Skip to content Skip to sidebar Skip to footer

ბოლო ათწლეულების განმავლობაში განათლებისა და ტვინის კვლევამ აჩვენა, რომ ბავშვებსაც და მოზრდილ ადამიანებსაც შეუძლიათ მუდმივად განავითარონ თავიანთი ინტელექტი. ამ დაშვების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი არის რწმენა, რომ ინტელექტი შრომისა და სწავლის შედეგია.

პედაგოგები ამას განვითარებაზე ორიენტირებულ აზროვნებას (Growth Mindset) უწოდებენ. ტერმინი შემოიტანა სტენფორდის საგანმანათლებლო მკვლევარმა დოქტორმა კაროლ დვეკმა. იგი მას უპირისპირებს ფიქსირებულ აზროვნებას, რომლის დაშვებით ინტელექტის განვითარება შეუძლებელია.

1. ასწავლეთ თქვენს შვილებს, რომ შეცდომების დაშვება ნორმალურია.

თქვენ იცით, რამდენად ძნელია რაიმე ახლის გამოცდა, როდესაც  გეშინია წარუმატებლობის. ასწავლეთ თქვენს შვილს, რომ შეცდომები ნორმალურია და ის შეეცდება შეეჭიდოს ახალ გამოწვევას. ამ ძალისხმევის პროცესში ის გაიგებს რა მუშაობს და რა – არა.

2. ასწავლეთ, მოსინჯონ  ახალი იდეები და მიდგომები  პრობლემების გადასაჭრელად.

სხვადასხვა პრობლემისა და ამოცანის შესრულება მოითხოვს სხვადასხვა სტრატეგიასა და მეთოდს. ნუ უკარნახებთ მათ პრობლემის გადაჭრის გზას, მაგრამ დაეხმარეთ  მოიფიქრონ, რა არ უცდიათ ჯერ და რა შეიძლება გამოადგეთ.

3. ასწავლეთ, განაგრძონ რთული პრობლემის გადაჭრაზე ფიქრი, მაშინაც კი, თუ ისინი ვერ ხედავენ საბოლოო გადაწყვეტას.

ზოგიერთი პრობლემის დასრულებას სჭირდება რამდენიმე ნაბიჯი. სკოლის ამოცანები უნდა იყოს შედგენილი ისე, რომ მოსწავლეებს დასჭირდეთ ანალიზი და გააზრება და არა მხოლოდ   პასუხის გაცემა მექანიკური დამახსოვრებით ან სწრაფი დაანგარიშებით.

სამუშაოები, რომლებიც მიზნად ისახავს პრობლემების გადაჭრის ამ უნარების წახალისებას, ადრეულ კლასებშივე უნდა ჩავატაროთ. იმის ნაცვლად, რომ მალევე დანებდეს  და სთხოვოს  მასწავლებელს დახმარება, ასწავლეთ თქვენს შვილს დამოუკიდებლად სცადოს. ზოგჯერ შემდეგი ნაბიჯები ცხადი ხდება პირველი ნაბიჯების გადადგმის შემდეგ. ზოგჯერ თქვენი შვილი მიხვდება, რომ საჭიროა პრობლემას სხვაგვარად მიუდგეს. საქმე იმაშია, რომ ის ამას ვერ შეძლებს პირველი რამდენიმე ნაბიჯის გადადგმის გარეშე.

4. ასწავლეთ მათ მანტრა, „შეცდომები ხელს უწყობს ჩემს ტვინის ზრდას“

დოქტორი კაროლ დვეკი მოუწოდებს მასწავლებლებს, შეახსენონ მოსწავლეებს, რომ შეცდომები ხელს უწყობს მათი ტვინის განვითარებას. იგი ასწავლის, რომ როდესაც ვინმე მარტივად იპოვის პასუხს, ის აჩვენებს უკვე მიღებულ ცოდნას, რაიმეს სწავლის გარეშე. როდესაც ვინმე შეცდომას უშვებს, იძულებულია გაარკვიოს რატომ და შემდეგ ამ პროცესში ისწავლოს რაიმე ახალი.

შედეგად, იმის ნაცვლად, რომ ვინმეს დააჯილდოვოს ჭკუისთვის (ფიქსირებული აზროვნება), ის ხელს უწყობს უწყვეტი სწავლის გზას.

5. ასწავლეთ ბავშვებს, ყურადღება მიაქციონ მათ მიდგომებს პრობლემების გადაჭრისკენ.

ეს მათ აიძულებს, შეხედონ, თუ როგორ აირჩიეს თავად პრობლემის გადაჭრის გზა. შეადგინეს თუ არა მათ სურათი, რომ უკეთესად გაერკვიათ, რის მოგვარებასაც ცდილობენ? ეძებდნენ ისინი კონკრეტულ შეკითხვებს, რომელსაც დავალება მოითხოვდა?

6. ასწავლეთ მათ ისაუბრონ შეცდომებზე

ეს მათ დაეხმარება ზუსტად გაიგონ, რა სცადეს, რა არ გამოუყენებიათ და შეეძლებათ კიდევ სცადონ და იპოვონ რა გამოადგებათ. ეს ასევე დაეხმარება სხვა ადამიანებთან ერთად მუშაობის უნარის განვითარებაში, უნარი რომელიც ღირებული გახდება სამუშაო ადგილზე.

7. გახსოვდეთ, რომ თქვენ ყოველთვის არ გექნებათ 100%-ით განვითარებაზე ორიენტირებული აზროვნება.

განვითარებაზე ორიენტირებული აზროვნება შესაძლოა იყოს საერთო გზა, როგორც აღიქვამთ რთული მასალის შესწავლას და რთული ამოცანების ამოხსნას, მაგრამ არარეალისტურია, სულ განვითარებაზე ორიენტირებული აზროვნება გქონდეთ. თავს ნუ დაისჯით, თუკი აღმოაჩენთ, რომ თქვენს ბავშვს რაიმე ისეთს ეუბნებით, რაც არ ახალისებს „არასოდეს დანებდე“ და „ყოველთვის თავდაუზოგავად იმუშავე“ შეხედულებას. არავინ არის ყველთვის იდეალური.

გაცილებით მნიშვნელოვანია, ცდილობდეთ მიიღოთ განვითარებაზე ორიენტირებული აზროვნების უკუკავშირი, ვიდრე იყოთ იდეალური. რაც უფრო მეტად მიიღებთ ამ დამოკიდებულებას, მით უფრო გააკეთებს ამას თქვენი შვილი.

ეს ასევე მართალია თქვენი შვილისათვის. მაშინაც კი, თუ თქვენი შვილის მასწავლებელს სჯერა, რომ ყველა ბავშვს შეუძლია გონების გაძლიერება სწავლით, თქვენს ბავშვს შეიძლება ჰქონდეს მომენტები, როდესაც მას ეჭვი შეეპარება, შეძლებს თუ არა რამეს გაართვას თავი. უბრალოდ შეახსენეთ, კიდევ სცადოს.

წყარო: www.verywellfamily.com

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5