Skip to content Skip to sidebar Skip to footer

თქვენი პატარა გოგრის ზომისაა.

(სიგრძე დაახლოებით 51 სმ-ია, წონა 3500 გრამი)

თქვენ ორსულობის მე-9 თვეში ხართ.

ნაყოფის განვითარება

ორსულობის მე-40 კვირას, თქვენი პატარა შეიძლება ყოველ დღე დაიბადოს, მაგრამ ისე მყუდროდ გრძნობს თავს საშვილოსნოში, არ გაგიკვირდეთ, თუ კიდევ რამდენიმე კვირა არ ინებებს გამობრძანებას. თუ მოსალოდნელი თარიღიდან ერთი კვირის განმავლობაში არ იმშობიარებთ, თქვენი ექიმი კიდევ ერთხელ შეამოწმებს მის გულისცემასა და მოძრაობებს, რათა დარწმუნდეს, რომ ყველაფერი რიგზეა.

თქვენი პატარას თავი ჩამოსულია მენჯის ღრუში და მისი სხეული მოკუნტულ მდგომარეობაშია, რადგან მას აღარ აქვს საკმარისი ადგილი. თუ ბავშვი ჯდომით წინამდებარეობითაა, თქვენი ექიმი ეცდება შემოაბრუნოს ის თქვენს მუცელზე დაწოლით. თუ ეს მეთოდი არ იმოქმედებს, შეიძლება თქვენთან ერთად განიხილოს საკეისრო კვეთის შესაძლებლობა. 

თქვენ მზად ხართ შვილთან შესახვედრად და ისიც მზადაა! მისი პატარა სხეული ამ დრომდე იმატებს ცხიმს, რომ გაუმარტივდეს საშვილოსნოსგარეთ ცხოვრების მიჩვევა. მისი ღვიძლი, ფილტვები და ტვინი ჯერ კიდევ ვითარდება. 

 დედის ორგანიზმი ორსულობის მე-40 კვირაში

ორსულობის განმავლობაში თქვენმა სხეულმა საოცარი შრომა გასწია თქვენი პატარას მოსავლელად და დასანაყრებლად. თუ ბუნებრივად აპირებთ მშობიარობას, როდესაც ამის დრო დადგება, სამი ეტაპის გავლა მოგიწევთ, სანამ შვილს გულზე დაიწვენთ. პირველი ეტაპი შედგება ორი ფაზისგან და ამ დროს თქვენი საშვილოსნოს ყელი გადასწორდება, დამოკლდება და გაიხსნება. თქვენ იგრძნობთ შეკუმშვებს, რომლებიც ზურგიდან იწყება და მუცლისკენ მიემართება, რის შედეგადაც ნაყოფი უფრო ღრმად გადააადგილდება სამშობიარო არხში.

მიუხედავად იმისა, რომ თითოეული მშობიარობის ისტორია განსხვავებულია, სტატისტიკურად, ადრეული ფაზა 14-20 საათს შეიძლება გაგრძელდეს და ექიმთან შეთანხმებით შეიძლება სახლშიც დარჩეთ, ის გირჩევთ, როდის წახვიდეთ კლინიკაში. როდესაც მშობიარობის დაწყების ნიშნებს შენიშნავთ, შეეცადეთ დრო მშვიდად გამოიყენოთ.  შეიძლება მიიღოთ თბილი აბაზანა, ისეირნოთ, უსმინოთ საყვარელ მუსიკას ან დაიწყოთ იმ სუნთქვითი ვარჯიშების გამოყენება, რომელიც ისწავლეთ ორსულთა სკოლაში. ამასობაში, საშვილოსნოს ყელი იხსნება დაახლოებით 6 სანტიმეტრამდე და იწყება აქტიური მშობიარობის ფაზა. ის გრძელდება 5-6 საათი. 

საშვილოსნოს ყელის ბოლომდე გახსნად ითვლება 10 სმ. ამ დროს იწყება მშობიარობის მეორე ეტაპი, როდესაც თქვენ უნდა უბიძგოთ თქვენს პატარას სამშობიარო არხიდან ამ სამყაროში გამოსვლა. ეს ნაწილი, როგორც წესი, უფრო სწრაფია (საშუალოდ, ნახევარი საათიდან 3 საათამდე გრძელდება),  მაგრამ უფრო მტკივნეულია და უფრო მეტ ძალიხმევას მოითხოვს, ვიდრე წინა ეტაპი. 

საბოლოოდ, ბავშვის დაბადების შემდეგ, იწყება მესამე და საბოლოო ეტაპი – პლაცენტის (მომყოლის) დაბადება. თქვენ ალბათ ისევ იგრძნობთ შეკუმშვებს, რადგან პლაცენტა განცალკევდება საშვილოსნოსგან და გამოდის, მაგრამ ეს ძალიან სწრაფად ხდება და უფრო ნაკლებად არაკომფორტულია ბავშვის დაბადებასთან შედარებით. 

