Skip to content Skip to sidebar Skip to footer

რეფლუქსი იგივე წამოქაფება, ჩვილებში საკმაოდ გავრცელებული მდგომარეობაა. წამოქაფება ხშირია ექვს თვემდე ასაკში და ბავშვის ზრდასთან ერთად იშვიათი ხდება. პედიატრი ანა მაღრაძე გვესაუბრება, როდის არის საყურადღებო რეფლუქსის შემთხვევები ბავშვებში და როდის უნდა მიმართოს მშობელმა პედიატრს. 

რა არის რეფლუქსი და რამდენად  გავრცელებულია ჩვილებში? 

რეფლუქსი ანუ წამოქაფება  ჩვილებში ეწოდება მდგომარეობას, რომლის დროსაც ჭამის შემდეგ ხდება კუჭის შიგთავსის წნევით  ამოსვლა (ამოსროლა) უკან – პირის ღრუსკენ. წამოქაფება უფრო ხშირია 6 თვემდე ასაკში, ბავშვის ზრდასთან ერთად უფრო იშვიათი ხდება, თუ ეს პრობლემა გაგრძელდა  18 თვის  ასაკის შემდეგ, უკვე ნორმას აღარ მიეკუთვნება და საჭიროებს შემდგომ კვლევებს.

რა  განაპირობებს  ჩვილებში რეფლუქსს?

რეფლუქსის მიზეზი ახალშობილებში ძირითადად  არის ანატომიური თავისებურება: კუნთების ჯგუფი, რომელიც მდებარეობს კუჭსა და საყლაპავს შორის და წარმოქმნის საყლაპავის ქვედა სფინქტერს, ზოგჯერ არასრულყოფილია, რის გამოც  კუჭის შიგთავსი ბრუნდება უკან – საყლაპავისკენ. ბავშვის ზრდასთან ერთად  სფინქტერი მხოლოდ მაშინ გაიღება, როდესაც ბავშვი იკვებება, ხოლო სხვა დროს  იქნება   დახურული და ხელს შეუშლის კუჭის შიგთავსის უკან მოძრაობას.

როდის  არის საყურადღებო რეფლუქსის შემთხვევები ჩვილებში და რა უნდა გამოირიცხოს პირველ რიგში? 

რეფლუქსის შემთხვევაში უნდა  გამოირიცხოს ობსტრუქციული დაავადებები,  გასტროეზოფაგალური რეფლუქს დაავადება, ალერგია ან გაუვალობა:

ობსტრუქცია არის დახშობა ან შევიწროება – 1) საყლაპავში (საყლაპავის სტრუქტურა)  და 2)  კუჭსა და ნაწლავებს შორის – პილოროსპაზმი, რომელიც ძირითადად გარდამავალი ხასიათისაა და ასაკის მატებასთან ერთად გადაილახება   და   პილოროსტენოზი, რომელიც აუცილებელ ქირურგიულ ჩარევას მოითხოვს. პილოროსპაზმი უნდა განვასხვაოთ პილოროსტენოზისაგან, რომელიც ხასიათდება ძლიერი ღებინებით, თვალით შესამჩნევი კუჭის კუნთების შეკუმშვით, ძლიერი და მკვეთრი ფიზიკური განვითარების შეფერხებით.   

ალერგიული გასტროენტერიტი არის საკვებში შემავალი ნივთიერების აუტანლობა, ხშირად ძროხის რძეში არსებული ცილის – კაზეინის მიმართ.

გასტროეზოფაგალური რეფლუქსის დაავადება (გერდ) არის უფრო მწვავე მდგომარეობა, რომლის დროსაც კუჭის  მჟავის რეფლუქსი იწვევს საყლაპავის ამომფენი გარსის დაზიანებას და შემდგომში ანთებითი პროცესის და ხშირად ეროზიების  განვითარებას.

ეოზინოფილური ეზოფაგიტი  იმუნური სისტემის ქრონიკული დაავადებაა, რომლის დროსაც სისხლის შემადგენლობაში შემავალი თეთრი უჯრედები – ეოზინოფილები გროვდებიან და იწვევენ საყლაპავის ამომფენი ლორწოვანი  გარსის დაზიანებას. გამოწვეულია  საკვებზე რეაქციებით, ალერგენებით ან კუჭის მჟავის რეფლუქსით, შესაძლოა გამოიწვიოს საყლაპავის ქსოვილის დაზიანება და ანთება. საყლაპავის დაზიანებული ქსოვილი იწვევს ყლაპვის გაძნელებას და ამოქაფებას, ფიზიკური განვითარების შეფერხებას.

როდის უნდა მიმართოს მშობელმა  პედიატრს?

საყურადღებოა პაციენტი – თუ ამოქაფება გრძელდება 6 თვეზე მეტხანს, როდესაც ბავშვი უკვე გადადის შედარებით ნახევრად მყარ და მით უფრო მყარ საკვებზე, თუ აღინიშნება ფიზიკური და გონებრივი განვითარების მხრივ ჩამორჩენა, ბავშვი არ იმატებს წონაში, აღენიშნება ძლიერი რეფლუქსი, რომლის დროსაც კუჭის შიგთავსი დიდი სისწრაფით და მაღალი წნევით გამოდის პირიდან,  თუ ამონაღები მასა არის მომწვანო-ყვითელი შეფერილობის  ან შეინიშნება  სისხლი ან მუქი ყავისფერი მინარევები,   თუ ბავშვი უარს ამბობს საკვებზე, თუ ბავშვს აქვს სუნთქვის უკმარისობა და ა.შ.

მშობელმა  რა ტექნიკები უნდა გამოიყენოს რეფლუქსის შესამცირებლად? 

ახალშობილთა რეფლუქსის შემთხვევაში, სახლის პირობებში დედის ქმედებები არის შემდეგი:  კვების შემდგომ, განსაკუთრებით ბუნებრივი კვების პირობებში, ახალშობილი რამდენიმე წუთით უნდა დაიჭიროთ ვერტიკალურ პოზიციაში, რათა მოხდეს საკვებთან ერთად გადაყლაპული აირების ბუნებრივად ამოქარვება.       გახშირებული წამოქაფების შემთხვევაში – ახალშობილი სასურველია დავაწვინოთ დამრეც ზედაპირზე  დაახლოებით 30 გრადუსიანი დახრილობით, რათა თავიდან ავირიდოთ ძილის დროს ამონაღები მასის სასუნთქ გზებში ასპირაცია. ასევე კვების დროს დედამ უნდა აკონტროლოს ყლაპის სისწრაფე – სასურველია ბუნებრივი კვების დროს 2-3 გამოქაჩვას მოჰყვებოდეს ყლაპვა, რაც მიუთითებს, რომ რძის ნაკადი თანაბარია სარძევე ჯირკვლის სადინარებში.  ხელოვნური კვების შემთხვევაში უნდა იქნას შერჩეული სპეციალური ბოთლი და საჭიროების შემთხვევაში სპეციალური კვება, ანტი-რეფლუქსნარევის სახით. 

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5