ენაბორძიკი – მეტყველების დარღვევის ფორმაა, რომელიც შესაძლოა მრავალი ფაქტორით იყოს გამოწვეული. ყველაზე ხშირად ეს მდგომარეობა ბავშვებში გადატანილ სტრესსა და მაღალ შფოთვას უკავშირდება. როგორ შეიძლება დავეხმაროთ ასეთ დროს პატარას და რა შეიძლება მოჰყვეს მშობლის “გულმოდგინებას”, როდესაც ის ცდილობს სწორად აამეტყველოს ბავშვი, ამეცადინოს და გაამეორებინოს სწორად სიტყვები, გვესაუბრება კლინიკური ნეიროფსიქოლოგი და ფსიქოლოგიის დოქტორი მაია მაჭავარიანი.
მეტყველების რა ტიპის დარღვევაა ენაბორძიკი და როდიდან შეიძლება დაეწყოს ბავშვს ენაბორძიკის სიმპტომები?
ენაბორძიკი მეტყველების ერთ-ერთი ასპექტის დარღევაა და არა სისტემური დარღვევა, რაც ნიშნავს იმას, რომ პრობლემა არის სიტყვის წარმოთქმა. ამ შემთხვევაში, ბავშვს შესაძლოა ენა ასაკის შესაბამისად ჰქონდეს ათვისებული და პრობლემას წარმოადგენს აზრის სიტყვებში ჩამოყალიბება, რაც გამოიხატება მეტყველების დროს პაუზების ჩართვით, ან ბგერების და მარცვლების განმეორებით. ასევე ენაბორძიკის დროს, შეიძლება ადგილი ჰქონდეს ბგერის წაგრძელებასაც. ბგერის გაწელვას ხშირად თან ახლავს სპაზმი. აღნიშნული მდგომარეობა ხასიათდება მაღალი შფოთვით. შფოთვა არის ენაბორძიკის მნიშვნელოვანი მახასიათებელი, რადგან ყურადღების ცენტრში მოხვედრისას ან აუდიტორიის წინ გამოსვლის დროს ბავშვები ღელავენ. აღელვება იწვევს ენაბორძიკს, რაც მეტად ღელავს პატარა, მით გამოხატულია ენაბორძიკი.
ენაბორძიკის შემთხვევაში, თუ დროულად არ მოხდა ჩარევა, მთელი ცხოვრება შეიძლება ჰქონდეს ეს პრობლემა ადამიანს. ენაბორძიკი ძირითადად იწყება სამი წლის ზემოთ ასაკიდან, ყველაზე ხშირად ვლინდება 5-6 წლამდე ასაკში. ამ პერიოდში ჯერ კიდევ ყალიბდება ენა-მეტყველების ფუნქციები და შესაბამისად მეტად მოწყვლადია, ასევე ამ დროს მოწყვლადია ემოციური სფეროც და ამ ფაქტორმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს მეტყველების გამართულობაზე. ყოფილა ისეთი შემთხვევებიც, რომ ენაბორძიკი განვითარებულა შიშის (ანუ ძლიერი სტრესის) შედეგად. სტრესული მოვლენის ზეგავლენით დაწყებული ენაბორძიკი შფოთვასთან შეჭიდული პრობლემაა, რომელიც შემდეგ შესაძლოა მთელი ცხოვრება აწუხებდეს ადამიანს, თუ არ იმუშავებენ ამ მიმართულებით.
ხომ არ ამძიმებს ამ მდგომარეობას ბავშვის გარშემომყოფების ერთგვარი “ზეწოლა”, რომ მან სწორად და გამართულად ისაუბროს, მოჰყვეს ლექსები, ზღაპრები და ა.შ?
სკოლამდელ ასაკში მართალია, ხშირად ხდება ზედმეტად გადატვირთვა ამ მიმართულებით. მაგალითად, იწყებენ ლექსების დასწავლას, სთხოვენ ბავშვს – დადგეს და თქვას ლექსი ან ზღაპარი, რაც ენა-მეტყველების ფუნქციების მოუმწიფებლობის ფონზე, შესაძლოა გახდეს ენაბორძიკის მიზეზი. ერთის მხრივ ბავშვს ჯერ არ აქვს სათანადოდ განვითარებული და მომწიფებული ენის გარკვეული ასპექტები, მას ჯერ არ შეუძლია აზრის თავისუფლად და გამართულად ჩამოყალიბება, ხოლო მეორეს მხრივ, გარემოდან მოდის მოთხოვნა, რომ უნდა ჰქონდეს ჩამოყალიბებული და განვითარებული, გამოხატოს აზრი თავისუფლად, მოჰყვეს შინაარსი, გამოიყენოს რთული სიტყვათა შეთანხმებები, რასაც ერთვის შფოთვა და იწყება ბორძიკი. ბავშვი ცდილობს გაიმეოროს ერთი და იგივე, სანამ დაალაგებს გონებაში წინადადებას, მოიფიქრებს რა სიტყვებით გამოხატოს აზრი, ძალიან ღელავს და მღელვარების ფონზე აქვს ენაბორძიკი. ანუ თუ სამეტყველო ფუნქციების განვითარება არ შეესაბამება გარემოს მოთხოვნებს, ზედმეტი გადატვირთვა ვერბალური მასალით ან ზეწოლა ამ მდომარეობას აპროვოცირებს.
