Skip to content Skip to sidebar Skip to footer

“დედამიცისს” ესაუბრება ენდოკრინოლოგი მაია რეხვიაშვილი. 

გვესაუბრეთ ბავშვებში წონის უეცარ და მკვეთრ მატებაზე. რა განაპირობებს ამ პრობლემის განვითარებას?

ბავშვებში წონის მატება ძირითადად არასწორი ცხოვრების წესითა და არასწორი კვებითაა განპირობებული, თუმცა წონის უეცარი და მკვეთრი მატება შეიძლება გამოწვეული იყოს სხვადასხვა მედიკამენტების მიღებით (მაგ.:გლუკოკორტიკოიდები); ფსიქოემოციური სტრესით, ან ნეიროენდოკრინული მიზეზებით, როგორებიცაა: კუშინგის დაავადება, ჰიპოთალამუსის სიმსივნე, აუტონომიური დისრეგულაცია, ჰიპოვენტილაცია.

ჩვილობის ასაკში ჰიპოტონია და კვების დარღვევები, რომელსაც მოჰყვება ადრეული ბავშვობის ასაკში წონის მკვეთრი მატება და განვითარების დარღვევა შესაძლოა მიგვანიშნებდეს პრადერ-ვილის სინდრომზე.

როგორ უნდა იკვებებოდეს ბავშვი ენდოკრინოლოგიური პრობლემების პრევენციისათვის?

ენდოკრინული პრობლემების პრევენციისათვის რეკომენდებულია ექსკლუზიური ძუძუთი კვება პირველი 6 თვის განმავლობაში, შედეგ კი აუცილებელია ბავშვს პატარა ასაკიდანვე გამოვუმუშაოთ სწორი კვებითი ჩვევები, შევაყვაროთ საუზმე, როგორც დილის აუცილებელი დასაწყისი. მნიშვნელოვანია კვება იყოს ბალანსირებული ცილების, ცხიმოვანი მჟავების, ნახშირწყლების და მიკრონუტრიენტების ოპტიმალური რაოდენობით. საუზმეზე სასურველია კვერცხი, რძის პროდუქტები, უჯრედისით მდიდარი საკვები (ხილი, ბოსტნეული, მთლიანმარცვლოვანი ბურღულეული), სადილზე აუცილებელია ბავშვს მივცეთ  სწორად დამუშავებული ცილოვანი საკვები (თევზეული, ხორცეული) წვნიანი კერძის სახით ბოსტნეულთან ერთად, ხოლო ვახშამი უნდა იყოს შედარებით მსუბუქი, მაგ. რძის პროდუქტებით ან ბოსტნეულის კრემ-სუპებით. აუცილებელია ვაკონტროლოთ კვების ჯერადობა და ულუფები, კვებათა შორის ინტერვალში უარი ვთქვათ წახემსებაზე.

უნდა შევზღუდოთ? 

მაქსიმალურად უნდა შევზღუდოთ გაზიანი სასმელები, თეთრი ფქვილის ნაწარმი, არაჯანსაღი წასახემსებლები, სწრაფი კვების პროდუქტები, სხვადასხვა სოუსები, მაიონეზი, კეტჩუპი, რაფინირებული ტკბილეული და საკონდიტრო ნაწარმი. თუმცა მათი სრულად აკრძალვა არაა რეკომენდებული, რადგან ამან შეიძლება პირიქით უფრო გააძლიეროს არაჯანსაღი საკვების მირთმევის სურვილი.

ოგიერთი მშობელი ბავშვს ეკრანთან კვებავს, იმ მიზეზით, რომ ატარა ამ დროს საკვებზე უარს არ ამბობს. ვესაუბრეთ ამ პრაქტიკაზე, რამდენად მავნეა ბავშვის ჯანმრთელობისთვის

ბავშვები არ უნდა ჭამდნენ ეკრანთან – ეს იწვევს გაუცნობიერებელი ზედმეტი კალორიებით გადატვირთვას, ასევე არ უნდა მიირთვან დაძინებამდე 2 საათით ადრე, ვინაიდან საღამო საათებში გლუკოზის და ცხიმოვანი მჟავების მომატებული დონე სისხლში ერთი მხრივ იწვევს ცხიმების აკუმულაციას, მეორე მხრივ კი აფერხებს ძილში ზრდის ჰორმონის გამოყოფას. ძილის რეჟიმის მოწესრიგება ყოველთვის დადებითად აისახება წონაზეც და სიმაღლეში ზრდაზეც.

საუკეთესო ვარიანტია მშობლებმა თავად მისცენ შვილს სწორი კვების და ჯანსაღი ცხოვრების წესის მაგალითი. ბავშვები ხომ ყოველთვის უკეთ ითვისებენ იმ ქცევებს, რომლებსაც ხედავენ ყოველდღიურ ცხოვრებაში.

პანდემიამ რა შედეგები მოიტანა ამ მხრივ და რა იქნება თქვენი რეკომენდაცია მშობლებისთვის არსებულ სიტუაციაში?

პანდემიამ და მჯდომარე ცხოვრების წესმა კიდევ უფრო გაამძაფრა ჭარბი წონისა და სიმსუქნის პრობლემა ბავშვებში და შესაბამისად ბავშვთა ენდოკრინოლოგთან მომართვიანობაც გაიზარდა. მშობლებმა უფრო დიდი ყურადღება უნდა დაუთმონ ბავშვებში სწორი კვებითი ჩვევების გამომუშავებას და შეაყვარონ ბავშვებს სწორი კვება, არაჯანსაღი საკვებით „გაანებივრონ“ მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, მინიმუმამდე შეამცირონ ეკრანთან გატარებული დრო და წაახალისონ ბავშვები ფიზიკური აქტივობისკენ. დღეში 1 საათი მსუბუქი ფიზიკური აქტივობა აუცილებელია ბავშვის ნორმალური ზრდა-განვითარებისთვის.

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5