სკოლამდელი ასაკის ბავშვების უმრავლესობა შერჩევითი მსმენელია – ისინი იგებენ იმას, რაც სურთ და დანარჩენს არ აქცევენ ყურადღებას. თუმცა, მოსმენა არის უნარი, რომლის განვითარებაშიც უფროსებს შეგვიძლია დავეხმაროთ. კუნთების მსგავსად, მასაც მუდმივი ვარჯიში სჭირდება, რათა გაძლიერდეს.
ქვემოთ მოცემულია რამდენიმე თამაში და აქტივობა თქვენი შვილის მოსმენის უნარის ასამაღლებლად. რადგან ბავშვები სხვადასხვა გზით სწავლობენ, ეს აქტივობები 3 კატეგორიად დავყავით.
ბავშვებისთვის, რომლებიც სწავლობენ მოსმენით
ელაპარაკეთ მუდმივად. მოუყევით ისტორიები, რომლებიც გადაგხდათ თავს დღის განმავლობაში ან ბავშვობაში. გაუხმოვანეთ ყველაფერი, რასაც მის თვალწინ აკეთებთ. მაგალითად, თუ სამზარეულოში ხართ „ავიღე 1 სტაფილო, 2 კბილი ნიორი…“. შესაძლოა, მოგეჩვენოთ, რომ პატარა არ გისმენთ, მაგრამ მოგვიანებით გაიგონოთ, სხვასთან საუბრისას როგორ იმეორებს თქვენს მონაყოლს. ასე რომ, ყურადღება მიაქციეთ იმას, რას ამბობთ მისი თანდასწრებით.
აქციეთ კითხვა ინტერაქტიულ აქტივობად. წიგნის კითხვის დროს დაუსვით კითხვები: „შენი აზრით, რა მოხდება შემდეგ?“, წაახალისეთ, ახსნას საკუთარი პასუხი, რათა დარწმუნდეთ, რომ ესმის, რასაც კითხულობთ. იმსჯელეთ ერთად ამბის დასასრულის შესახებ.
დაუბრუნდით საყვარელ წიგნებს. აიღეთ თქვენი შვილის ყველაზე გაცვეთილი წიგნი და ხმამაღლა წაუკითხეთ კიდევ ერთხელ, ოღონდ ამჯერად შეჩერდით საკვანძო მომენტებზე, რომ მან გაიხსენოს შემდეგი სიტყვა.
შეცვალეთ სიტყვები ტექსტში. თუ ის ყურადღებით ისმენს, ამას იოლად შეამჩნევს და აუცილებლად შეგისწორებთ.
მოუსმინეთ ამბებს ერთად. შეგიძლიათ ერთად დაესწროთ ბავშვებისთვის განკუთვნილ ხმამაღლა კითხვის ღონისძიებებს. იყიდეთ აუდიოწიგნები მანქანისთვის.
შეადგინეთ სულელური რითმები. რაც უფრო აბსურდული იქნება, მით უკეთესი. ეს სახალისო თამაში თქვენს შვილს ასწავლის თანაჟღერად სიტყვებს და რითმების ნიმუშებს.
ითამაშეთ „ამბის ჯაჭვი“. ოჯახის ერთ-ერთი წევრი იწყებს ამბის მოყოლას და დანარჩენები აგრძელებენ. იმისთვის, რომ თხრობა განაგრძოს, თითოეულმა მოთამაშემ უნდა მოუსმინოს დანარჩენ წინადადებებს. შესაბამისად, ეს დადებითად მოქმედებს მოსმენის უნარზე. თუ ბავშვი ჯერ პატარაა იმისთვის, რომ გააგრძელოს სიუჟეტური ხაზი, სთხოვეთ მას დეტალების გახსენება, მაგალითად „რა ფერის ქუდი ეხურა გოგოს?“
ბავშვებისთვის, რომლებიც სწავლობენ ფიზიკურად
მუსიკა მოძრაობითურთ. იმღერეთ მასთან ერთად ისეთი სიმღერები, რომლებიც მოითხოვს მოძრაობას. მაგალითად, “თითს მიაჭერ ცხვირს, ხელს მიარტყამ ფეხს”.
ითამაშეთ თამაშები, რომლებიც მოითხოვს მოსმენას. მაგალითად „საიმონმა თქვა“.
მოამზადეთ საჭმელი ერთად. რეცეპტი წაიკითხეთ ხმამაღლა და მიეცით ბავშვს საშუალება, ინგრედიენტები გაზომოს, შეურიოს, მოურიოს და დაასხას.
გამოიყენეთ თითების თეატრი და როლური თამაშები.
ბავშვებისთვის, რომლებიც სწავლობენ დანახვით
მოაწყვეთ კარაოკე. გადმოწერეთ სიმღერები ტექსტებითურთ და აჰყევით მუსიკას. დამწყებ მკითხველებსაც კი შეუძლიათ მოგვაჩვენონ, რომ სიმღერების ტექსტებს კითხულობენ.
უყურეთ საბავშვო ფილმებს ერთად. სთხოვეთ, მოგიყვნენ რას აკეთებენ ან ამბობენ პერსონაჟები.
წყარო: www.babycenter.com