Skip to content Skip to sidebar Skip to footer

“დედამიცისს” ესაუბრება განათლების ფსიქოლოგი ნინო ნიკოლეიშვილი.

რა მეთოდების გამოყენებით შეიძლება წავახალისოთ  მშობლებმა და მასწავლებლებმა ბავშვებში სწავლის მიმართ ინტერესი და როგორ განვამტკიცოთ მისი შინაგანი მოტივაცია?

ბავშვები არიან დამოუკიდებელი, განსხვავებული ინდივიდები და შეუძლებელია ყველას უნივერსალურად მოვარგოთ სწავლების მეთოდები. ამიტომ არის მნიშვნელოვანი განსხვავებული პედაგოგიკური და აღმზრდელობითი მეთოდების გამოყენება. უნდა ვიფიქროთ, არის თუ არა ბავშვისთვის პიროვნულად  საინტერესოდ მიწოდებული ის სასწავლო მასალა, რასაც ჩვენ მათ ვთავაზობთ და შეგვიძლია თუ არა დავაინტერესოთ ისინი სხვადასხვა ხერხებით. ბავშვისთვის შეიძლება ძალიან რთული იყოს დამოუკიდებლად ყურადღების მოკრება სასწავლო მასალაზე და მას სჭირდებოდეს დახმარება მშობლის მხრიდან, ეს მხარდაჭერა კი შეიძლება მოითხოვდეს მოთმინებას, პოზიტიური სტრატეგიების გამოყენებას ხანგრძლივი პერიოდით. როგორიც არის წიგნის მასთან ერთად წაკითხვა, რეფლექსიური კითხვების დასმა ბავშვისთვის, რათა გაიგოს რას ფიქრობს ის ამ საკითხავ მასალაზე და  გაიაზრა თუ არა შინაარსი. მნიშვნელოვანია ბავშვმა გაითავისოს იმ მასალის შინაარსი და შესაბამისად მშობელმა და პედაგოგმა ერთად მიმართონ ბავშვის დაინტერესების მრავალფეროვან სტრატეგიებს.მაგ: მისი ინტერესებიდან გამომდინარე შეარჩიონ შესაბამისი სტრატეგია: თუ ბავშვს ურჩევნია წერილობით გადმოსცეს თავისი აზრი, მისცენ საშუალება, რომ ამაზე წერილობით იმსჯელოს; თუ მას ურჩევნია ვერბალურად, მეტყველებით გამოხატოს დავალება, მისცენ ამის გამოხატვის საშუალება, რათა სწავლა  დარჩეს სასიამოვნო პროცესად. ასევე მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ სასწავლო მასალის რელევანტურობა ბავშვის შესაძლებლობებთან მიმართებაში, მის პიროვნულ ინტერესებთან და მრავალმხრივ ინტერესებთან შესაბამისობაში. მნიშვნელოვანია, გავაანალიზოთ როგორ არის მისთვის მიწოდებული სასწავლო მასალა, რა სასწავლო გარემო აქვს.  სასწავლო გარემოში იგულისხმება სასკოლო გარემო, საკლასო გარემო და ასევე, სახლში და გარშემომყოფებში არსებული დამოკიდებულებები სწავლის მიმართ. თუ სწავლა არის მუდმივად გარეგანი მოტივატორებით წარმართული პროცესი, სხვადასხვა წამხალისებლების ხარჯზე და შინაგანი მოტივაციის გაზრდაზე მუშაობას არ ეთმობა დიდი დრო აღმზრდელების მხრიდან, ბავშვი მიჯაჭვული ხდება გარეგან მოტივატორებზე. გარეგანი წახალისება შეიძლება ეფექტური აღმოჩნდეს შინაგანი მოტივაციის გასაღვივებლად, იმისთვის რომ ბავშვმა გადალახოს მოცემული სირთულე.  ბავშვის  გარეგანი განმამტკიცებლით წახალისება მუდმივად ვერ მოხერხდება, რადგან სწავლა მთლიანობაში საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია და სწავლაში ბავშვის წარმატებულობას განსაზღვრავს  მისი შინაგანი დამოკიდებულება. მშობელმა უნდა წაახალისოს გარეგანი,  ბავშვისთვის ღირებული, მოტივატორებით სწავლის პროცესი, მაგრამ ისინი ძალიან ფრთხილად და  ზომიერად უნდა იყოს შერჩეული. 

მნიშვნელოვანია შევისწავლოთ ბავშვის შინაგანი დაბალი მოტივაციის მიზეზები უფრო სიღრმისეულად. სწავლის მიმართ ნაკლები მოტივაციის დროს საყურადღებოა სწავლასთან დაკავშირებული ისეთი გარემოებები, როგორიც არის არაჯანსაღი სასკოლო გარემო, რაც შეიძლება გულისხმობდეს სასკოლო კონტექსტში თანატოლებთან ურთიერთობას და ამ ურთიერთობის ნეგატიურ გამოცდილებას. ბავშვის მოტივაციის შემცირების მიზეზი გახდეს მისი ფსიქიკური, მენტალური კეთილდღეობის სხვა ასპექტები. მოტივაციის  ერთ-ერთი შემასუსტებელი ფაქტორი შეიძლება იყოს, თუ ბავშვი ვერ ხედავს სამომავლოდ ნათლად იმ შედეგებს, რომელსაც  ძალისხმევა მოუტანს. მშობლები ხშირად მოუწოდებენ ბავშვებს, რომ მათ უნდა ისწავლონ იმიტომ, რომ მომავალში შეძლონ და მიაღწიონ გარკვეულ მიზნებს, რომლებსაც ჩვენ მათთან ერთად ვისახავთ. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია მშობელმა გაითვალისწინოს, რომ ბავშვისთვის ხშირად რთულია წარმოიდგინოს ხანგრძლივ პერსპექტივაში აბსტრაქტულად, ხანგრძლივი დროით, გადავადებულად.  ჩვენთვის წარმოდგენილი გარეგანი მოტივატორი, როგორიც არის: 5-10 წლის შემდეგ კარგად ყოფნის არსებული არსებული პერსპექტივა, მათთვის ნაკლებად ხელშესახებია. ბავშვებსა და მოზარდებს არ აქვთ  მყარად ჩამოყალიბებული ემოციების, იმპულსების კონტროლის უნარი და შესაბამისად მათი მოტივაცია არის მყიფე. მათ შესაძლოა მოტივაცია მალე გაუქრეთ.  მათთვის ძნელია იყვნენ მიზანზე ორიენტირებულნი, დაგეგმონ საკუთარი სწავლის პროცესი, რადგან ეს მოითხოვს დისციპლინის, დაგეგმვის, თვითმართვის უნარების გამოყენებას და სწორედ აქ შემოდის მშობლის როლი – შეიძლება სწორედ ამ დროს დასჭირდეს შვილს მშობლის დახმარება. თუ ყოველდღიურ დაგეგმარებაში მივეხმარებით ბავშვს, ის დაინახავს  ხელშესახებ შედეგს და მოემატება მოტივაცია.

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5