ზაფხულის მოახლოებასთან ერთად მშობლებისთვის აქტუალური ხდება მწერების ნაკბენისგან გამოწვეული ალერგია. როდის არის საყურადღებო მწერისგან დანესტვრა, როგორ გავუწიოთ ბავშვს პირველადი სამედიცინო დახმარება და როდის მივმართოთ ექიმს – გვესაუბრება ალერგოლოგ-იმუნოლოგი, მედიცინის დოქტორი ნინო ლომიძე.
რომელი მწერის ნაკბენი იწვევს მძაფრ ალერგიულ რეაქციებს?
ზაფხულის დადგომასთან ერთად მწერების რაოდენობა იმატებს, რაც სერიოზულ პრობლემას უქმნის, არა მარტო ბავშვებს, არამედ მოზრდილებს. საყურადღებოა მათი ნაკბენის შედეგად განვითარებული ალერგიული რეაქციები. ძირითად პრობლემას ქმნიან ნესტრიანი მწერები: ფუტკარი, ბზიკი და კრაზანა, რომელთაც აქვთ ალერგიის გამოწვევის უნარი. კბენის დროს ისინი თავის შხამს უშვებენ ადამიანის ორგანიზმში, რის შედეგადაც იმუნური სისტემის პასუხი ვითარდება ორგანიზმში მოხვედრილ უცხო ნივთიერებაზე, რაც ვიზუალურად შესაძლებელია გამოვლინდეს სხვადასხვა სიმძიმის ალერგიული რეაქციის სახით. ხშირად, ასეთი მწერის ნაკბენის დროს ვითარდება მსუბუქი, ლოკალური რეაქცია, ხოლო იშვიათად შესაძლებელია ძალიან მძიმე რეაქცია – ანაფილაქსიური შოკი განვითარდეს.
როდის არის საყურადღებო და ნაკლებად საყურადღებო მწერის ნაკბენი?
თუ კბენის შედეგად აღინიშნა მხოლოდ ადგილობრივად სიწითლე, ქავილი და შეშუპება, რომელიც არ სცილდება დაახლოებით 3-5 სანტიმეტრს, ის არ განიხილება რთულ ალერგიულ რეაქციად. ეს არის ჩვეულებრივი, ორგანიზმის ფიზიოლოგიური პასუხი მწერის ნაკბენზე. მაგრამ, თუ ნაკბენის ადგილზე კანის სიწითლე და შეშუპება მოიმატებს, გასცდება 10 სანტიმეტრს ან მეტს, მაშინ მას უწოდებენ დიდ ლოკალურ რეაქციას. დიდი ლოკალური რეაქციის დროს მტევანზე ნაკბენმა შესაძლოა მოიცვას მთელი წინამხარი, ან ტერფზე უკბინოს მწერმა და მუხლამდე მთელი წვივი შეშუპდეს. ინსექტური ალერგიის სიმძაფრე მატულობს კბენიდან 24-48 საათის პერიოდში, შეიძლება რამდენიმე დღე გაგრძელდეს და შემდეგ განიცდის კლებას.
სიცოცხლისთვის საშიშ რეაქციებს იწვევს მწერის ნაკბენზე განვითარებული სისტემური რეაქცია, რომელსაც ანაფილაქსიურ შოკს უწოდებენ. მას ახასიათებს ჭინჭრის ნასუსხის მაგვარი გამონაყრი, ქუთუთოების, ტუჩის, ენის შეშუპება, ბრონქოსპაზმი, უნებლიე შარდვა, წნევის ვარდნა. თუმცა მისი განვითარების სიხშირე არის დაბალი და ყველა ადამიანს ფუტკრის ნაკბენზე ანაფილაქსიური შოკი არ აღენიშნება. ანაფილაქსიური შოკი სწრაფად განვითარებადი ალერგიული რეაქციაა, ძირითადად ვითარდება კბენიდან რამდენიმე წუთში, მაქსიმუმ 1 საათის მანძილზე. კბენიდან მე-2-3 დღეს ანაფილაქსიური შოკის განვითარების შანსი პრაქტიკულად არ არსებობს.
როგორ გავუწიოთ ბავშვს ან მოზრდილს პირველადი დახმარება მწერის ნაკბენის დროს?
პირველ რიგში ძალიან ფრთხილად, დანის წვერით უნდა ამოვიღოთ მწერის მიერ დატოვებული ნესტარი. აღსანიშნავია, რომ მხოლოდ ფუტკარი ტოვებს ნესტარს, კრაზანას და ბზიკს ამის უნარი არ აქვთ. შემდეგ ჩამოვიბანოთ საპნიანი წყალით ნაკბენი ადგილი, რომ არ მოხდეს ქავილის ან ნესტრის ამოღების დროს კანის ინფიცირება. ასევე მნიშვნელოვანია ნაკბენ ადგილზე 15-20 წუთის განმავლობაში დავადოთ ყინული.
რა მედიკამენტების გამოყენება შეგვიძლია ასეთ დროს დროს?
თუ მსუბუქი რეაქციაა და არ სცილდება სიწითლე 5 სმ-ს შეგვიძლია ანტიალერგიული გელი გამოვიყენოთ ნაკბენის ადგილზე სიწითლისა და ქავილის შესამცირებლად. დიდი ლოკალური რეაქციის (ნაკბენის ადგილი 10 სმ და მეტი) ან სხვა უფრო საყურადღებო სიმპტომების ჭინჭრის ნასუსხის მაგვარი გამონაყრის, კიდურების, სახის შეშუპების დროს, აუცილებელია მივმართოთ ალერგოლოგს, რათა რეაქციის სიმძიმის მიხედვით დაინიშნოს სხვადასხვა ჯგუფის სამკურნალო მედიკამენტები, როგორიცაა ალერგიის საწინააღმდეგო პრეპარატები, ადგილობრივი და სისტემური გამოყენების გლუკოკორტიკოსტეროიდები (პრედნიზოლონი, დექსამეტაზონი). რაც შეეხება ანაფილაქსიურ შოკს, მისი პირველადი დახმარება ადრენალინის გამოყენებაა. ასეთ დროს მნიშვნელოვანია, არ დაიკარგოს დრო და სწრაფად მოხდეს გადაუდებელი დახმარების აღმოჩენა.
კოღოს ნაკბენისგან შესაძლებელია განვითარდეს ალერგიული რეაქცია?
კოღოს ნაკბენი იშვიათად იწვევს მძაფრ ალერგიულ რეაქციებს – ძირითადად ვლინდება ლოკალური რეაქციის, სიწითლისა და შეშუპების სახით. კოღოებისთვის განსაკუთრებით მიმზიდველები არიან პატარა ბავშვები, ორსულები და დიდი წონის მქონე ადამიანები. კოღო ასევე შეიძლება იყოს სხვადასხვა დაავადების გადამტანი, მაგალითად ლეიშმანიოზის, ამიტომაც სასურველია საღამოს საათებში მცირე ასაკის ბავშვები მოვარიდოთ ტბიან ადგილებს, სადაც არის მტკნარი წყალი და მათ სიახლოვეს არ ვატაროთ ისინი მოკლე შარვლით. ასევე, არ უნდა დაგვავიწყდეს კოღოს საწინააღმდეგო რეპელენტების და დამცავი ბადეების გამოყენება, ბინებსა თუ აგარაკებზე.