გავრცელებულია ასეთი მოსაზრებაც, რომ ენაბორძიკი უფრო ხშირად ბიჭებში არის გამოხატული, ვიდრე გოგონებში. რამდენად სწორია ეს მოსაზრება?
ენაბორძიკი, დიახ, უფრო ხშირია ბიჭებთან, ვიდრე გოგონებთან. არის მოსაზრება, რომ მარცხენა ჰემისფერო, რომელიც ადამიანთა უმრავლესობაში მეტყველებით დომინანტურია, ანუ ახდენს ვერბალური მასალის გადამუშავებას და აზრის გამოხატვას სიტყვებში, ბიჭებთან, უფრო გვიან მწიფდება. ტესტოსტერონის ზეგავლენით, ბიჭების შემთხვევაში მარცხენა ჰემისფეროს მომწიფებას შედარებით მეტი დროს სჭირდება, ვიდრე გოგონების შემთხვევაში. ამის ფონზე, ბიჭების მეტყველების განვითარებაც სხვა ტემპებით მიმდინარეობს და დატვირთვა უნდა ჰქონდეს უფრო ნაკლები. არ უნდა მოვთხოვოთ იმაზე მეტი, ვიდრე შეუძლია ბავშვს. ზედმეტი ზეწოლა, დატვირთვა ვერბალური თვალსაზრისით, ლექსების დასწავლა და აქცენტის გაკეთება გამეორებაზე არ არის ეფექტური. ზოგ მშობელს ჰგონია, რომ კარგს აკეთებს, როდესაც მიზანმიმართულად ამეცადინებს ბავშვს მეტყველებაში და განსაკუთრებით კი ისეთ ბავშვებთან ცდილობენ, რომლებიც იგვიანებენ საუბრის დაწყებას. მშობლები ცდილობენ დასვან და ამეცადინონ სურათების აღწერაში, ზღაპრის მოყოლაში, გაამეორებინონ ყველაფერი და ა.შ ასეთი დატვირთვა შესაძლოა იყოს ძლიერი სტრესორი ბავშვისათვის და გახდეს შფოთვის წყარო.
რამდენად არის ბავშვის ფსიქიკა მზად ემოციური დატვირთვისთვის მცირე ასაკში?
ენაბორძიკის შემთხვევაში, ორი ძირითადი მომენტი შეგვიძლია გამოვყოთ: ერთი, რომ ხდება მეტყველების გადატვირთვა ამ მიმართულებით, როდესაც ბავშვის სამეტყველო ფუნქციები არ არის მომწიფებული სათანადოდ, და მეორე, რომ არც ემოციური სფერო არ არის ჯერ განვითარებული და არ არის მზად სტრესული სიტუაციის დასაძლევად. არიან ბავშვები, რომელთაც უყვართ ყურადღების ცენტრში ყოფნა და მათთვის ეს სტრესული არ არის, მაგრამ არიან ბავშვები, რომელთათვისაც ეს დიდი სტრესია. ეს გარკვეულწილად დამოკიდებული ბავშვის ტემპერამენტზე და პიროვნულ წყობაზე. ზოგს მოსწონს ყურადღება, ზოგს კი არ უყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა.
მეორე მომენტია, თუ ბავშვმა ძლიერი სტრესი გადაიტანა (მაგ. შეეშინდა) და ამის ფონზე განუვითარდა ენაბორძიკი. ორივე შემთხვევაში, ცხადია, საჭიროა მივმართოთ სპეციალისტებს.
თუ ენაბორძიკი დასტურდება, მეტყველების თერაპევტის გარდა ვინ უნდა შეაფასოს კიდევ ბავშვის მდგომარეობა?
თუ ნამდვილად ენაბორძიკია, ბავშვისთვის დახმარება ხდება ფსიქოთერაპევტის მიერ, ან ენისა და მეტყველების თერაპევტის მიერ, რომელიც სპეციალურ სავარჯიშოების დახმარებით აუმჯობესებენ მეტყველებას. ასწავლიან სწორად სუნთქვას და მოდუნებას, დამშვიდებას მეტყველების დროს. ასევე, ენაბორძიკის შემთხვევაში ბავშვს აფასებს ნევროლოგი. ეს აუცილებელია, რათა გამოირიცხოს ნევროლოგიური მიზეზები. მაგალითად, ენაბორძიკი შეიძლება იყოს ტიკური აშლილობის სიმპტომი. ტიკური აშლილობები მრავალფეროვანია და შესაძლოა ვოკალური სახითაც იყოს წარმოდგენილი.
