პლატფორმას “დედამ იცის” ესაუბრება ექიმი დერმატოლოგი, პროფესორი, საქართველოს ფოტოდერმატოლოგიისა და კანის კიბოს ასოციაციის პრეზიდენტი, საერთაშორისო დერმატოლოგიური საზოგადოების დირექტორთა საბჭოს წევრი, ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალური ექსპერტი, თბილისის სამედიცინო აკადემიის მედიცინის სკოლის დეკანი ლალი მეკოკიშვილი.
რატომ ჩნდება ხალები ბავშვებში?
ხალები, იმ გაგებით, როგორც მოსახლეობაშია გავრცელებული, წარმოადგენს ე.წ. პიგმენტური უჯრედებისგან შედგენილ კეთილთვისებიან წარმონაქმნს, რომელიც უპირატესად ჩნდება კანზე, სხეულის ნებისმიერ ადგილზე, მათ შორის, თავის თმიან ნაწილზე, ასევე ლორწოვანზეც. არსებობს თანდაყოლილი ხალები და ხალები, რომლებიც ჩნდება დაბადების შემდეგ, უპირატესად 2- დან 20 წლამდე ასაკში. ხალების გაჩენის ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა მნიშვნელობა აქვს გენეტიკურ, გარემო ფაქტორებს (მზის გამოსხივება), ორგანიზმის იმუნურ სტატუსს. ზოგიერთ წამალს, განსაკუთრებით იმუნოსუპრესანტებს, ასევე შეუძლია ხალების გაჩენის სტიმულაცია (ეს წამლები ძირითადად სიმსივნის სამკურნალოდ გამოიყენება); ღია ფერის კანის მქონე ადამიანებს უფრო მეტი ხალი აქვთ, ვიდრე მუქკანიანებს.
როგორ უნდა მოვუფრთხილდეთ ხალებს?
ხალებს განსაკუთრებული მოფრთხილება არ სჭირდება, მოფრთხილება სჭირდება ზოგადად ბავშვის კანს, რომელიც გაცილებით თხელია, ვიდრე მოზრდილის კანი და შესაბამისად, ადვილად იწვება მზეზე, ხოლო ბავშვობის ასაკში მიღებული მზის დამწვრობები, მოგვიანებით ასაკში კანის საშიში სიმსივნის – მელანომის განვითარების რისკს მნიშვნელოვნად ზრდის. შესაბამისად, უნდა ვისაუბროთ არა ხალების, არამედ კანის გაფრთხილებაზე. კვლევებით არ დასტურდება, რომ ხალის მექანიკური გაღიზიანება/დაზიანება მისი ავთვისებიანად გადაგვარების საშიშროებას ქმნის, ეს მითია, რომელსაც სამწუხაროდ, ექიმებიც ავრცელებენ.
როგორ ამოვიცნოთ საშიში ხალი?
ზოგადად ბავშვებში ხალის ავთვისებიანად გადაგვარება ძალიან იშვიათია, ეს ძირითადად ხდება ე.წ. რისკ ჯგუფებში, კერძოდ, რისკ ჯგუფებს მიეკუთვნებიან: იმუნოსუპრესირებული პაციენტები, პაციენტები თანდაყოლილი იმუნოდეფიციტით, ასევე ჯანმრთელ პირებში, ვის ახლო წინაპარსაც ჰქონდა მელანომა, გარკვეული რისკია მრავლობითი ატიპიური ხალების, დიდი ზომის თანდაყოლილი ხალის არსებობა.
ხალის ზომის, ფერის, საზღვრების ცვლილება ზოგადად საყურადღებოა, თუმცა ბავშვებში ხშირად ჩვეულებრივი მოვლენაა, იმისთვის რომ დარწმუნდეთ რამდენად საშიშია ხალი, ცვლილებების შემთხვევაში ჯობია მიმართოთ დერმატოლოგს, რომელიც ფლობს დერმატოსკოპიის მეთოდს.
რამდენად მნიშვნელოვანია მზის დამცავი კრემების გამოყენება ბავშვებში კანის დაზიანების პრევენციისთვის?
მზის დამცავი საშუალებების გამოყენება ბავშვებში აუცილებელია შემდგომში კანის სიმსივნეების პროფილაქტიკისთვის. მზის დამცავ საშუალებებში პირველ რიგში მოიაზრება სწორი ქცევა, რაც ნიშნავს მზის ინტენსიური გამოსხივების პერიოდში (საქართველოსთვის ზაფხულის სეზონზე ზღვისპირეთში 11-17 საათამდე) პირდაპირ მზეზე გაყვანისგან თავის შეკავება, მჭიდროდ ნაქსოვი ნაჭრის ტანსაცმლის და ქუდის ტარება. გარდა ამისა, საჭიროა ღია ადგილების დაფარვა საბავშვო მზის დამცავი კრემებით, რომლის წასმა საჭიროა განმეორდეს თუ ბავშვი იოფლება, ან წყალში ჩავიდა.