Skip to content Skip to sidebar Skip to footer

დამწვრობის 80%-ის თავიდან არიდება შეიძლებოდა. ამიტომ დედებმა და მამებმა, ასი თვალი და ასი ყური უნდა გამოვისხათ – გვეუბნება დამწვრობის  ცენტრის ხელმძღვანელი გუგა ქაშიბაძე და “დედამიცისთან” საუბრისას მიმოიხილავს იმ შეცდომებს, რომელსაც ადამიანები უშვებენ პირველადი დახმარების დროს. სად იღებს  დამწვრობას ბავშვების უმეტესობა, როგორი უნდა იყო სწორი პირველადი დახმარება და როდის არის საჭირო ჰოსპიტალიზაცია? – ჩვენს კითხვებს პასუხობს ექიმი გუგა ქაშიბაძე. 

პირველ რიგში კრიტიკულად  უნდა შევაფასოთ გარემო, სადაც ვცხოვრობთ და სადაც გვყავს ბავშვები. ყველაზე სახიფათო ოთახად ითვლება სამზარეულო, ანუ ტრავმების დიდი ნაწილი მოდის სამზარეულოზე და ეს მარტო დამწვრობას არ ეხება.  განსაკუთრებით ყურადღებით უნდა ვიყოთ სამზარეულოში, უნდა დავიცვათ ელემენტარული წესები. არაფრით არ შეიძლება ელექტროსადენები იყოს გაშიშვლებული ისეთ ადგილებში, სადაც ბავშვები ცხოვრობენ. სამზარეულოში არ უნდა ინახებოდეს ქიმიურად აქტიური ნივთიერებები, რომლებიც იწვევენ არა მარტო კანის, არამედ საყლაპავის დამწვრობას, ეს ნივთიერებები უნდა იყოს დაცული და ხელმისაწვდომი არ უნდა იყოს ბავშვებისათვის. სამწუხაროდ, ძალიან ხშირია ასეთი ნივთიერებისგან გამოწვეული დამწვრობები. ეს ნივთიერებებია  ე.წ სხვადასხვა “გამხსნელები”, აქტიური ნივთიერებები, რომლებსაც საკანალიზაციო მილებში გაჭედილი ნივთების   დასაშლელად იყენებენ, ასევე საღებავები და ა.შ სამწუხაროდ, არცთუ ისე იშვიათად არის ხელმისაწვდომი ბავშვებისათვის ასეთი ნივთიერებები. ასევე დაცული უნდა იყოს და ხელმისაწვდომი არ უნდა იყოს ბავშვისთვის ბუნებრივი აირის მიწოდების მილები, რადგან არის ძალიან საშიში და აღარაფერს ვამბობ ასანთზე  და ნავთობპროდუქტებზე. 

დამწვრობათა უმეტესობა რა ვითარებაში ხდება ?

უფრო დიდი შემთხვევათა დამწვრობებისა, 3 წლამდე ბავშვები იწვებიან საჭმლის ნახარშით, სარეცხის ნახარშით, ცხელი წყლით, ჩაით, ყავით და ა.შ. კლასიკური მაგალითია, თოჯინით მივა ბავშვი და ელექტრომადუღარას ცოტას ჩამოქაჩავს  და ეს წყალი სავსებით საკმარისია, რომ ბავშვი მოხვდეს დამწვრობის ცენტრის რეანიმაციის განყოფილებაში. ამიტომ, ბუნებრივია ცხელი საკვები იქნება, ადუღებული ქვაბი იქნება , ეს ყველაფერი ბავშვისთვის ხელმისაწვდომი არ უნდა იყოს. ჩაით და  ყავით დამწვრობა – კი  კლასიკური შემთხვევებია და  ასევე გაზქურასთან ბავშვის დამწვრობა. ბოლო ორი წელიწადია ძალიან გავრცელდა  და სავალალოდ გავრცელდა  ე.წ გაზის გამათბობლებით, კარმას ტიპის გამათბობლებთან დამწვრობის ფაქტები. ასეთი ტიპის გამათბობლებს, რომლებსაც გარედან დამცველი ხუფი აქვს, ამ ხუფს ხსნიან იმ მიზნით,  რომ უფრო დიდი რაოდენობით სითბოს გამოჰყოფს და თითქოს აკეთებენ გაზის ეკონომიას. ბუნებრივია, ეს ასე არ არის. ხუფი არის იმისთვის გამოგონებული, რომ ძალიან გახურებულ ეკრანზე , ვინმემ ხელი არ მიადოს შემთხვევით. თუ დამცველ ხუფს მოვხსნით ღუმელს,  განსაკუთრებული რისკის ქვეშ ვაყენებთ ჩვენს თავს, ჩვენი ოჯახის წევრებს, რადგან ღუმელის გაცხელების ტემპერატურა არის ძალიან მაღალი. არც თუ ისე ცოტა შემთხვევაა, როცა  პატარა ბავშვი ხელს ადებს ამ ღუმელს, ეწებება მისი ხელისგული ღუმელს, იწყებს ტირილს და სანამ მშობელი არ მივა  და არ მოაცილებს ხელის მტევანს  ძალით ამ ღუმელს, ბავშვი ამას ვერ ახერხებს.  სავალალო შედეგებით მთავრდება ასეთი დამწვრობები,  რადგან ბავშვს შემდგომ  სჭირდება კანის გადანერგვა და ოპერაციები მტევნის ფუნქციის შენაჩუნების მიზნით. ეს არის ტრავმა, რომლის თავიდან აცილებაც შეიძლებოდა და ძალიან ყურადღებით უნდა ვიყოთ ამ მხრივ. ასე რომ, ნუ მოხსნით გამათბობლებზე ხუფებს, ამით ვერც ეკონომიას გააკეთებთ, რადგან შიგნით ცხელი ჰაერი უნდა ცირკულირებდეს.