შესაბამისად, პირველ რიგში უნდა დაისვას სწორი დიაგნოზი – არის ეს ენაბორძიკი, თუ სხვა მდგომარეობასთან გვაქვს საქმე. ამას ადგენს ექიმი და ამიტომ მიზანშეწონილია ნევროლოგთან კონსულტაცის გავლა.
თუ ენაბორძიკი სტრესის და შიშის ფონზეა წარმოქმნილი, აუცილებელია ფსიქოთერაპევტის დახმარება, რადგან მდგომარეობის საფუძველია უფრო ემოციური მიზეზები, ვიდრე მოუმწიფებელი სამეტყველო აპარატი.
რას ურჩევთ მშობლებს, როგორ შეიძლება ასეთ დროს დახმარება გაუწიონ ბავშვს?
ბავშვების ენაბორძიკის დროს ვურჩევთ მშობლებს, რომ არ გაართულონ არსებული მდგომარეობა. თუ არის ენაბორძიკის ნიშნები, ვასწავლით როგორ უნდა მოიქცეს მშობელი, რომ ეს ნიშნები არ ჩამოყალიბდეს მყარ სიმპტომებად. ასეთ შემთხვევაში, ვურჩევთ მშობლებს, არ გაამახვილონ ყურადღება საუბარში დაშვებულ შეცდომებზე და არ უთხრან ბავშვს: ,,აბა, ახლა სწორად თქვი”, ,,აბა, ახლა დაწყნარდი და თავიდან გაიმეორე კარგად”, ,,მომისმინე და მე რასაც ვიტყვი, გაიმეორე” და ა.შ. ყოველთვის ველოდებით, რომ ბავშვმა თვითონ დაასრულოს აზრი და მშობელმა შეინარჩუნოს სიმშვიდე ასეთ დროს, აცალოს ბავშვს, არ ჩაერიოს აზრის ჩამოყალიბების პროცესში, არ დაეხმაროს, არ უკარნახოს და დაელოდოს. თუ აზრი გაუგებარია, შეუძლია დააზუსტოს ,,ამის თქმა გინდოდა?”, მაგრამ როდესაც ბავშვი ბორძიკობს და უჭირს წინადადების ჩამოყალიბება, მის ნაცვლად არ უნდა თქვას სიტყვები. როდესაც, მშობელი ბავშვის მაგივრად ამბობს სიტყვებს, ეს არის პირდაპირი ხაზგასმა იმაზე, რომ ბავშვი რაღაცას ვერ აკეთებს, არ გამოსდის და ამას მაქსიმალურად უნდა მოვერიდოთ. რადგან შედეგად ბავშვებს უყალიბდებათ შფოთვა, რომ არ გამოუვათ, ვერ იტყვიან, რაც კიდევ უფრო დაამძიმებს სიტუაციას და შეკრული მანკიერი წრე ჩამოყალიბდება. ერთის მხრივ, იქნება მართლაც რეალური პრობლემა აზრის ჩამოყალიბების და მეორეს მხრივ ემატება ღელვა, რომ არ გამოუვა და რაც უფრო ღელავს, მით უფრო უარესად ლაპარაკობს და რაც უფრო უარესად ლაპარაკობს, მით უფრო მეტად ღელავს. ამ მანკიერი წრის გასაწყვეტად უნდა შევუქმნათ მშვიდი გარემო და მშობელი მაქსიმალურად უნდა შეეცადოს, ისე წაიყვანოს ეს საუბარი, რომ თითქოს არაფერიც არ ხდება უჩვეულო და ყველაფერი ნორმალურადაა. ყურადღების გამახვილება ამაზე კატეგორიულად არ არის რეკომენდებული.
- ვაცადოთ ბავშვს ილაპარაკოს მარტივი წინადადებებით
- ჩავერიოთ მინიმალურად
- მოვარიდოთ გარემოს მკვეთრ ცვლილებას
- დავიცვათ მისი დღის რეჟიმი
- მოვარიდოთ ისეთ ახალ სიტუაციებს, სიახლეებს, რაც კომფორტული არ არის მისთვის. მაგ. თუ არ მოსწონს დაბადების დღეებზე სიარული, ამ პერიოდში მოვარიდოთ.
- სადმე წასვლა თუ იგეგმება და გარემოს შეცვლა უწევს ბავშვს, წინასწარ კარგად შევამზადოთ ამისთვის.