Skip to content Skip to sidebar Skip to footer

რა არის ჭიპლარი?

ჭიპლარის მეშვეობით ორსულობის დროს ნაყოფი დედისგან იღებს საჭმელს და ჟანგბადს. მას ასევე გამოაქვს ნარჩენები ბავშვის სხეულიდან, რათა დედა განთავისუფლდეს მათგან.

მშობიარობის შემდეგ, ექიმი გადაჭრის ჭიპლარს. რადგან მასში არ არის ნერვები, ვერც თქვენ, ვერც ბავშვი ვერაფერს იგრძნობთ. დაახლოებით 1-2.5 სმ-ის ნაწილი რჩება ბავშვის მუცელზე.

თავდაპირველად, ჭიპლარის ტაკვი ყვითელი და მბზინვარეა. გაშრობის შემდეგ კი ყავისფერი, ნაცრისფერი, მოიისფრო ან ცისფერი ხდება. თანდათანობით ის გამოშრება, გაშავდება და თავისით ჩამოვარდება.

ხშირად, ჭიპლარის ტაკვის მოძრობას 10-14 დღე სჭირდება, თუმცა ზოგ შემთხვევაში შეიძლება 21 დღემდეც გაგრძელდეს.

სანამ ჭიპლარის ტაკვი მოძვრება:

  • იყავით ფრთხილად. ნუ შეეხებით და ნურასოდეს მოქაჩავთ.
  • უზრუნველყავით ჭიპლარის ტაკვის სისუფთავე და სიმშრალე. ბანაობის ნაცვლად გაწმინდეთ დასველებული ღრუბლით.
  • არ მოკიდოთ ხელი, სანამ თავისით არ მოძვრება. ადრე, ექიმები ურჩევდნენ ალკოჰოლის შემცველი ხსნარებით მოშუშებას, მაგრამ ეს გაიდლაინი შეიცვალა, რადგან ამან შეიძლება შეაფერხოს შეხორცების პროცესი.
  • იმისათვის, რომ დაიცვათ ჭიპლარის ტაკვი შარდითა და განავლით დაბინძურებისგან, ჩაკეცეთ საფენი ისე, რომ მას არ ეხებოდეს. ასევე, შეგიძლიათ შეიძინოთ ისეთი საფენები, რომლებსაც აქვს ჭიპლარის ტაკვისთვის განსაზღვრული ხვრელი. თუ მაინც გაჭუჭყიანდა, მსუბუქად მობანეთ საპნიანი წყლით.

ხშირად შეამოწმეთ, ხომ არ დაინფიცირდა ჭიპლარი. შეატყობინეთ ექიმს, თუ შეამჩნიეთ:

  • სისხლი ჭიპლარის ბოლოზე.
  • თეთრი ან ყვითელი გამონადენი.
  • შეშუპება და სიწითლე ჭიპლარის გარშემო.
  • ჭიპლარის არეში შეხების დროს ტკივილი.

თუ თქვენი პატარა დაიბადა მცირე წონით ან დღენაკლული, ან აქვს ჯანმრთელობის სხვა პრობლემები, იზრდება ინფექციის შეჭრის საშიშროება, ამიტომ უფრო მეტად გაამახვილეთ ყურადღება ამ ნიშნებზე.

ჭიპლარის ტაკვის მოძრობის შემდეგ:

ნორმალურია, რომ შეამჩნიოთ სისხლის რამდენიმე წვეთი ბავშვის საფენზე. მაგრამ თუ დიდი რაოდენობით სისხლი წამოვა, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

თუ ჭიპლარის ტაკვი არ მოძვრა 3 კვირის შემდეგ, იყავით მომთმენი. შეინარჩუნეთ მისი სიმშრალე და დარწმუნდით, რომ არ არის დაფარული ბავშვის საფენით. თუ 6 კვირის შემდეგაც არ მოძვრება, ან შეამჩნევთ სიცხეს ან ინფექციას, დაურეკეთ ექიმს.

ტაკვის მოძრობის შემდეგაც შეინარჩუნეთ ჭიპის სიმშრალე და სისუფთავე. შესაძლოა, შეამჩნიოთ ყვითელი, წებოვანი სითხე. ეს ნორმალურია, არ არის ჩირქი და არ მიუთითებს ინფექციაზე.

ჭიპის გარშემო ფუფხებიც ნორმალურია, თუმცა თუ ბავშვს მუცელი გაუწითლდა, აქვს სიცხე ან შეამჩნიეთ ამღვრეული გამონადენი, მიმართეთ ექიმს.

ჭიპლარის ტაკვის გართულებები

იშვითად, ჯანმრთელობის ზოგიერთმა მდგომარეობამ შეიძლება გამოიწვიოს გართულებები:

ომფალიტი: კანისა და კანქვეშა ქსოვილის ანთება ჭიპის ირგვლივ. ახასიათებს მგრძნობელობის მომატება, სისხლიანი ან სხვა სახის გამონადენი ჭიპიდან, გაღიზიანება და სიცხე. ამ შემთხვევაში საჭიროა ანტიბიოტიკით მკურნალობა.

ჭიპის თიაქარი:  ამ დროს, ბავშვის ნაწლავის ნაწილი გამოეჩრება კუნთებს შორის, ჭიპთან ახლოს. ეს, როგორც წესი, არაა სერიოზული პრობლემა და 2 წლამდე გაივლის.

ჭიპის გრანულომა: ჭიპლარის მოძრობის შემდეგ შეიძლება შეამჩნიოთ მოწითალო ფერის წარმონაქმნი – თუ 1 კვირის შემდეგ არ გაქრა, შეატყობინეთ ექიმს. მან შეიძლება ვერცხლის ნიტრატის გამოყენებით მოწვას ის. ნუ შეგაშინებთ ეს პროცედურა, რადგან თქვენი პატარა ვერაფერს იგრძნობს.

წყარო: www.webmd.com

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5