Skip to content Skip to sidebar Skip to footer

ზამთარში მშრალი, ცივი ჰაერი ტენიანობას ძნელად უნარჩუნებს კანს. სწორედ ამიტომ, მრავალი ადამიანი ამჩნევს, რომ კანი წელიწადის ამ დროს უფრო უშრება.

ჩვილებს უფრო მგრძნობიარე კანი შეიძლება ჰქონდეთ, ვიდრე მოზრდილებს. ამან შესაძლოა ისინი უფრო მეტად გახადოს ტენიანობის დაკარგვისკენ მიდრეკილი, რაც ნიშნავს, რომ მათი კანი შეიძლება უფრო სწრაფად გამოშრეს.

ქვემოთ ჩამოთვლილია რა შეიძლება დაემართოს ჩვილის კანს ზამთარში.

დახეთქილი ტუჩები

მშრალი ტუჩები ჩვილების საერთო პრობლემაა, განსაკუთრებით თუ ისინი ბევრს დორბლიანობენ. როდესაც მათი ტუჩები და ტუჩების ირგვლივ კანი მუდმივად სველდება ნერწყვისგან, კანის ზედა ფენა შეიძლება გაღიზიანდეს. ეს ამ უბნის დახეთქვის ალბათობას ზრდის.

გამოიყენეთ ნაზი ტუჩსაცხი თქვენი ბავშვისთვის უსაფრთხო ინგრედიენტებით. თუ ძუძუთი კვებავთ, შეგიძლიათ წაუსვათ დედის რძე. ლანოლინი ასევე უსაფრთხოა ჩვილისთვის.

ვარდისფერი ან წითელი ლოყები

მშვენიერ ბავშვურ ლოყებს ადვილად შეუძლიათ გაღიზიანება და თურაშაული ვაშლივით აღაჟღაჟება ცივი ჰაერის ზემოქმედებით, განსაკუთრებით ქარიან დღეს. დაუტენიანეთ გარეთ გასვლამდე და შემდეგ. ასევე, შეგიძლიათ უამინდობის კრემის გამოყენება.

მშრალი კანი, ქავილი

ზამთრის მშრალმა ჰაერმა შეიძლება გამოიწვიოს ბავშვის კანის გამოშრობა. მშრალი კანი, თავის მხრივ, იწვევს ქავილს. გაღიზიანებული ადგილები წითლდება და იქერცლება.

თუ თქვენს ბავშვს უკვე აქვს მშრალი კანი ან კანის მდგომარეობა, როგორიცაა ატოპიური დერმატიტი, თქვენ უნდა მიიღოთ ზომები, რომ დაიცვათ იგი ცივ ამინდში. ნუ მოგერიდებათ რჩევის მიღება თქვენი ბავშვის ექიმისგან ამის შესახებ.

რომელ პროდუქტებს უნდა აარიდოთ თავი?

უპირატესობა მიანიჭეთ უსუნო და უალკოჰოლო დამატენიანებლებს. ეს ინგრედიენტები ხელს უწყობს კანის გამშრობას.  

ლოსიონები კარგია ყოველდღიურ დამატენიანებლად, საჭიროების შემთხვევაში, მაგრამ ჩვილებს შეიძლება არ სჭირდებოდეთ ყოველდღიურად დამატენიანებელი კრემი. კრემები ან მალამოები უფრო სქელია, ვიდრე ლოსიონები და შეიძლება გამოდგეს ძალიან მშრალი კანის შემთხვევაში.

მზისგან დამცავი კრემი

ბევრი ფიქრობს, რომ მზისგან დამცავი კრემი მხოლოდ ზაფხულში არის საჭირო. მიუხედავად იმისა, რომ ზამთრის მზე არც ისე ძლიერია, თოვლმა შეიძლება აირეკლოს UV სხივები და გამოიწვიოს მზის დამწვრობა.

6 თვემდე ჩვილებისთვის არაა რეკომენდებული მზისგან დამცავი კრემი.  ამ ასაკობრივი ჯგუფისთვის შეზღუდეთ მზეზე გატარებული დრო, როდესაც UV დონე ყველაზე მაღალია ან გამოიყენეთ UV საფარი ეტლის ან მანქანის სავარძელზე.

6 თვეზე მეტი ასაკის ჩვილების მზისგან დამცავი უნდა შეიცავდეს SPF 30 ან მეტს, მაგრამ მზეზე გატარებული დრო მაინც უნდა შეიზღუდოს.

მკურნალობა

დატენიანება. გამოიყენეთ მცირე რაოდენობით კრემები ან მალამოები, თუ თქვენი ბავშვი მიდრეკილია კანის სიმშრალისკენ. შეგიძლიათ გამოიყენოთ იგი დაუცველ ადგილებში, გარეთ გასვლამდე და მის შემდეგ.

შეზღუდეთ აბაზანის დრო. მიუხედავად იმისა, რომ აბაზანა შეიძლება ძილისწინა რუტინის კარგი ნაწილი იყოს, ჩვილების დაბანა ყოველდღე არ არის საჭირო. წყლის, განსაკუთრებით ცხელი წყლის ზემოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს მათი კანის ტენიანობის დაკარგვა.

აბაზანის შემდეგ დატენიანება. კიდევ ერთი კარგი დრო დასატენიანებლად არის ბანაობის შემდგომ, როდესაც მათი კანი ჯერ კიდევ ნესტიანია.

გამოიყენეთ ჰაერის დამატენიანებელი. თუ აღმოაჩინეთ, რომ თქვენს სახლში ჰაერი საკმაოდ მშრალია, გაითვალისწინეთ დამატენიანებელი საშუალების გამოყენება. ჰაერში მეტმა ტენიანობამ შეიძლება შეამციროს კანის სიმშრალე.

შეარჩიეთ რბილი ქსოვილები. ჩააცვით თქვენს პატარას რბილი, “მსუნთქავი” ქსოვილები, რომლებიც არ აღიზიანებს მათ კანს. მოერიდეთ ტანსაცმელს უხეში ნაკერით ან იარლიყით.

გამოიყენეთ მხოლოდ უსუნო პროდუქტები. უმჯობესია თავიდან აიცილოთ ყველაფერი, რამაც შეიძლება ბავშვის კანის გაღიზიანება ან მშრალი კანის გაუარესება გამოიწვიოს. შეარჩიეთ სუნამოების გარეშე ლოსიონები, საპნები და სარეცხი საშუალებები.

ჩააცვით ამინდის შესაფერისად. თუ თქვენს ბავშვს ძალიან დასცხება და გაიოფლება, ამან შეიძლება გააღიზიანოს მისი კანი.

როდის მივმართოთ პედიატრს?

თუ ყოველდღიურად დატენიანება ან სხვა ძირითადი ნაბიჯები არ გეხმარებათ ან თუ თქვენი ბავშვის კანის მდგომარეობა უარესდება, მიმართეთ ექიმს.

წყარო: www.healthline.com

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5