ალბათ, გახსოვთ, რომ თქვენი შვილი 2 წლამდე ყველაფერს პირში იდებდა. ჩვილები ამას აკეთებენ სარძევე კბილების ამოჭრის დროს ან იმისთვის, რომ გაეცნონ მათ გარშემო არსებულ სამყაროს. მაგრამ რა ხდება მაშინ, როდესაც სკოლამდელი ან სკოლის ასაკის ბავშვი ღეჭავს თავის ტანსაცმელს ან სხვა ნივთებს? შეიძლება თქვენ შეგაშინოთ ამ ჩვევამ, ხომ არ გამოიწვევს ის შვილის თანატოლებისა და მასწავლებლების კრიტიკას ან ხომ არ არის დაკავშირებული ფსიქიკური ჯანმრთელობის ზოგიერთ მდგომარეობასთან ან განვითარების პრობლემებთან. მოდით, დეტალურად განვიხილოთ, თუ რატომ ღეჭავენ ბავშვები ტანსაცმელს და როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ მათ ამ ჩვევისგან თავის დაღწევაში.
რატომ ღეჭავენ ბავშვები ტანსაცმელს?
პირის ღრუს სტიმულაცია მნიშვნელოვან როლს თამაშობს ბავშვის განვითარებაში. თავიდან ჩვილი იყენებს წოვის რეფლექსს შიმშილისა და წყურვილის ძირითადი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად. მოგვიანებით, მას შეუძლია გამოიყენოს ეს საკუთარი თავის დასამშვიდებლად, ყველაზე ხშირად „მატყუარა“ საწოვარასა და ცერა თითის წოვის სახით.
სკოლამდელი და სასკოლო ასაკის ბავშვებმაც შეიძლება მიმართონ პირის ღრუს სტიმულაციას საკუთარი თავის დამშვიდების გზების ძიებაში და რადგან ტანსაცმელი ადვილად ხელმისაწვდომია, ხშირად მის ღეჭვას იწყებენ.
როდის ვიღელვოთ, თუ ბავშვი ტანსაცმელს ღეჭავს?
მხოლოდ ის, რომ ეს ბუნებრივი ქცევაა, არ ნიშნავს, რომ მას ყურადღება არ მიაქციოთ. სამი წლის ასაკში ბავშვები ჩვეულებრივ წყვეტენ ნივთების პირში ჩადებას და საგნების ამ გზით შესწავლას. შემდგომ, პერანგის ღეჭვა შეიძლება იყოს შფოთვის, ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომის ან განვითარების პრობლემის ნიშანი, ამიტომ კარგი იქნება, თუ მიმართავთ სპეციალისტს, რათა გაარკვიოთ არის თუ არა ეს ქრონიკული ჩვევა, რომლის კონტროლი თქვენს შვილს უჭირს. შესაძლოა დაგჭირდეთ ოკუპაციური თერაპევტის ჩარევა. ასევე, სასარგებლო იქნება ორთოდონტთან და სტომატოლოგთან ვიზიტი იმის დასადგენად, ხომ არ არსებობს ფიზიკური მიზეზი, მაგალითად პირის ღრუში მტკივნეული ადგილი, რომელსაც ბავშვი იყუჩებს ღეჭვით ან წოვით.
როგორ ველაპარაკოთ ბავშვს ტანსაცმლის ღეჭვის ჩვევაზე?
კარგი იქნება, თუ თქვენს შვილს დაელაპარაკებით ამ თემაზე, თუმცა აუცილებელია, რომ არ გქონდეთ განმსჯელი ტონი. თქვენი მიზანი უნდა იყოს იმის გარკვევა, გაცნობიერებულად ღეჭავს თუ არა ბავშვი ტანსაცმელს. მან თავი არ უნდა იგრძნოს დამნაშავედ და შეურაცხყოფილად ამ ჩვევის გამო. შეგიძლიათ მას ჰკითხოთ შემდეგი სიტყვებით: „მე შევამჩნიე, რომ ზოგჯერ ტანსაცმელს ღეჭავ. როგორ ფიქრობ, რატომ აკეთებ ამას? რაში გეხმარება?“
თუ თქვენმა ბავშვმა იცის, რომ ღეჭავს პერანგს, ჰკითხეთ, როგორ გრძნობს თავს, როცა ამას ხალხის (მაგ. თანაკლასელების) წინაშე აკეთებს. თქვენ ასევე შეგიძლიათ გადაამოწმოთ თქვენი შვილის მასწავლებელთან ან აღმზრდელებთან, შეამჩნიეს თუ არა ეს ჩვევა და ხომ არ დასცინიან ჯგუფში ამის გამო. ეს დაგეხმარებათ გაიგოთ, ახდენს თუ არა გავლენას ეს თქვენი შვილის სოციალურ ცხოვრებაზე.
როგორ დავეხმაროთ ბავშვს ამ ჩვევასთან გამკლავებაში?
თუ ბავშვს ეს ჩვევა აწუხებს ან უარყოფითად მოქმედებს მის ყოველდღიურ ცხოვრებაზე, არსებობს გზები, რათა დაეხმაროთ მას ამ ჩვევისგან თავის დაღწევაში.
გამომწვევი მიზეზების ამოცნობა
როდის ღეჭავს თქვენი შვილი ტანსაცმელს? მაშინ, როცა შია? როცა ფოკუსირებულია რაიმე დავალებაზე? თუ შესვენებაზე, როცა შფოთავს სოციალური ურთიერთობების გამო?
თუ „გამოიჭერთ“ შესაძლო გამომწვევ მიზეზებს, შეგიძლიათ ამ ქცევის თავიდან არიდება. მაგალითად, წასახემსებლის შეთავაზებით, თუ შიმშილის გამო იწყებს ტანსაცმლის ღეჭვას. ან სტრესის მართვის სხვა მეთოდების სწავლებით, როცა ღელავს. მაგალითად, სუნთქვითი ვარჯიშები.
ალტერნატივის შეთავაზება
ბავშვი, რომელიც ღეჭავს ტანსაცმელს, ეძებს პირის ღრუს სტიმულაციას, ამიტომ შესთავაზეთ მას ამ სიტუაციისთვის შექმნილი პროდუქტები. მაგალითად რბილი, უსაფრთხო საღეჭი ყელსაბამები.
ხშირად, ბავშვის ხელების დაკავება შეიძლება სასარგებლო იყოს ამ დროს. შეგიძლიათ შესთავაზოთ თქვენს შვილს ფუნჯი ან სენსორული სათამაშოები („სპინერი“, „ფოფითი“, რუბიკის კუბი), რათა ხელები ჰქონდეს დაკავებული და გადაიტანოს ყურადღება ტანსაცმლიდან.
წყარო: www.verywellfamily.com