Skip to content Skip to sidebar Skip to footer

ექიმი-ენდოკრინოლოგი ლაშა უჩავა “დედამიცის” ესაუბრება ბავშვებში გავრცელებულ ენდოკრინოლოგიურ პრობლემებზე. ინტერვიუში წაიკითხავთ, რა გავლენას ახდენს ცხოვრების არაჯანსაღი წესი ბავშვის ენდოკრინოლოგიურ სისტემაზე და რა სიმპტომატიკის გამოვლენის შემთხვევაში უნდა მივმართოთ სპეციალისტს. 

რამდენად ხშირად გვხვდება ენდოკრინოლოგიური პრობლემები ბავშვებში

– თემა საკმაოდ აქტუალური იმ კუთხით, რომ ბავშვებშიც საკმაოდ ბევრი ენდოკრინული დარღვევებია, ისეთები როგორიცაა: ზრდაში ჩამორჩენა, სქესობრივი მომწიფების პრობლემები, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები, სიმსუქნე და შაქრიანი დიაბეტი, ბოლო პერიოდში აღნიშნული დაავადებების გაახალგაზრდავების გამო საკმაოდ ხშირია მომართვიანობა, განსაკუთრებით მომატებული სიმსუქნე ბავშვებში, რაც იწვევს შემდეგში სხვა ენდოკრინული დაავადებების პროვოცირებას.

რა ძირითად პრობლემებს გამოყოფდით ამ მიმართულებით?

ეკოლოგიური და სოციო-ეკონომიური მდგომარეობის გამო საკმაოდ ხშირია სიმსუქნე, რაც თავის მხრივ ასევე დაკავშირებულია არაჯანსაღი ცხოვრების წესთან და სწრაფი კვების ობიექტების სიმრავლესთან, ასევე საკმაოდ მაღალია ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიები, რომელიც უკავშირდება, როგორც რადიაციულ ფონს, ასევე გენეტიკურ ფაქტორსაც.

როდის არის ენდოკრინოლოგის ჩარევა საჭირო, რა არ უნდა დაგვრჩეს ყურადღების მიღმა

სიმპტომატიკა და ჩივილები ამ დროს სხვადასხვაგვარია, თუმცა არ უნდა გამოგვრჩეს ისეთი საყურადღებო საკითხი, როგორიც არის წონაში მატება, რასაც ხშირ შემთხვევაში მოჰყვება ზრდაში შეფერხება და სქესობრივი მომწიფების ჩამორჩენა, რიგ შემთხვევაში ჭარბ წონას და სიმსუქნეს მშობლები უყურებენ, როგორც ჩვეულ მდგომარეობას და სპეციალისტთან ვიზიტი ხშირ შემთხვევაში არის დაგვიანებული, რაც ხანგრძლივი მკურნალობის მიზეზი ხდება.

ახდენს თუ არა გავლენას ცხოვრების არაჯანსაღი წესი ბავშვების ენდოკრინოლოგიურ ჯანმრთელობაზე

– რა თქმა უნდა, ცხოვრების ჯანსაღი წესი, რომელიც თავის მხრივ მოიცავს სამ ძირითად კომპონენტს: სწორი კვება, ფიზიკური აქტივობა და ძილი, მნიშვნელოვანია ამ დროს, რადგანაც ძილის დროს მიმდინარეობს უმრავი პროცესი ჩვენს ორგანიზმში, რაც განსაკუთრებით ზრდა-განვითარებისთვის არის აუცილებელი, ძალიან ხშირად მშობლები კითხულობენ, რომ ბავშვია და რამდენად შეიძლება დიეტის დაცვა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დიეტა ეს არის სწორი, ბალანსირებული, რაციონალური, ჯანსაღი კვება და მისი პრინციპების დაცვა ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე არა სასუსრველი, არამედ აუცილებელიცაა.

ენდოკრინოლოგიური პრობლემების პრევენციისთვის როგორ უნდა იკვებონ ბავშვებმა? რა უნდა შედიოდეს მათ მენიუში და რა რაოდენობით

– ბავშვის კვება აუცილებლად უნდა იყოს სრულფასოვანი, რაც მოიცავს ყველა იმ აუცილებელი საყუათო ნივთიერების შევსებას, რაც მნიშვნელოვანი ნორმალური ზრდა-განვითარებისა და ცხოველმყოფელობისათვის, ისეთები, როგორიცაა: ცილები, ცხიმები, ნახშირწყლები, მიკრო-მაკროელემენტები, ვიტამინები და წყალი, ეს ყველა ნივთიერება უზრუნველყოფს ჩვენს ორგანიზმში სწორ ნივთიერებათა ცვლას – მეტაბოლიზმს, რაც საბოლოო ჯამში მოქმედებს ჩვენს ჯანმრთელობაზე, არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაგვავიწყდეს ზომიერება, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია და უნდა გვახსოვდეს, რომ „პუტკუნა“ ბავშვი არ ნიშნავს ჯანმრთელს.

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5