ერთი შეხედვით, ჩვენი სახლის, ჩვენი ციხე-სიმაგრის უსაფრთხო ზონა – სამზარეულო, არცთუ ისე უსაფრთხოა და ჯობია, კრიტიკული თვალი გადავავლოთ ამ ყველაფერს, მითუმეტეს თუ გვყავს პატარა ბავშვები.  ბავშვების უმეტესობა  იწვება სახლში, კიდევ უფრო მეტი  იწვება სამზარეულოში და ეს არის ტრავმა, რომლის თავიდან აცილებაც თავისუფლად შეიძლებოდა. 

დამწვრობის შემთხვევაში, როგორი უნდა იყოს ჩვენი რეაგირება და როგორ უნდა გავუწიოთ პირველადი დახმარება სწორად? 

დამწვრობის დროს, პირველადი დახმარების სახით, სწრაფად ვხდით ბავშვს ტანსაცმელს, რადგან  ტასაცმელი კიდევ უფრო აგრძელებს ტემპერატურის ზემოქმედებას და ხდება ჩახურება და ვუშვებთ გამდინარე ცივ წყალს და მომენტალურად, რომ მოხდეს დამწვარი კანის ქსოვილების გაგრილება და ტემპერატურის დაკლება. რამდენიმე წუთის განმავლობაში აქვს პირველად დახმარებას აზრი, შემდეგ ბუნებრივია უნდა გამოვიყენოთ დამწვრობის საწინააღმდეგო საშუალება, რომელიც იქნება აფთიაქში შეძენილი და არ იქნება სახლში ჩვენით ან ვინმეს მიერ დამზადებული, საეჭვო წარმომავლობის.  ამის შემდეგ  უმჯობესია ვიზიტი ექიმთან, მითუმეტეს თუ ბავშვი პატარაა.  შეიძლება პატარა ფართობი იყოს დამწვარი, მაგრამ ღრმა დაზიანებით და ასევე მნიშვნელოვანია ფუნქციური არე. ასევე შეიძლება ზედაპირული იყოს დამწვრობა და ფართობი იმხელა იყოს, რომ განვითარდეს დამწვრობითი დაავადება. ეს შეეხება წლამდე ბავშვებს და ყოველთვის სავალალოა, როდესაც დაგვიანებულ შემთხვევასთან გვაქვს საქმე, როდესაც რამდენიმე დღე სახლში აჩერებენ ბავშვს  და მერე გართულებული მდგომარეობით მოჰყავთ შემდგომ.

რა შეცდომას უშვებენ დამწვრობის დროს ადამიანები? რამდენად მართებულია ასეთ დროს კარაქის, ზეთის და ა.შ გამოყენება, ხომ არ მატულობს ინტოქსიკაციის საფრთხე?

პირველ რიგში დამწვრობის დროს პირველადი დახმარება არის გამდინარე წყალი და შემდეგ, ანტიბაქტერიული დამწვრობის საწინააღმდეგო მალამოს გამოყენება, როდესაც ვიცით შემადგენლობა და უსაფრთხოა ასაკობრივად ბავშვებისათვის. ასევე არის რიგი საშუალებები, რომლებსაც შეცდომით გამოიყენებენ დამწვრობის პირველადი დახმარებისას  და კიდევ უფრო ართულებს მდგომარეობას. ეს არის საჭმელი სოდის გამოყენება, რომელიც კიდევ უფრო ქიმიურ დამწვრობას იწვევს და აღრმავებს დაზიანებას; ასევე ზეთის დასხმა, რომელიც აპკს აკეთებს და კიდევ უფრო ართულებს მდგომარეობას.  არასწორად ჩატარებული პირველადი დახმარებას , უმჯობესია საერთოდ არ ჩაუტარონ. ბუნებრივია, თუ ბავშვი მივარდნილია, საკვებს მცირე რაოდენობით იღებს, აღენიშნება გულისრევა, ღებინება და ძილიანობა და არ თამაშობს – ეს არის ნიშნები, როდესაც მშობელმა სასწრაფოდ უნდა ჩართოს ექიმი. საფრთხე ჩვენს გვერდით არის, ამიტომ დედებმა და მამებმა ასი თვალი და ასი ყური უნდა გამოვისხათ, რომ მსგავსი შემთხვევები თავიდან ავიცილოთ. 

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5