პლატფორმას “დედამ იცის” ესაუბრება ბავშვთა და მოზრდილთა გინეკოლოგი, ქირურგი, ონკოგინეკოლოგი – ეთერ მარგალიტაძე.
რა გინეკოლოგიური პრობლემები გვხვდება ბავშვთა ასაკში და რამდენად საყურადღებოა?
მდედრობითი სქესის ნებისმიერ ასაკში შეიძლება არსებობდეს გინეკოლოგიური პრობლემა. ახალშობილობის ასაკშიც შეიძლება იყოს საყურადღებო სიმპტომი, რომელიც შემდგომში საჭიროებს მკურნალობას ან დაკვირვებას. მაგალითად ახალშობილებში სისხლიანი გამონადენი – ძალიან მნიშვნელოვანი სიმპტომია, რადგან ეს შეიძლება იყოს გამოწვეული ერთის მხრივ დედის ესტროგენის ჭარბი რაოდენობით მუცლადყოფნის პერიოდში, ხოლო მეორეს მხრივ შეიძლება იყოს სიმპტომი მოზრდილთა ასაკში ისეთი ვერაგული დაავადების გამოვლინების, როგორიც არის ენდომეტრიოზი, რაც ასეთი პაციენტების განსაკუთრებულ მეთვალყურეობას საჭიროებს. ასევე ჩვილობის ასაკში და შემდგომ ძალიან ხშირია მცირე სასირცხო ბაგეების შეხორცება, რომელიც მარტივი სადიაგნოსტიკოა დედისთვის, კერძოდ ვიზუალურად შეხორცებულია საშოს შესავალი. აღნიშნული საჭირობებს ბავშვთა გინეკოლოგის მიერ სწორ შეფასებას. ასეთ დროს შესაძლებელია უბრალოდ ადგილი ჰქონდეს მცირე სასირცხო ბაგეების შეხორცებას, ან/და ასევე შეიძლება იყოს თანდაყოლილი პათოლოგია – საშოს შესავლის არ არსებობა. ამ ორი დიაგნოზის მართვა რა თქმა უნდა განსხვავდება ერთმანეთისგან, პირველი დიაგნოზი ხშირ შემთხვევაში ექვემდებარება მედიკამენტოზურ მკურნალობას, ხოლო მეორე დიაგნოზი, თანდაყოლილი პათოლოგია საჭიროებს ქირურგიული ჩარევას – პლასტიკური ოპერაციას.
რა ჩივილები შეიძლება მიგვანიშნებდეს ბავშვებში გინეკოლოგიური პრობლემების არსებობაზე?
გინეკოლოგიური დაავადებები განსხვავდება ასაკის მიხედვით და პირობითად შეიძლება დავყოთ ციკლის მოსვლამდე და ციკლის მოსვლის შემდეგ. ბავშვის სწორი სქესობრივი განვითარებისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია სწორი შეფასება მეორედი სასქესო ნიშნების განვითარების დაწყება რა ასაკში იწყება. ყურადღება უნდა მიექცეს, ადგილი ხომ არ აქვს ნაადრევ ან დაგვიანებულ სქესობრივ მომწიფებას.
დიაგნოსტირების დროს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწორედ შეფასდეს ასაკთან მიმართებაში სქესობრივი განვითარების ეტაპებიც. ანუ მეორადი სქესობრივი ნიშნების გამოვლენა და განვითარება – ნორმის შემთხვევაში ეს გახლავთ სარძევე ჯირკვლის ზრდა, რომელიც 8 წლის ასაკიდან შეიძლება აღენიშნებოდეს, უნდა მოხდეს ჯირკვლოვანი ქსოვილის და ცხიმოვანი ქსოვილის დიფერენცირება ასაკთან მიმართებაში. ასევე თმიანობა იღლიასა და ბოქვენზე, საყურადღებოა მოხდეს დიფერენცირება – თმიანობა ქალური თუ მამაკაცური ტიპისაა.
