ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია რეკომენდაციას უწევს ძუძუთი კვებას 6 თვემდე ექსკლუზიურად, წლამდე დამატებით კვებასთან ერთად და 2+ წლამდე დედისა და შვილის სურვილის გათვალისწინებით. ზოგიერთი ბავშვი თავად ამბობს ძუძუზე უარს, მაგრამ ხშირად ამ პროცესის ინიციატორი დედაა. ამ დროს პატარები ირძვიან დედის რბილი ძუძუს დასაბრუნებლად და ზოგჯერ შეიძლება გლოვობდნენ კიდეც მის დაკარგვას.
თუ გადაწყვეტთ ძუძუთი კვების დასრულებას, თქვენთვისაც და ბავშვისთვისაც უმჯობესია ეს თანდათან გააკეთოთ. თუ მოულოდნელად შეწყვეტთ ლაქტაციას, შესაძლოა ძუძუს პრობლემები შეგექმნათ. რძის გაშრობის უმტკივნეულო მეთოდზე წაიკითხეთ ჩვენს სტატიაში https://dedamicis.ge/rogor-gavishrot-rdze-interviu-laqtaciis-specialisttan/
როგორ გადავაჩვიოთ ბავშვი ძუძუთი კვებას წლამდე ასაკში?
დაიწყეთ მისთვის ყველაზე ნაკლებად საყვარელი კვებით. თუ ბავშვი უარს იტყვის თქვენი ხელიდან დალიოს ბოთლით, სცადეთ დაალევინოს მამამ ან სხვა ნაცნობმა ადამიანმა, თქვენ კი სახლიდან გადით, რათა თქვენი რძის სუნი არ მიუვიდეს და დალიოს ბოთლიდან გამოწველილი რძე ან ხელოვნური ნარევი. მიეცით ბავშვს რამოდენიმე დღე (კვირაც), თითო კვების ჩასანაცვლებლად. თუ რძის მოწოლას იგრძნობთ, გამოიწველეთ იმდენი, რომ ძუძუ დარბილდეს. ბოლომდე გამოწველა საჭირო არ არის, რადგან ამ დროს თქვენმა ორგანიზმმა უნდა იგრძნოს, რომ ნაკლები რძეა საჭირო.
როგორ გადავაჩვიოთ ძუძუთი კვებას 1 წელზე უფროსი ასაკის ბავშვი?
არ არსებობს კონკრეტული ასაკი ძუძუთი კვების შესაწყვეტად. თქვენ შეგიძლიათ განაგრძოთ ძუძუთი კვება, სანამ ეს თქვენთვის და ბავშვისთვის სასიამოვნო იქნება. დედის რძე ნებისმიერ ასაკში სასარგებლოა და ბევრი დედა ელოდება, რომ თავად ბავშვმა გადაწყვიტოს მასზე უარის თქმა.
დედების უმეტესობა ბავშვის ზრდასთან ერთად იწყებს ძუძუთი კვების შეზღუდვებს. ზოგჯერ, ახლად ფეხადგმული ბავშვის მეძუძური დედა იმედგაცრუებულია მშობლობის სხვა გამოწვევებით და ფიქრობს, რომ ძუძუთი კვება იწვევს სირთულეს. სინამდვილეში კი, „პრობლემა“ შეიძლება იყოს ბავშვის განვითარების ეტაპის შედეგი. ამიტომ მნიშვნელოვანია იცოდეთ ბავშვის ტიპური ქცევების და საჭიროებების შესახებ.
შეგიძლიათ დღისით დაუტოვოთ კვება და ღამით ამოუგდოთ, ან პირიქით. მთავარია, რომ არ გქონდეთ მიდგომა „ან ყველაფერი ან არაფერი“.
ქვემოთ ჩამოთვლილი რჩევები გამოგადგებათ დღისით
- თქვენ არ შესთავაზოთ ძუძუ და აწოვეთ მაშინ, როცა მოითხოვს.
- შეცვალეთ ყოველდღიური რეჟიმი. თუ კონკრეტულ სავარაძელში აჭმევდით, ეცადეთ დროებით იქ აღარ დაჯდეთ, რომ არ გაახსენდეს. მეტი დრო გაატარეთ ღია ცის ქვეშ.
- თუ შესაძლებელია, მიიღეთ დახმარება ოჯახის სხვა წევრებისგან. შეეცადეთ გაიღვიძოთ ბავშვზე ადრე და თქვენმა პარტნიორმა ან ახლობელმა ადამიანმა იზრუნოს დილით მასზე.
