“დედამ იცის” გთავაზობთ 3 თვის ნოეს დედის ქეთა ლაბაძის კოვიდ დღიურს.
26.10.20 სიყვარულით ბუბუს – ეს წარწერა გავუკეთე ჩემი რძით სავსე ბოლო პაკეტს, რომელიც ბოჭორიშვილის კლინიკაში შევავსე, ზარის ღილაკს დავაჭირე ხელი და ჩვეული მოუთმენლობით ველოდი მორიგე ექთანს. პალატაში სრულიად ეკიპირებული ექთანი მალევე გამოჩნდა, რძე გავუწოდე, მან პალატის წინ მდგომ მაცივარში რძის პაკეტი შედგა:
– დღეს ხომ გწერენ, რაღად გინდა ეს რძე?
– ჩემი შვილის რძეს თქვენ ვერ დაგიტოვებთ, – გავეხუმრე ექთანს, სინამდვილეში კი ანალიზის პასუხებს ველოდი, რომელიც გადაწყვეტდა კიდევ დაემატებოდა თუ არა შვილის მონატრებას დღეები. თუ ვერ გამწერდნენ, დილამდე ისევ უნდა შემეგროვებინა ზუსტად 15 რძის პაკეტი, ეს იყო ჩემი მთავარი მოტივაცია უკანასკნელი 12 დღის განმავლობაში.
ბოჭორიშვილში 16 ოქტომბერს მოვხვდი, ჯერ კიდევ მაშინ, როცა დილით ახალი კოვიდინფიცირებულების რიცხვი 800-ს არ აჭარბებდა, შესაბამისად ადგილები საავადმყოფოებში ჩემნაირი პაციენტებისთვისაც გამოინახებოდა, ახალგაზრდისთვის, რომელსაც არ აქვს კოვიდისთვის სახიფათო თანხმლები დაავადებები.
მანამდე იყო ზარი, დილით 10 საათზე, უცნობის ხმა, რომელიც ამბობდა რომ კოვიდ დადებითი ვარ, ჯერ იყო შიში, მერე სასოწარკვეთილება, მე ხომ უკვე თვენახევრის ნოე მყავდა, რომელსაც ძუძუთი ვკვებავდი. საკუთარი მკურნალობის სტრატეგიაზე და შესაძლო გართულებებზე მეტად ეს მადარდებდა, როგორ მეკვება ჩემი შვილი? შევძლებდი კლინიკაში რძის შეგროვებას და მაცივარში უსაფრთხოდ შენახვას? მერე ტრანსპორტირება? თავში სრული ქაოსი მქონდა, ბარგის ჩალაგება რომ დავიწყე პირველ რიგში რძის ელექტრო საწველი აპარატი და შესანახი პაკეტები ჩავდე ჩემოდანში, ზუსტად ვიცოდი რომ ძუძუთი კვება უნდა გამეგრძელებინა, თან ისე რომ ჩემი შვილის უსაფრთხოება დამეცვა.
წაკითხული მქონდა, რომ დედის რძიდან კოვიდი არ გადაეცემა ჩვილს, ამას ჩავეჭიდე, დავიწყე სასწრაფოდ ინფორმაციის მოძიება, ჯანმოს, CDC-ის და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე ყველა ინფორმაცია წავიკითხე, ინფორმაცია დამაიმედებელი იყო, ყველა კვლევით დასტურდებოდა, რომ დედის რძე უსაფრთხო იყო ჩვილისთვის, მეტიც ეს დაცვის გარანტიაც იყო, რადგან ინფიცირებული დედის ორგანიზმი გამოიმუშავებს ანტისხეულებს, რომელიც სისხლზე სწრაფად დედის რძეში გადადის, ბავშვისთვის ამ რძის მიღება ვაქცინის ტოლფასია.