საყურადღებოა საზოგადოებაში გარდატეხის პერიოდად წოდებული პერიოდი, ხოლო სამედიცინო ენაზე ეს არის პუბერტატული პერიოდი – ანუ პერიოდი, როცა გოგონას ეწყება მენსტრუალური ციკლი. აღნიშნული პერიოდის დაწყებამდე მნიშნელოვანია მოზარდები იყვნენ ინფორმირებულნი მენსტრუალური ციკლის და ამ დროს სწორი ჰიგიენის აუცილებლობის შესახებ. მოზარდს უნდა მიეწოდოს ინფორმაცია მენსტრუალური ციკლის კალენდრის წარმოების აუცილებლობის შესახებ და ა.შ. განსაკუთრებით საყურადღებო ასაკია, რადგან ამ დროს დგება გოგონებში თვითშესწავლის პერიოდი, რაც ბადებს ბევრ კითხვას.
ყველაზი ხშირი ჩივილები ნორმალური სქესობრივი განვითარების მქონე გოგონებში – არის მენარხემდე (პირველი მენსტრუალური ციკლი) – გამონადენი საშოდან. ხოლო მენსტრუალური ციკლის მოსვლის შემდეგ – მტკივნეული მენსტრუალური ციკლი, არარეგულარული მენსტრუალური ციკლი, ჭარბი და ხშირი მენსტრუაცია, ან პირიქით 2-3 თვიანი პერიოდი ციკლის არ არსებობა, თმიანობა გამოხატული სხეულზე ან ტანზე, აკნე, ჭარბი ოფლიანობა. ყველაზე მნიშვნელოვანია სწორი ინფორმირება როგორც მშობლის, ისე მოზარდის იმის შესახებ, თუ რა არის ნორმა და რა არის პათოლოგიური მდგომარეობა, რომ მოხდეს დროული მიმართვიანობა ბავშვთა გინეკოლოგთან და თავიდანვე სწორი თავის მოვლის უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება.
რა ჩივილებით მოგმართავენ პაციენტები ყველაზე ხშირად?
ჩივილი არის სხვადასხვა და დამოკიდებულია გოგონას ასაკზე, ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის რომ დროულად მოხდეს რაიმე ჩივილის შემთხვევაში ბავშვის გამოკვლევა, რადგან ზოგიერი შემთხვევის დროს გვიანი მომართვიანობის გამო საჭირო ხდება ოპერაციული ჩარევა. მაგალითად მოზარდი, რომელიც უჩივის არარეგულარულ მენსტრუალურ ციკლს და ტკივილს მცირე მენჯის არეში – მშობელი ყოველთვის ფიქრობს, რომ არის რაიმე სხვა მუცლისღრუს ქირურგიული პრობლემა მაგალითად აპენდიციტი. ძალიან მნიშვნელოვანია, რასაც გამოცდილებაც აჩვენებს ამ დროს გამოირიცხოს გინეკოლოგიური პათოლოგია, მაგალითად როგორც არის საკვერცხის დიდი ზომის კისტა, კისტის გასკდომა-აპოპლექსია, ან საკვერცხის ან/და დანამატის (საკვერცხის და ფალოპის მილის შემოგრეხა) შემოგრეხვა. საკვერცხის კისტის შემთხვევაში დიდი მნიშვნელობა აქვს კისტის ზომას, პაციენტის კლინიკურ შეფასებას და ულტრასონოგრაფიულ კვლევას. თუ არ არის მუცლის მწვავე დიაგნოზი, რა თქმა უნდა მედიკამენტოზური მკურნალობა ინიშნება, ამისთვის საჭიროა დროული მიმართვა ბავშვთა გინეკოლოგთან. სამწუხაროდ, დიდი ზომის კისტის გასკდომის შემთხვევაში ვითარდება მუცლის ღრუში სისხლდენა, რაც საჭიროებს მხოლოდ ოპერაციული მეთოდით მკურნალობას. ბავშვთა ოპერაციულ გინეკოლოგიაში მკურნალობის ოქროს სტანდარტი არის საზოგადეობაში ფართოდ ცნობილი – უსისხლო ოპერაციული მეთოდი – სამედიცინო ენაზე – ლაპაროსკოპია. აღნიშნული მეთოდი არის დამზოგველი მეთოდი, ახასიათებს სწრაფი რეაბილიტაცია, კოსმეტიკური ეფექტი – 0.5მმ ზომის 3 განაკვეთი მუცლის წინა კედელზე, სწრაფი შრომისუნარიანობის აღდგენა და მინიმალური დაყოვნების პერიოდი სტაციონარში.
