Skip to content Skip to sidebar Skip to footer

ყოველღამე, მთელი მსოფლიოს ბავშვები ღელავენ საწოლის ქვეშ დამალული მონსტრის გამო. ეს შიში უფროსებისთვის ახალი არაა, რადგან თაობების განმავლობაში გრძელდება.

სიბნელის შიში, განსაკუთრებით მარტო ყოფნის დროს, ბავშვების ერთ-ერთი ყველაზე დიდი შიშია. 2015 წელს გამოქვეყნებული კვლევით, ბავშვებს სიბნელის კი არა, უშუალოდ ღამის ეშინიათ.

ზოგიერთი მკვლევარი ეჭვობს, რომ  ეს ევოლუციურია. ღამე ადამიანები ყველაზე დაუცველები იყვნენ მტაცებლების თავდასხმისგან. დროთა განმავლობაში კი, ბავშვებმა ისწავლეს ტირილით უფროსების ყურადღების მიპყრობა  ღამეული საფრთხისგან თავდასაცავად.  

შფოთვა, რომელსაც ბავშვები განიცდიან დაძინებისას, მათი წარმოსახვით მარაგდება. შესაძლოა, სწორედ ამიტომ არიან ისინი დარწმუნებული, რომ როგორც კი მათ მარტო დატოვებთ, ლოგინის ქვეშ მონსტრი დაიმალება. ამას ასევე ხელს უწყობენ წიგნები, ფილმები და მულტფილმები უცნაური გარეგნობის არსებების შესახებ.

როგორ დავეხმაროთ ბავშვს შიშის დაძლევაში?

ყველაზე მნიშვნელოვანია თანაგანცდის გამოხატვა, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ძალიან გაღიზიანებული იყოთ მისი მუდმივი გაღვიძებებით. გთავაზობთ რამდენი გზას საწოლქვეშა მონსტრების შიშის დასამარცხებლად:

აღიარეთ თქვენი შვილის განცდები

იმის ნაცვლად, რომ უთხრათ „ნუ გეშინია“, უთხარით „ვიცი, რომ ახლა შეშინებული ხარ“. ეს მას გაუგზავნის შეტყობინებას, რომ შიში ნორმალურია. ნუ დაადანაშაულებთ ბავშვებს იმისთვის, რომ ზედმეტად დრამატულები არიან ან ყურადღებას ითხოვენ. ამის ნაცვლად, აღიარეთ, რომ ისინი შეშინებულები არიან და ეცადეთ, დაეხმაროთ შიშის დაძლევაში.

გაითამაშეთ წარმოდგენა

თოჯინების, პლუშის ცხოველების ან სხვა სათამაშოების გამოყენებით აჩვენეთ, თუ როგორ შეიძლება ადამიანი გაუმკლავდეს საწოლის ქვეშ მყოფი ურჩხულების შიშს ჯანსაღი გზით. წარმოდგენის გათამაშება დაეხმარება თქვენს პატარას საკუთარი შემოქმედებითი გადაწყვეტილებების მოძებნაში.

დახატეთ შიში და ისაუბრეთ მასზე

იმის გადმოცემა ქაღალდზე, თუ რას გრძნობენ, როცა ჩაძინებას ცდილობენ, ბავშვებს დაეხმარებათ თვითგამოხატვასა და  საკუთარი შიშის გადააზრებაში. იმაზე ლაპარაკი, რა დახატეს, უფრო დაცულად აგრძნობინებთ თავს.

შეიხედეთ საწოლის ქვეშ ბავშვთან ერთად

სანამ ძილის წინ შუქს გამორთავთ, ჰკითხეთ ბავშვებს, ხომ არ უნდათ საწოლის ქვეშ შეჭყვეტვა. თუ სურვილი გამოთქვეს, გამოიყენეთ ფანარი და შეიხედეთ საწოლის ქვეშ მათთან ერთად. იმ ადგილების ძებნა, რომლებშიც მათი აზრით მონსტრები არიან, დაეხმარება მათ შიშისთვის თვალის გასწორებაში.

ივარჯიშეთ სიბნელეში ყოფნაში

თუ ბავშვებს სიბნელის ეშინიათ, გააკეთეთ რაიმე სახალისო მათთან ერთად, როცა შუქს ჩააქრობთ. მაგალითად, წაიკითხეთ წიგნები ფანრის შუქზე ან მოუყევით თქვენი ბავშვობის ამბები, დაათვალიერეთ ციური სხეულები. ამ ყველაფრის მიზანი კი იმის ჩვენება იქნება, რომ სიბნელე ცუდი არ არის.

მიეცით სიტუაციის კონტროლის საშუალება

ჰკითხეთ, რა დაეხმარება შიშთან ბრძოლაში? რბილი დათუნია თუ სუპერგმირების პიჟამა. ეს მას უკეთ აგრძნობინებს თავს და პრობლემის გადაჭრას ასწავლის.

დატოვეთ სუსტი განათება ღამით

ძალიან დაბალი შუქი ზოგჯერ შველის ბავშვის შიშებს. ოღონდ, დარწმუნდით, რომ ის ანათებს მის სახეს და არ უშლის ხელს ჩაძინებაში.

შეუზღუდეთ წვდომა საშიშ ინფორმაციაზე

დარწმუნდით, რომ არ უყურებს ძალადობის შემცველ ან შემაშინებელ კადრებს, განსაკუთრებით ძილის წინ. ასევე, თავი შეიკავეთ ძილისწინა ზღაპრებისგან მონსტრების, ბოროტი პერსონაჟებისა და საშიში ცხოველების მონაწილეობით.

შეუქმენით დამამშვიდებელი ძილისწინა რუტინა

აბაზანა, წიგნის წაკითხვა, მშობლებთან ჩახუტება ბავშვს სწრაფად ჩაძინებაში დაეხმარება, რაც ნაკლებ დროს დაუტოვებს მონსტრებზე საფიქრალად.

წაიკითხეთ წიგნები შიშის დაძლევაზე

კვლევების მიხედვით, ასეთი წიგნების კითხვა მნიშვნელოვნად ამცირებს ბავშვის შიშს. „დედამ იცის“ გირჩევთ თქვენს შვილს წაუკითხოთ „ტოპო ტიპი შიშს ამარცხებს“, ამბავი გულადი თაგუნას შესახებ, რომელსაც ხშირად ეშინია რაღაცების, მაგრამ დედის დახმარებით მალე სწავლობს, რომ საშიში არაფერია.

წყარო: https://www.verywellfamily.com/

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5