ბოჭორიშვილში ერთ პატარა ოთახში მომათავსეს, პალატაში სამი პაციენტი იწვა, ერთ-ერთი 22 წლის გოგო ახალქალაქიდან, რომელსაც სახლში 5 დღის პატარის დატოვება მოუწია და თვითონ კლინიკაში მე-14 დღეს ატარებდა, მაშინვე ვკითხე რძეზე რას შვრები მეთქი, თავისი დამტვრეული ქართულით მითხრა: „ბავშვი სახლში არის, აქ წამალი მოიტანეს, დავლიე და წავიდა რძე, შენც მოგიტანენ და გაქრება რძე.“ შეშინებულმა ჯანდაცვის სამინისტროში დავრეკე, ვუთხარი, რომ თვენახევრის შვილი მყავს და მჭირდება დახმარება, რათა რძე მივაწოდო ბავშვს, იქედან დამამშვიდეს, მითხრეს არ მენერვიულა, დამპირდნენ რომ ყველა დამეხმარებოდა რძის შენახვაში. მაშინვე ამოვიღე საწველი აპარატი და ჩემი შვილისთვის რძის შეგროვება დავიწყე, მორიგე ექთანს მაცივარში თაროს გამოთავისუფლება ვთხოვე და მას შემდეგ ყოველ 3 საათში ჩემი რძე გადიოდა ამ მარშუტს. რძე რომ არ შემმცირებოდა სისტემატურად ვიწველიდი, ყოველ 3 საათში, ღამით მაღვიძარა მეყენა, მიუხედავად იმისა, რომ კოვიდი ისედაც მაცლიდა ენერგიას, მამხნევებდა ის ფაქტი რომ ჩემს შვილს ყოველდღე ახალი რძე შეეძლო მიეღო, რომელიც დედის არ ყოფნის მცირედი კომპენსაცია მაინც იყო.
რამდენიმე დღის მერე დავიწყე ჩემი ისტორიის გაზიარება ლაქტაციის ჯგუფში სხვა დედებისთვის, სწორედ ამ ჯგუფის დამსახურება იყო, რომ მე ეს ძალა და გამბედაობა მქონდა, ისეთ რთულ პირობებში ძუძუთი კვების შენარჩუნება, შვილისთვის, რომელიც რამდენიმე კილომეტრით შორს იყო ჩემგან. დიდი სითბო და მხარდაჭერა მივიღე ჯგუფიდან, ძალიან ბევრი დედა დღემდე მწერს და მთხოვს გამოცდილების გაზიარებას, ამიტომ აქაც დავწერ კოვიდისგან თავის დასაცავად CDC-ის მარტივი ინსტრუქცია აქვს დედებისთვის:
· დაიბანე ხელები გამოწველის დაწყებისას;
· გამოიყენე სტერილური საწველი და ჭურჭელი;
· გამოყენების შემდეგ ყველაფერი გარეცხე და გაასტერილე;
· დაიცავი პირადი ჰიგიენა, დაიბანე მკერდი ხშირად.
რძის პაკეტებს ჩემი მეუღლე დილით აკითხავდა, თითოეულ მათგანს სათითაოდ წმენდდა სტერილური ხსნარით და ათავსებდა რძის სპეციალურ ჩანთაში, რომ უსაფრთხოდ წაეღო ნოესთვის. იმისიც მეშინოდა რომ ბოთლით ჭამის შემდეგ ბავშვი ძუძუზე უარს იტყოდა, თუმცა საბედნიეროდ უკვე 2 თვის ნოემ ძუძუ მაშინვე სიამოვნებით დაიბრუნა.
კლინიკიდან გამოსულმა აღმოვაჩინე, რომ იმაზე მეტ რძეს ვუგზავნიდი ჩემს შვილს, ვიდრე ესაჭიროებოდა, ამიტომაც გადავწყვიტე რძე გამეცა, ლაქტაციის ჯგუფში დავწერე, ბევრს შეეშინდა, მაგრამ გამოჩნდა ერთი გოგო ნინო, რომელიც სამსახურის გამო ვერ ახერხებდა საკმარისი რძის შვილისთვის მიწოდებას, მან წაიღო ჩემი რძე თავისი ექვსი თვის დემნასთვის და ამ ისტორიას ბედნიერი გაგრძელებაც მოჰყვა. ერთი თვის შემდეგ უკვე ნინოს ოჯახს მოუხდა კორონასთან გამკლავება, დაინფიცირდა ნინო, მისი მეუღლე და მათი 4 წლის შვილი, თუმცა დემნა ვირუსს გადაურჩა, მისი დაცვა შეძლო ჩემმა რძემ, რომელიც შეიცავდა ანტისხეულებს.
ასე დაიცვა ვირუსისგან დედის რძემ ორი ბავშვი – ნოე და დემნა და გადამარჩინა სასოწარკვეთილებას, შორს შვილისგან მყოფი.