რა თქმა უნდა, ყველა დედა ვაგინალურად არ აჩენს ბავშვს. შეიძლება დაგჭირდეთ საკეისრო კვეთა, რომლის წინაც გაგიკეთებენ ანესთეზიას გასაბუჟებლად ან დასაძინებლად. ოპერაციის დროს, ექიმი გაჭრის თქვენს მუცელს და საშვილოსნოს, ამოიყვანს პატარას და ამოიღებს  პლაცენტას. თუ თქვენი საკეისრო კვეთა დაგეგმილია, პარტნიორს ალბათ მისცემენ საოპერაციო ოთახში დასწრების უფლებას.

თქვენი სიმპტომები

  • ხვრინვა. ორსულების უმრავლესობა განიცდის სუნთვის ცვლილებებს ორსულობის განმავლობაში და შეიძლება ამ ეტაპის ბოლოს ხვრინვაც კი დაიწყოთ. ეს იმიტომ ხდება, რომ ჰორმონალური ფონის მატების გამო ცხვირის ნესტოები შრება. თუ ეს გაწუხებთ თქვენ ან პარტნიორს, სცადეთ ოთახში ჰაერის დამატენიანებლის ჩართვა ან ცხვირის პლასტირებით ძილი.  
  • ლორწოვანი საცობის ჩამოვარდნა. ორსულობის განმავლობაში, ლორწოვან საცობს დალუქული აქვს საშვილოსნოს ყელი, საშვილოსნოში ბაქტერიები რომ არ შეიჭრან. მშობიარობამდე რამდენიმე დღით ან კვირამდე ადრე ის ვარდება და თქვენ შეძლება შეამჩნიოთ მოვარდისფრო, სისხლიანი ან გამჭვირვალე ვაგინალური გამონადენი.  
  • კუმშვები. შეიძლება ადრე ბრექსტონ-ჰიქსის შეკუმშვები გიგრძვნიათ, მაგრამ ახლა გექნებათ ნამდვილი სამშობიარო კუმშვები რეგულარული ინტერვალით და ის არ გაივლის თქვენი მდებარეობის შეცვლით.  
  • წყლების დაღვრა. მშობიარობის დაწყების ერთ-ერთი ნიშანია ამნიონური პარკის გახეთქვა და ამნიონური სითხისგან გათავისუფლება.თქვენ შეიძლება წყლები ნელ-ნელა ან ერთ ძლიერ ნაკადად დაღვაროთ. შეიძლება ეს სულაც ამ მოხდეს ისე დრამატულად, როგორც ფილმებში ჩანს. 

 რა უნდა გაითვალისწინოთ? 

  • ნუ გაოცდებით, თუ თქვენი პატარა ზუსტად იმ დღეს არ დაიბადება, რომელშიც კალენდრით ან ექოსკოპიის პროგნოზით ელოდით. გაითვალისწინეთ, რომ მშობიარობის სავარაუდო თარიღი მხოლოდ წინასწარი გამოთვლაა და ბავშვს შეიძლება უფრო მეტ ხანს მოუნდეს დედის საშვილოსნოში კომფორტულად ყოფნა. თქვენი ორსულობა შეიძლება 42 კვირამდეც გაგრძელდეს.  
  • თუ 41-ე-42-ე კვირისთვის ბავშვი მაინც არ აპირებს გამოსვლას, ექიმმა შეიძლება, რომ მშობიარობის დაჩქარება შემოგთავაზოთ, რადგან 40 კვირის მერე ამნიონური წყლები შეიძლება დაიღვაროს და დაუცველი დარჩეს საშვილოსნო. 
  • ორსულობის დღეები მიუძღვენით საკუთარ თავს. თუ 40 კვირის შესრულდით და მშობიარობის ნიშნები ჯერ არ ჩანს, რატომ არ უნდა წახვიდეთ პედიკურის გასაკეთებლად ან ფილმის სანახავად? ბავშვის დაბადების შემდეგ 24 საათი დღეში  მასზე უნდა იზრუნოთ, ამიტომ მანამდე აჩუქეთ თქვენს თავს „ჩემი დრო“. 
  • როცა დრო მოვა, შეატყობინეთ თქვენს მშბობიარობის პარტნიორს. ის დაგეხმარებათ გვერდით ყოფნით, შეკუმშვების აღრიცხვით და დამამშვიდებელი მასაჟის გაკეთებით ზურგის არეში დიკომფორტის და ტკივილის მოსახსნელად. 

 ჰკითხეთ თქვენს ექიმს

  • ორსულობის ამ ვადაზე, დაველოდოთ თუ დავაჩქაროთ მშობიარობის პროცესი?
  • ორსულობის ამ ვადაზე რამდენად უსაფრთხოა სექსი? 
  • ძალიან მინდა ბავშვი ძუძუთი ვკვებო. მშობიარობიდან რამდენ ხანში შემიძლია ვაჭამო? 

წყარო: https://www.pampers.com/en-us/pregnancy/pregnancy-calendar/40-weeks-pregnant

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5