- შეეცადეთ შესთავაზოთ წასახემსებელი ან სასმელი ძუძუთი კვების ნაცვლად.
- წაიყვანეთ იგი საყვარელ ადგილას ან გამოიყენეთ ყურადღების გადამტანი სხვა საშუალებები, მაგალითად კითხვა, ველოსიპედი, მეგობრებთან გართობა, ახალი სათამაშო, სიმღერა ან ცეკვა.
- შეამცირეთ ძუძუთი კვების ხანგრძლივობა. უთხარით, რომ შეუძლია წოვოს, სანამ თქვენ დაასრულებთ საყვარელი სიმღერის შესრულებას, ან 20-მდე დათვლას. თუმცა, თუ მას არ ესმის ლოდინის ან დროის ცნება, ეს მეთოდი შეიძლება არ გამოგადგეთ.
- ზოგიერთი დედა ირჩევს დღეს, როცა ბოლო კვებაზეც უარს იტყვის და ბავშვს წინასწარი შეთანხმებით უწყობს „ძუძუსთან გამომშვიდობების წვეულებას“ ახლობელ ადამიანებთან ერთად. შესაძლებელია, ბავშვს წინასწარ აირჩიოს სათამაშო, რომელსაც მიიღებს ამ წვეულებაზე.
ქვემოთ ჩამოთვლილი რჩევები გამოგადგებათ ღამის და დღის ძილის დროს
- შეუქმენით ძილისწინა რუტინა, რომელშიც არ შედის ძუძუთი კვება. მაგალითად, წიგნის კითხვა, დამამშვიდებელი მუსიკის მოსმენა, თბილი აბაზანა, მსუბუქი მასაჟი…
- საშუალება მიეცით ოჯახის წევრებს, დააძინონ ბავშვი მისთვის ჩვეული ძილისწინა რუტინით.
- შესთავაზეთ ძუძუზე თავის მიყრდნობა წოვის ნაცვლად. ასევე, ჩახუტება, სიმღერა, თქვენთან ახლოს ყოფნა.
- დარწმუნდით, რომ დღის განმავლობაში იღებს მისთვის აუცილებელ კალორიებს და არ არის მშიერი ძილის დროს. შესთავაზეთ წყალი.
თუ ბავშვი არ არის მზად ძუძუთი კვების შესაწყვეტად…
თუ ძუძუთი კვების გადაჩვევის პროცესი ბავშვისთვის ძალიან სწრაფად მიდის, ის ამას შეგატყობინებთ მისი ქცევით, იქნება ეს ტირილი, განშორების ახალი შფოთვა, ღამით ხშირი გაღვიძება თუ მუდმივად თქვენთან ყოფნის სურვილი. ავადმყოფობამ და კბილების ამოჭრამაც შეიძლება ცუდად იმოქმედოს ამ პროცესზე და საჭირო გახდეს შესვენება. ცხადია, ზემოთ ჩამოთვლილი მეთოდები არ იმუშავებს, თუ ბავშვი ძალიან განიცდის ძუძუსგან ჩამოშორებას. დაფიქრდით, იქნებ არასწორი დრო შეარჩიეთ? თუ ეს ასეა, გადადეთ შემდეგი თვისთვის.
ზოგიერთი ახლად ფეხადგმული ბავშვი ამ პერიოდში დედასთან მეტი სიახლოვის სურვილს გამოხატავს. ამიტომ, აგრძნობინეთ და უთხარით მას, რომ კვლავინდებურად გიყვართ ის, ზრუნავთ მასზე, მოუმზადებთ გემრიელ საჭმლებს და ძუძუთი კვების გარეშეც მშვენიერ დროს გაატარებთ ერთად.
რა თქმა უნდა, ძუძუთი კვების შეწყვეტა რთულია დედისთვისაც. თქვენც შეიძლება გქონდეთ განშორების შფოთვა, სევდისა და სასოწარკვეთილების შეგრძნება. ეცადეთ, ამ დროს არ დარჩეთ მარტო. ითხოვეთ პარტნიორისა და ოჯახის წევრების დახმარება, იპოვეთ მხარდაჭერა დედების ჯგუფებში და თუ ეს არ გშველით, დაფიქრდით ფსიქოთერაპევტთან კონსულტაციაზე.
წყარო: www.llli.org