Skip to content Skip to sidebar Skip to footer

რაქიტი D ვიტამინის ნაკლებობით გამოწვეული დაავადებაა და მისით გამოწვეული დეფიციტი სხვადასხვა ორგანოსა და სისტემაში, სხვადასხვა დარღვევების მიზეზი ხდება. D ვიტამინით გამოწვეულ კლინიკურ სინდრომს ბავშვებში რაქიტი ეწოდება და უმეტესად, 2-3 თვის ასაკში ვლინდება.  იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკური საავადმყოფოს ექიმი-პედიატრი ნანუკა ყავლაშვილი ბავშვებში D ვიტამინით გამოწვეულ სიმპტომებზე და მის ადრეულ პრევენციაზე გვესაუბრება.

რა არის რაქიტი და რას უკავშირდება მისი  გამომწვევი ძირითადი მიზეზები ?

რაქიტის ძირითადი მიზეზი არის D ვიტამინის დეფიციტი. დაავადებას ახასიათებს ფოსფორისა და კალციუმის ცვლის დარღვევა და ძვლოვან ქსოვილებში სპეციფიკური დაზიანების განვითარება. როდესაც D ვიტამინი აკლია ორგანიზმს ხდება კალციუმის და ფოსფორის ცვლის მოშლა და შემდეგ, უკვე  კლინიკურად ვლინდება რაქიტისთვის დამახასიათებელი ნიშნები. D ვიტამინის წყარო ძალიან ბევრი რამ არის, ძირითადად D ვიტამინს ჩვენ საკვების სახით ვიღებთ და ასევე, ის ჩვენს კანში  წარმოიქმნება მზის სხივების ზემოქმედებით. დეფიციტური რაქიტი, ძირითადად, მაინც ჩვილი ბავშვების პრობლემაა, გამომდინარე მათი ცხოვრების და კვების ხასიათიდან. რატომ არიან მაინცდამაინც ჩვილი ბავშვები მეტი რისკის ქვეშ? იმიტომ, რომ ჩვილი ბავშვები მზის პირდაპირი სხივების ზემოქმედების ქვეშ გაყვანა არ შეიძლება  და მის კანს არ აქვს უნარი დაიცვას თავი მზის სხივებისგან, რადგან შეიძლება დამწვრობა იოლად განვითარდეს და ეს მიზეზიც,  გარკვეულწილად ხელს უწყობს  D ვიტამინის დეფიციტს. ერთადერთი ვიტამინი, რომელიც შეიძლება ძუძუთი კვებაზე მყოფ ბავშვს  აკლდეს არის სწორედ D ვიტამინი, ამიტომ ყველა ბავშვს, რომელიც ძუძუთი იკვებება, თანამედროვე  რეკომენდაციით, ერთი თვიდან  ეძლევა ყოველდღიური დოზა D ვიტამინის. რაც შეეხება, იმ  ბავშვებს, რომლებიც ხელოვნურ კვებაზე იმყოფებიან და  რომელიმე ნარევს იღებენ, ხელოვნურ ნარევში დამატებული არის  D ვიტამინი. მიჩნეულია, თუ ბავშვი დღის განმავლობაში 500 მლ ნარევს მიიღებს 24 საათის გამავლობაში, ე.ი D ვიტამინის საკმარის რაოდენობას იღებს.

რა არის ის სიმპტომები, რითაც შეუძლია მშობელს ამოიცნოს მიმდინარე დაავადება?

რაქიტი განსაკუთრებით, ზამთრის პერიოდში ვლინდება, რადგან ამ პერიოდში ბავშვი ჰაერზე ნაკლებად გაჰყავთ და ასეთ დროს, თუ ბავშვს კვება არ აქვს მოწესრიგებული, D ვიტამინის დეფიციტს განიცდის და შესაბამისად, კალციუმის ცვლა ირღვევა. (კალციუმი ძირითადად ძვლების შენებისთვის არის მნიშვნელოვანი) და შესაბამისად, იწყება ის ნიშნები, რომელიც მშობელს დაეხმარება ამოიცნოს ბავშვში დაავადების სიმპტომები. ესენია:

  • ძილის პრობლემები – უძილობა, ძილში შეკრთომა, ფრთხილი ძილი.
  • ადვილად გაღიზიანებადობა და  ჭირვეულობა
  • ოფლიანობის მომატება, განსაკუთრებით ეს კეფის არეში ვლინდება, რაც ამ ნაწილში თმის ცვენას იწვევს (რასაც, რაქიტულ სიქაჩლესაც უწოდებენ)
  • ძვლების მხრივ  ცვლილებები, ეს შეიძლება გამოხატული იყოს თავის ფორმის ცვლილებით, გულმკერდის დეფორმაციით, ფეხების დეფორმაციით და ა.შ 

 D ვიტამინის მიღება ბავშვებში რა ასაკამდე არის რეკომენდირებული?

დღევანდელი რეკომენდაციით სასურველია  D ვიტამინის ორ წლამდე მიღება, D ვიტამინის დეფიციტური რაქიტის პრევენციის მიზნით, თუმცა D ვიტამინს მარტო რაქიტთან კავშირი არ აქვს. D ვიტამინის ნაკლებობა ძალიან ბევრი დაავადების და პათოგენიზურ მექანიზმში განიხილება, მაგრამ ბავშვებში  მაინც მეტად მნიშვნელოვანი არის რაქიტის პრევენციისათვის. ე.ი თუ ძუძუზე არის ბავშვი, ერთი თვის ასაკიდან აუცილებლად მნიშვნელოვანია დამატებით მიწოდება D ვიტამინის. 

როგორ მოვახდინოთ რაქიტის პრევენცია ბავშვებში და რას ურჩევდით მშობლებს?

ძუძუთი კვების დაწყებიდან ერთი თვის შემდეგ  D ვიტამინის მიღება აუცილებელია. მართალია ექვს თვემდე ჩვენ არ ვურჩევთ პირდაპირ მზის ქვეშ გაიყვანონ ბავშვი, მაგრამ მაინც აუცილებელია ყოველდღიურად ჰაერზე გაყვანა, თუ რა თქმა უნდა ქარი არ არის; ვინაიდან, ირიბი მზის სხივი მაინც ხვდება კანს და   D  ვიტამინის წარმოქმნა ხერხდება. 

და როდესაც, ბავშვი ექვსი თვის ასაკიდან დამატებით კვებაზე იწყებს გადასვლას, აუცილებელია მივაწოდოთ მას ისეთი პროდუქტები, როგორიც არის: ხაჭო, რძის პროდუქტები, რომელიც D ვიტამინს შეიცავს, კვერცხის გული, თევზეული, ის რაც შეიძლება იყოს D ვიტამინის წყარო და ასევე, რძის პროდუქტიც არის კალციუმის წყარო, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. შესაბამისად, ბავშვის დღიურ რაციონში მას მერე რაც დამატებით კვებას დაიწყებს და ერთი წლის შემდგომი ბავშვის რაციონში აუცილებლად რძის პროდუქტი უნდა იყოს, მინიმუმ ორი სამი ულუფა მაინც უნდა მიიღოს ბავშვმა. სულ ერთი არის რა სახით, შეიძლება ეს იყოს რძე ფაფაში, შესაძლებელია ეს იყოს ხაჭო, ყველი და ა.შ.

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5