რა იწვევს თმის ცვენას მშობიარობის შემდეგ?
საშუალოდ, ადამიანი დღეში დაახლოებით 100 ღერ თმას კარგავს, მაგრამ ერთდროულად არა, ასე რომ თქვენ მათ ვერ ამჩნევთ. ორსულობის დროს ორსულობის ჰორმონები ხელს უშლის თმის ცვენას და შესაძლოა, თქვენც ისეთი სქელი და მშვენიერი თმა გქონდეთ, როგორიც შამპუნის რეკლამების მოდელებს. ამას ეწოდება ტელოგენის ფაზა.
როდესაც ეს ჰორმონები იკლებს, თმა ცვენას იწყებს (ტელოგენ ეფლუვიუმის ფაზა). თუ ორსულობის დროს თმა ძალიან გაგეზარდათ, მშობიარობის შემდგომ შეიძლება გეგონოთ, რომ მელოტდებით, მაგრამ ეს ასე არ არის.
მიუხედავად იმისა, რომ ხშირად თმის ცვენა ძუძუთი კვებას ბრალდება, არ არსებობს მტკიცებულება, რომ ძუძუთი კვება იწვევს ან ზრდის თმის ცვენას მშობიარობის შემდგომ პერიოდში.
როგორ შევამსუბუქოთ მშობიარობის შემდგომი თმის ცვენა?
უპირველეს ყოვლისა, ღრმად ჩაისუნთქეთ და შეახსენეთ საკუთარ თავს, რომ ეს ნორმალურია და გაივლის.
შემდეგ, იყიდეთ კარგი საწმენდი საშუალება იატაკისთვის, რათა იოლად შეაგროვოთ თქვენს სახლში მიმობნეული თმის ღერები (და ისინი ბევრი იქნება).
მიირთვით ვიტამინებით მდიდარი პროდუქტები და საკმარისი რაოდენობის წყალი.
განაგრძეთ პრენატალური ვიტამინების მიღება, განსაკუთრებით, თუ ძუძუთი კვებავთ.
გამოიყენეთ შამპუნი მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში (თითქოს საერთოდ გაქვთ დრო შამპუნისთვის!).
დაივარცხნეთ ფართო კბილებიანი სავარცხლით, რათა თავიდან აიცილოთ თმის ზედმეტად დაზიანება.
რამდენ ხანს გრძელდება მშობიარობის შემდგომი თმის ცვენა?
სამწუხაროდ, ეს არის სიმპტომი, რომელსაც თითქმის ყველა დედა განიცდის. დედათა უმეტესობას ის ეწყება მშობიარობიდან 3 თვეში. ეს შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე კვირა ან რამდენიმე თვე, რაც დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენ ხანს გაგრძელდება თქვენი თმის ციკლი. ხშირად დედებს ავიწყდებათ, რომ ეს ეტაპიც მშობიარობის შემდგომ პერიოდად ითვლება და არ ფიქრობენ მშობიარობასთან დააკავშირონ ეს სიმპტომი.
როგორც წესი, მშობიარობიდან 6-8 თვეში ეს პროცესი მცირდება. მიმართეთ ექიმს, თუ თქვენი შვილის პირველი დაბადების დღისთვის თმა ისევ გცვივათ. ეს შეიძლება იყოს ჰიპოთირეოზის ნიშანი.
წყარო: www.verywellfamily.com