როგორ ვლინდება საფენის დერმატიტი ბავშვებში და როგორ უნდა მოვუაროთ ბავშვის კანს საფენის დერმატიტის არსებობის შემთხვევაში? – გვესაუბრება პედიატრი, მედიცინის დოქტორი დავით ჩახუნაშვილი.
საფენის დერმატიტი უხშირესად ვლინდება სიწითლით და გამონაყარით, რომელიც ჩნდება იმ ადგილებში, სადაც საფენი ეხება ბავშვის სხეულს. ასეთ ადგილებს ძირითადად წარმოადგენს დუნდულები, საზარდული, გენიტალური მიდამო, ბარძაყის შიდა ზედაპირების პროქსიმალური მიდამოები. საფენის მიდამოში აღმოჩენილი დერმატიტის შემთხვევების უმეტესობა არის კონტაქტური დერმატიტის შედეგი, თუმცა დიფერენციალური დიაგნოზის გატარება აუცილებელია სებორეულ დერმატიტთან, ფსორიაზთან, ატოპიურ დერმატიტთან, მუნთან, სიფილისთან, ვიტამინების ნაკლებობასთან და ა.შ.
როდის ვითარდება საფენის დერმატიტი?
საფენის დერმატიტი ვითარდება მაშინ, როდესაც ხდება შარდის და განავლის ნარჩენებთან გახანგრძლივებული კონტაქტი კანთან, ადგილობრივად მომატებულია ტენიანობა და pH, ან ვერ ხერხდება ბაზისური ჰიგიენური წესების დაცვა. არსებული ფაქტორების ერთობლიობით ღიზიანდება კანის ზედაპირი, ირღვევა მისი ბარიერული ფუნქცია და საფენის მიდამოში ჩნდება სიწითლე და გამონაყარი.
როგორ უნდა მოვუაროთ კანს საფენის დერმატიტის არსებობის შემთხვევაში?
ამ დროს აუცილებელია თბილი წყლით კანის დაბანა და საფენის ხშირი ცვლა. სასურველია, ბავშვი დღეში რამდენიმე საათით მაინც იყოს საფენის გარეშე, რათა კანს ჰაერი პირდაპირ მოხვდეს. სველი ხელსახოცების გამოყენების შემთხვევაში უნდა დავრწმუნდეთ, რომ ისინი უსუნოა და არ შეიცავს სპირტს. განავლოვანი მასების მოსაშორებლად შეიძლება მინერალური ზეთის გამოყენებაც. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ საფენის ყიდვისას, მშობელმა უნდა აარჩიოს ისეთი საფენი, რომელიც კარგად იწოვს სისველეს. მსუბუქი და საშუალო ფორმის დერმატიტის შემთხვევაში შესაძლებელია თუთიის, ან პარაფინის შემცველი ბარიერული კრემების და ლოსიონების გამოყენება ყოველი საფენის გამოცვლის შემდეგ. მწვავე ფორმების შემთხვევაში, ექიმის მიერ შესაძლოა დაინიშნოს დაბალი აქტივობის ადგილობრივი კორტიკოსტეროიდიც რამდენიმე დღის განმავლობაში. თუ ზემოთ ჩამოთვლილი მკურნალობის მეთოდები არ გვაძლევს არანაირ შედეგს, სასურველია დერმატოლოგთან კონსულტაცია.
რა გართულებებს შეიძლება გადავაწყდეთ საფენის დერმატიტის არსებობის დროს?
თუ საფენის დერმატიტის არსებობის შემთხვევაში დაგვიანდა მკურნალობა, შესაძლოა საფენის მიდამოში არსებული დერმატიტის მეორადი ინფიცირება მოხდეს ვირუსებით, ბაქტერიებით, ან სოკოებით. ამ შემთხვევაში უკვე საჭირო ხდება პედიატრის ან დერმატოლოგის მიერ სხვადასხვა დამატებითი მედიკამენტების დანიშვნა.