თუ თქვენ და ბავშვის პედიატრი თვლით, რომ მისი გაუჩერებელი ტირილი კოლიკის ბრალია, სცადეთ შემდეგი მეთოდები მის დასამშვიდებლად:
- მსუბუქი მასაჟი. პატარას შეიძლება ესიამოვნოს მსუბუქი მასაჟი, საათის ისრის მიმართულებით წრიული მოძრაობებით ნაზად დაუზილეთ მუცელი. მაგრამ ყურადღებით იყავით, უფრო მეტად ხომ არ იღლება მასაჟით.
- ხმა. ჩვილებს უყვართ მონოტონური ხმები, რადგან მუცელში ყოფნას ახსენებთ და თავს დაცულად გრძნობენ. შეიძლება თმის საშრობის, სარეცხი მანქანის, მტვერსასრუტის ხმაზე დამშვიდნენ. სცადეთ „თეთრი ხმაური“, მოძებნეთ იუთუბზე შესაბამისი ხმები ან აპლიკაციები.
- სიჩუმე. ზოგიერთი ბავშვი თავს მშვიდად გრძნობს სიჩუმეში და სიბნელეში.
- მოძრაობა. მსუბუქმა რწევამ შეიძლება დაამშვიდოს ბავშვი. ამისთვის ბავშვის სარწეველა სკამი, ე.წ. „ბაუნსერიც“ გამოდგება, მაგრამ გახსოვდეთ, რომ ჩვილის ძილისთვის ერთადერთი დაცული ადგილი მყარი ზედაპირის საწოლია, ამიტომ თუ ჩაეძინა, გადააწვინეთ თავის ლოგინში. ან ჩაისვით ბავშვი კენგურუში ან სლინგში ისე, რომ თქვენი გულისცემა ესმოდეს და იარეთ ოთახში.
- დატოვეთ სახლი. ღია ცის ქვეშ ეტლით, კენგურუთი ან სლინგით გასეირნების დროს ახალი ხმები, სუნები და საგნები ჩვილს ყურადღების გადატანაში დაეხმარება, სუფთა ჰაერი და რიტმული მოძრაობები კი დაამშვიდებს და ჩაძინებაში დაეხმარება.
- შეახვიეთ. გაიხსენეთ, როგორ მყუდროდ იყო მოკალათებული თქვენი პატარა თქვენს მუცელში და მიხვდებით, როგორი ფართო და შეიძლება საშიშიც კია ეს სამყარო მისთვის. ამიტომ, შეახვიეთ მსუბუქი ნაჭრით კვებებს შორის ან კოლიკის გამძაფრების პერიოდში და ეს მას ჩაძინებაშიც დაეხმარება. პატარებს საკუთარი სხეულის უნებლიე მოძრაობებიც აფრთხობთ, შეხვევა ამ პრობლემასაც აგვარებს. ჩვილთა უეცარი სიკვდილის სინდრომთან დაკავშირებით გაითვალისწინეთ, რომ ეს მეთოდი გამოგადგებათ იქამდე, სანამ ბავშვი დამოუკიდებლად გადაბრუნებას მოახერხებს.
- თბილი აბაზანა. ბავშვებს ამშვიდებთ თბილი აბაზანა და წყლის ხმა.
- წოვა. წოვის რეფლექსის დასაკმაყოფილებლად მიეცით ბავშვს მატყუარა საწოვარა ან შეიძლება მან თვითონ მოინდომოს საკუთარი თითის წოვით თავის დამშვიდება.
- გაზების დაგროვების პრევენცია. დაეხმარეთ ჩვილებს ჭამის შემდეგ ამობოყინებაში.
- სითბო მუცელზე. თბილი წყლით სავსე ბოთლი ან თბილი პირსახოცი დაადეთ მუცელზე, ზოგ ბავშვს ეს ეხმარება დამშვიდებაში.
რომელი მედიკამენტი შველის კოლიკას?
პრობიოტიკები და შებერილობის საწინააღმდეგო წვეთები (სიმეთიკონი/მილიკონი) შეიძლება არაეფექტური იყოს კოლიკის დროს, მაგრამ დადებითად იმოქმედოს მუცლის ტკივილზე.
როგორ გავუმკლავდეთ ბავშვის კოლიკას?
როცა ბავშვს ვერ დაამშვიდებთ, შეიძლება თქვენც ატირდეთ. განაგრძეთ ბავშვზე ზრუნვა და ამ დროს გახსოვდეთ, რომ:
ეს არ არის პირადული. როცა თქვენი პატარა უარყოფს დამშვიდების მცდელობებს და თქვენზე გაბრაზებული ჩანს, გაითვალისწინეთ, რომ ის ჯერ ძალიან პატარაა და არ შეუძლია, რამე დაგაბრალოთ. ამასთანავე, კოლიკას არანაირი კავშირი არ აქვს თქვენი, როგორც მშობლის უნარებთან.
არ დარჩეთ მარტო. შეინაცვლეთ ბავშვის მამა, მეგობარი ან ოჯახის წევრი, რომ ცოტა ხნით განმარტოვდეთ, გაისეირნოთ, დაიძინოთ ან გამოსაცოცხლებლად შხაპი მიიღოთ.
თუ თქვენ განიცდით ბრაზს ან იმედგაცრუებას ბავშვის მიმართ, ჩაისუნთქეთ ღრმად და დააწვინეთ თავის საწოლში ზურგზე, უსაფრთხოდ. გადით მეორე ოთახში დასამშვიდებლად. ან დაურეკეთ მეგობარს, რომ მოვიდეს და ბავშვთან დარჩეს, სანამ თქვენ დამშვიდდებით. არასდროს შეარხიოთ ბავშვი, რამდენად გაბრაზებულიც არ უნდა იყოთ.
დარეგისტრირდით დედების ჯგუფებში, რომ გაიზიაროთ იმ დედების გამოცდილება, რომლებიც თქვენს სიტუაციაში იყვნენ ან არიან.
საკუთარ თავზე ზრუნვა ბავშვზე ზრუნვას ნიშნავს. დაისვენეთ, ჯანსაღად იკვებეთ, ივარჯიშეთ, როგორც კი ამას შეძლებთ. ეს ყველაფერი დაგეხმარებათ ჩვილის კოლიკასთან გამკლავებაში.
თქვენ ეხმარებით ბავშვს მაშინაც, როცა ის ტირილს აგრძელებს. თქვენ შეიძლება ვერ შეძლოთ თქვენი ბავშვის ტირილისგან დაცვა, რადგან მას ხანდახან სწორედ ეს სჭირდება. განაგრძეთ ხელში ჭერა, დაარწიეთ, ეჩურჩულეთ და დაე, იტიროს და დარწმუნებული იყოს თქვენს სიყვარულში.
წყარო: www.babycenter.com