პუბერტატის ასაკში რაზე უნდა გაამახვილოს მშობელმა ყურადღება?
ძალიან მნიშვნელოვანი კითხვა არის, მე შევეცდები ჩამოვთვალო ის მდგომარეობები როდესაც აუცილებელია ბავშის გამოკვლევა
1. მენსტრუაციულ ციკლთან დაკავშირებული პრობლემები:
- სისხლდენა – ჭარბი მენსტრუალური ციკლი / ციკლთა შუა პერიოდში სისხლიანი გამონადენი, არარეგულარული ციკლი
- ოლიგომენორეა – წარმოადგენს ციკლის დარღვევას – ციკლის შემცირებით
- დისმენორეა – მტკივნეული მენტრუალური ციკლი, რომელიც ვლინდება სპაზმური ხასიათის ტკივილით წელისა და მუცლის ქვედა არეში
- პრემენსტუალური სინდრომი
- მენსტრუაციული ციკლის დარღვევები დაკავშირებული სხვა ქრონიკულ დაავადებებთან
2. პუბერტატის დარღვევები:
- ნაადრევი სქესობრივი მომწიფება
- დაგვიანებული სქესობრივი მომწიფება
3. საკვერცხეების კისტა:
- ტკივილი წელისა და მცირე მენჯის არეში;
- პერფორაცია – საკვერცხის კისტის მთლიანობის დარღვევა;
- შემოგრეხა – საკვერცხის ან საკვერცხის და პალოპის მილის შემოგრეხვა.
4. ენდოკრინული დარღვევები:
- პოლიცისტური საკვერცხეების სინდრომი
- ჰიპერპროლაქტინემია
- ადრენოგენიტალური სინდრომი
- ჰირსუტიზმი
- აკნე
5. სასქესო ორგანოების განვითარების ანომალიები:
- საშოს/საშვილოსნოს ყელის/საშვილოსნოს არ არსებობა
- საქალწულე აპკის ობსტრუქცია,( საშოს ტიხარი, ფიბროზული ჭიმები)
- არაპერფორირებული საქალწულე აპკი
- გარეთა სასქესო ორგანოების განვითარების მანკები(კლიტორომეგალია,
- ამბისექსუალური გენიტალიები და ა. შ.)
- რეპროდუქციული ორგანოების განვითარების თანდაყოლილი დარღვევები
6. გენიტალური (ვულვის ან საშოს) ინფექციები ან ტკივილის სინდრომი:
- ვულვოვაგინიტი
- ვაგინიტი
- ბაქტერიული ვაგინოზი
- გენიტალური მეჭეჭები (კონდილომა)
- გამონაყარი ვულვაზე
რა დროს უნდა მიმართოს მოზარდი გოგონას მშობელმა ბავშთა გინეკოლოგს ?
მოზარდი გოგონას მშობელმა ბავშვთა გინეკოლოგს უნდა მიმართონ შემდეგი სიპტომების არსებობის შემთვევაში:
- აქვს მოუწესრიგებელი მენსტრუაციული ციკლი
- აკნე, სებორეა, ჰირსუტიზმი, ჭარბი წონა და სხვა;
- აქვს სისხლდენა;
- უჩივის მუცლის ძლიერ ტკივილს;
- აქვს გამონადენი საშოდან;
- ძალიან მნიშვნელოვანია მეორადი სასქესო ნიშნის გაჩენისას მოზარდის ვიზიტი შესაბამისი კვალიფიკაციის ექიმთან- ბავშვთა და მოზარდთა გინეკოლოგთან სქესობრივი მომწიფების შეფასების მიზნით, რაც შემდგომში გართულებების პრევენციას ემსახურება.