ჯანსაღი კვების ჩვევების ჩამოყალიბებაზე ბავშვებში “დედამიცისს” ესაუბრება პედიატრი ნინო ვარდოსანიძე.
რამდენად მნიშვნელოვანია კვების რეჟიმის დაცვა ბავშვებისთვის, იმისათვის რომ სწორი ჩვევები ჩამოუყალიბდეთ?
კვების რეჟიმის დაცვა მადის რეგულაციისთვის აუცილებელი კომპონენტია. რა თქმა უნდა, წლამდე ასაკის ბავშვების კვება განსხვავებულია, როგორც რეჟიმით, ისე საკვები რაციონით. ექსკლუზიურად (მხოლოდ) ძუძუთი კვებაზე მყოფი ბავშვები შესაძლებელია ვკვებოთ მოთხოვნის მიხედვით, ანუ რამდენჯერაც მოითხოვენ, ვინაიდან ახალშობილებს დღე-ღამეში საშუალოდ 18-20 სთ სძინავთ, სასურველია პერიოდულად შევაღვიძოთ და თავად შევთავაზოთ ძუძუ, საშუალოდ 3 სთ-ში ერთხელ, ღამე კი შუალედი არ უნდა იყოს 6 სთ-ზე მეტი. ძუძუს წოვის ხანგრძლივობა ერთ კვებაზე უნდა იყოს მინიმუმ 30 წთ, აუცილებელია რომ დაიცალოს ჯერ ერთი ძუძუ და მხოლოდ ამის შემდეგ გადავიდეთ მეორე ძუძუზე, რათა ბავშვმა მიიღოს, როგორც წინა – ცილებით მდიდარი, ისე უკანა – ცხიმით მდიდარი რძე.
როგორ ვიქცევით, თუ ბავშვი ხელოვნურ კვებაზეა?
რაც შეეხება ფორმულით კვებას, სასურველია დავიცვათ კვებებს შორის ინტერვალი – 3 სთ, ზოგიერთ ლიტერატურაში შეხვდებით, რომ ხელოვნურ კვებაზე მყოფი ბავშვებიც უნდა ვკვებოთ მოთხოვნის მიხედვით, მაგრამ ვინაიდან ფორმულა დედის რძესთან შედარებით რთულად მოსანელებელია, სასურველია რეჟიმის დაცვა.
0-2 თვემდე ასაკში დღე-ღამეში საშუალოდ 7-ჯერ კვება
2-6 თვემდე ასაკში დღე-ღამეში საშუალოდ 6-ჯერ კვება
7 თვიდან დღე-ღამეში საშუალოდ 5-ჯერ.
როგორი უნდა იყოს წინასასკოლო ასაკის ბავშვების და სკოლის ასაკის ბავშვთა კვება?
ახლად ფეხადგმული და წინასასკოლო ასაკის ბავშვები სასურველია ვკვებოთ დღეში 3-ჯერ + 3 წახემსება (იოგურტი, ყველი, ხილის ასორტი და ა.შ.)
სკოლის ასაკის ბავშვები 3-ჯერ + 1-2 წახემსება.
თინეიჯერები 3-ჯერ + 1 წახემსება.
როდესაც ბავშვი იკვებება რეჟიმის მიხედვით, ეს საშუალებას გვაძლევს თავიდან ავიცილოთ როგორც შიმშილი, ისე ზედმეტი საკვების მიღება.
კვებებს შორის შუალედებში რამდენად არის სასურველი ჯანსაღი ხემსის მიწოდება? ხომ არ გამოიწვევს ეს მადის დაკარგვას?
კვების გამოტოვება და სადილზე უარი ძალიან ხშირია წინასასკოლო და სკოლის ასაკის ბავშვებში, რაც, როგორც წესი მშობლების ღელვას იწვევს, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ მადის ფორმირება დინამიური პროცესია, გარკვეულ პერიოდებში ფიზიოლოგიურად შესაძლებელია მადა დაქვეითებული ან მომატებული იყოს ბავშვში, რაც არის ნორმის ვარიანტი, ასე რომ ნორმალურია ხანდახან ბავშვმა კვება გამოტოვოს. თუ ამ ქმედებას მუდმივი ხასიათი აქვს, მაშინ საჭიროებს დაკვირვებას, ხომ არ ამბობს ბავშვი კონკრეტულ საკვებ კომპონენტზე უარს ან ხომ არ გვაქვს საქმე სხვა პრობლემასთან.
რამ შეიძლება გამოიწვიოს კვების გამოტოვება?
ჭარბი დაღლა, როდესაც წახემსება კვებასთან ახლოს არის (სასურველია შუალედი 1,5-2სთ), როდესაც საკვები მისთვის მოსაწყენია და წასახემსებელი პროდუქტები სასურველი (ამ დროს სასურველია ვიზრუნოთ იმაზე, რომ სადილი, ვახშამი, საუზმე გახდეს ბავშვისთვის უფრო მიმზიდველი), როდესაც მშობელი ითვლის ბავშვის მიერ მიღებული საკვების ოდენობას, ეს ბავშვის დაძაბულობას იწვევს.
როგორ გავხადოთ ბავშვისთვის კვება უფრო სასიამოვნო?
ამის მიღწევის სხვადასხვა გზა არსებობს. მაგ: შეგვიძლია მივცეთ ლიმიტირებული არჩევანი, შევთავაზოთ რამდენიმე საკვები პროდუქტი, რომელთაგანაც აარჩევს სასურველს და სადილიც მომზადდება მისი არჩეული ინგრედიენტებით. ასევე, სასურველია ბავშვი ჩავრთოთ საკვების კეთების პროცესში, თუ რა თქმა უნდა, მას ამის სურვილი აქვს. მოაწყვეთ სოციალური სადილი და რამდენიმე მეგობართან ერთად ასადილეთ.
რა საკვებს უნდა იღებდეს ბავშვი ყოველდღიურად?
საკვები რაციონის მრავალფეროვნების კონტროლისთვის მოწოდებულია ჯანსაღი თეფშის მაგალითი, ანუ რა უნდა იდოს თეფშზე იმისთვის, რომ ბავშვმა მიიღოს საკმარისი და მრავალფეროვანი მიკრო და მაკრონუტრიენტები. ყველაზე მეტი უნდა იყოს ბოსტნეული (სხვადასხვა), დაახლოებით ერთი რაოდენობით მარცვლეული (მაგ: ბრინჯი, პასტა) და ცილით მდიდარი საკვები (მაგ: ხორცი, თევზი, ყველი, თხილი), შემდეგ ადგილზეა ხილი (სხვადასხვა ფერის), აუცილებელია წყალი და ჯანსაღი ზეთი (კანოლა ან ზეითუნის).
დღეს სამწუხაროდ ძალიან ბევრი ბავშვი და მოზრდილი ადამიანი ებრძვის მალნუტრიციის პრობლემას.
მალნუტრიცია – შეუსაბამო ოდენობის მიკრო და მაკრონუტრიენტების მიღებას ეწოდება, რაც შეიძლება იყოს როგორც მცირე რაოდენობით მიღება, რომლის გამოსავალიც ზრდაში შეფერხებაა და წონის დეფიციტი, ასევე ძალიან დიდი ოდენობით საკვების მიღება, რომლის გამოსავალიც სიმსუქნე ან ჭარბი წონაა.
ასე რომ, აუცილებელია, მრავალფეროვანი საკვები რაციონის მიღება კვების რეჟიმთან ერთად, რაც ბავშვის ნორმალური ზრდა-განვითარებისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია.