Skip to content Skip to sidebar Skip to footer

დედის რძე ყველაზე მარტივად ასათვისებელი საჭმელია ჩვილის კუჭ-ნაწლავისთვის.  იგი ბუნებრივ საფაღარათო საშუალებად ითვლება. ასე რომ, იშვიათია ექსკლუზიურად ძუძუთი კვებაზე მყოფ ბავშვებს ჰქონდეთ შეკრულობა (ყაბზობა). უბრალოდ, მათ ხშირად შეუძლიათ რამდენიმე დღის განმავლობაში არ ჰქონდეთ კუჭის მოქმედება (დეფეკაცია). უფრო დიდი ბავშვისთვის ჩვეულებრივ ეს  პრობლემა იქნება. მაგრამ სავსებით ნორმალურია ბავშვისთვის, რომელიც მხოლოდ დედის რძით იკვებება და წონაში  ჩვეულებრივ იმატებს.

რა ითვლება ჩვილებში შეკრულობად?

ჩვილებში შეკრულობა ხშირად უფრო განისაზღვრება იმით, თუ როგორ გამოიყურება განავალი,  ვიდრე რამდენად ხშირად აქვს ბავშვს კუჭის მოქმედება.

ჩვეულებრივ, ჩვილებში ყაბზობად მიიჩნევენ, თუ მათი განავალი მაგარია, მკვრივია ან პატარა ბურთულების მსგავსია. რბილი განავალი, როგორც წესი, არ არის შეკრულობის ნიშანი.

დეფეკაციის სიხშირე

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ჩვილები, რომლებიც მხოლოდ ძუძუთი კვებაზე არიან, იშვიათად უჩივიან ყაბზობას. მათ  ცხოვრების პირველი ან ორი თვის განმავლობაში კუჭის მოქმედება ძალიან ხშირად აქვთ, შემდეგ კი უფრო იშვიათად.

ზოგიერთ ბავშვს შესაძლოა დეფეკაცია მხოლოდ 1-2 კვირაში ერთხელ ჰქონდეს და ეს არ ითვლება შეკრულობად, თუ საბოლოოდ განავალი რბილია.

მაშინაც კი, თუ ბავშვს იშვიათი განავალი აქვს – კვირაში მხოლოდ ერთხელ ან თუნდაც უფრო იშვიათად – თუ მათ ჯერ კიდევ აქვთ ნორმალური კონსისტენცია, არ უნდა ჩაერიოთ.

რატომ აქვთ ძუძუთი კვებაზე მყოფ ჩვილებს ასე იშვიათად კუჭის მოქმედება? დედის რძე ზოგჯერ მთლიანად შეიწოვება და მხოლოდ შარდის სახით გამოიყოფა. რა თქმა უნდა, მას შემდეგ, რაც თქვენ დაიწყებთ ბავშვისთვის  მყარი საკვების მიცემას ან ფორმულის დამატებას, ეს შეიცვლება.

შეუძლია მეძუძური დედის მენიუს გამოიწვიოს  ბავშვის შეკრულობა?

არა. კვლევებით დასტურდება, რომ არ არსებობს საკვები, რომელსაც მეძუძურმა დედამ თავი უნდა აარიდოს, თუ ბავშვს მასზე აშკარად უარყოფითი რეაქცია არ აქვს.

გაზები და უჯრედისი არ გადადის დედიდან ბავშვზე. ამიტომ, ბავშვის შეკრულობა ვერ იქნება დედის მიღებული საკვების ბრალი.

La Leche League International-ის თანახმად, რძეს ასტიმულირებს არა ის, თუ რას ან რამდენს ჭამთ ან სვამთ, არამედ რძე მოჰყავს თქვენი ბავშვის წოვის უნარს. ასევე, დედის რძე მზადდება თქვენს  სისხლში და არა საჭმლის მომნელებელ სისტემაში.

მიუხედავად ამისა, მნიშვნელოვანია სასარგებლო და დაბალანსებული კვება მეძუძურობის დროს, უფრო მეტად საკუთარი ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისთვის, ვიდრე თქვენი ბავშვის.

როდის არის საშიში ძუძუთი კვებაზე მყოფ ბავშვებში იშვიათი დეფეკაცია?

თუ ბავშვს პირველი რამდენიმე დღის განმავლობაში არ ექნება კუჭის მოქმედება (მეკონიუმი), შესაძლოა ჰქონდეს ჰირშპრუნგის დაავადება – თუმცა ეს იშვიათია, 5000-დან მხოლოდ 1 ბავშვს ემართება.

ძუძუთი კვების დროს იშვიათი დეფეკაცია თვემდე ბავშვისთვის, შეიძლება ნიშნავდეს, რომ ის არ იღებს დედის რძეს საკმარისად. ამ ვითარებაში ის სავარაუდოდ ან კვლავ იკლებს წონაში ან კარგად არ მოიმატებს და შეიძლება შეამჩნიოთ შარდვის შემცირებაც.

უფრო დიდ ბავშვებში თუ იშვიათ დეფეკაციას  თან ახლავს წონის პრობლემა, ეს შეიძლება იყოს ნიშანი იმისა, რომ ბავშვი არ იღებს საკმარის რძეს  ან რაიმე სხვა სამედიცინო პრობლემა აქვს.

ყველა ზემოთ ჩამოთვლილ შემთხვევაში  უმჯობესია ყურადღება მიაქციოთ ბავშვის სიმპტომებს და დაუკავშირდეთ  პედიატრს.

მკურნალობა ჩვილ ბავშვთა შეკრულობის დროს

მიუხედავად იმისა, რომ შეკრულობა იშვიათია ჩვილებში, რომლებიც მხოლოდ ძუძუთი იკვებებიან, ეს ხშირია  მათ რაციონში მყარი საკვების დამატების შემდეგ. ამ დროს, თუ ბავშვის განავალი მყარია ან უჭირს დეფეკაცია, მაშინაც კი თუ კუჭის მოქმედება ხშირად, ყოველ მეორე დღე აქვს,  ითვლება ყაბზობად.

გარდა ამისა, ბავშვებმა, რომლებსაც აქვთ  მტკივნეული დეფეკაცია, შეიძლება დაიწყონ განავლის შეკავება  (ტკივილის თავიდან ასაცილებლად), რაც შემდგომ დისკომფორტს იწვევს.

ბავშვების უმრავლესობისთვის ეს ნორმალურია. თუმცა, არსებობს რამდენიმე სამედიცინო მდგომარეობა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ყაბზობა ჩვილებში მაგალითად, კისტოზური ფიბროზი, მაგრამ მათ, როგორც წესი, თან ახლავს სხვა  სიმპტომები, რომლებსაც თქვენი პედიატრი აკონტროლებს, როგორიცაა წონის ცუდი მატება.

ნუ დააყოვნებთ პედიატრთან დარეკვას, თუ ფიქრობთ, რომ თქვენს ბავშვს ყაბზობა ან კუჭ-ნაწლავის  სხვა პრობლემები აქვს.

ჩვილების შეკრულობა პედიატრთან ვიზიტის ხშირი მიზეზია. უმეტესად, კვებით შეიძლება მოწესრიგება და ზოგიერთი  ვარჯიშიც (მაგალითად, „ველოსიპედი“)  ხელს უწყობს საჭმლის მონელებას.

წყარო: www.healthline.com, www.verywellfamily.com

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5