარეკეთ სასწრაფოში (T:112).
- სანამ სასწრაფოს ელოდებით, მიიღეთ შემდეგი ზომები:
- გადაიყვანეთ ბავშვი გრილ ადგილას – ჩრდილში ან დახურულ შენობაში.
- გახადეთ ზედმეტი ტანსაცმელი.
- გააგრილეთ ნებისმიერი ხელმისაწვდომი გზით. მაგალითისთვის ცივ აბაზანაში ჩასმა ან ცივი შხაპის მიღებია, ცივი წყლის ღრუბლით გადასმა, დანიავება და ცივი წყლის შესხმა, სველი პირსახოცის დადება თავზე, კისერზე, იღლიებში და საზარდულში.
- აუცილებლად მიაწოდეთ სითხე (წყლის სახით), ასევე შეგიძლიათ ელექტროლიტების მიწოდება , თუ ბავშვს შეუძლია დალიოს სითხე.
- ვინაიდან მზის დარტყმა წარმოადგენს სიცოცხლის საშიშ მდგომარეობას, აუცილებელია მიმართოთ ექიმს ან გამოიძახოთ სსდ – ბრიგადა.