Skip to content Skip to sidebar Skip to footer

პლატფორმას “დედამ იცის” ესაუბრება ფსიქოლოგი ნინო სხირტლაძე.

ვესაუბრეთ მიჯაჭვულობის ერთერთი ტიპის შფოთვითამბივალენტური მიჯაჭვულობის შესახებ. რა იწვევს ბავშვში ამ ტიპის მიჯაჭვულობის ჩამოყალიბებას?

ოთხი ტიპის მიჯაჭვულობა არსებობს – უსაფრთხო მიჯაჭვულობა, თავის არიდებითი მიჯაჭვულობა, როდესაც მიჯაჭვულობის ობიექტს თავს არიდებ, არაორგანიზებული მიჯაჭვულობა არის, რომელსაც ორგანიზება და თანმიმდევრობა აკლია და შფოთვით-ამბივალენტური მიჯაჭვულობა. 

შფოთვით-ამბივალენტური მიჯაჭვულობა გამოწვეულია მშობლის არასწორი ქცევით, როდესაც ის არათანმიმდევრულია ბავშვზე ზრუნვასა და მოვლაში, ხან ძალიან მოსიყვარულეა,  აქცევს  ყურადღებას და გადამეტებულადაც ზრუნავს მასზე, ხან კი ემოციურად ცივი და გულგრილია; ანუ ხან ზრუნავს ბავშვზე, ხან არა, მაგალითად: ბავშვის ერთ მოთხოვნილებაზე, როდესაც ის წამოიტირებს, ხან ერთი რეაქცია აქვს და ხან მეორე, ასეთ დროს ბავშვი გაურკვევლობაშია და როდესაც მას რაღაც მოუნდება, მან არ იცის მშობლისგან ან აღმზრდელისგან რა პასუხს მიიღებს. ასეთ დროს ბავშვი ჩამოკიდებული ხდება მშობელზე, რადგან მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მშობლის გვერდზე ყოფნა და ემოციური კავშირი, კეთილგანწყობა. უსაფრთხო და სანდო მიჯაჭვულობისგან განსხვავებით,  (სანდო მიჯაჭვულობისას კავშირში ძალიან მნიშვნელოვანია თვალით კონტაქტი მშობელსა და შვილს შორის და ეს კონტაქტი უნდა  იყოს ძალიან თბილი და ბავშვი უნდა ამყარებდეს ამ კავშირს მშობელთან), შფოთვითი -ამბივალენტური მიჯაჭვულობის დროს ბავშვი არ ამყარებს თვალით კონტაქტს, თითქოს გაურკვევლობაშია და ვერ გაუგია რა ხდება მის თავს, აქ ლაპარაკია ჩვილებზე, რა თქმა უნდა. ბავშვები ნელ-ნელა სწავლობენ, თუ როგორ მიიღონ მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, ამას აკეთებენ  ზედმეტი  მიჯაჭვულობით და  მშობლის კალთაზე ჩამოკიდებით. ყველას გვინახავს დედას ამოფარებული ბავშვები, რომლებსაც ეშინიათ ნაბიჯის გადადგმის, ეშინიათ ინიციატივის გამოვლენის, რადგან  იმდენად არ არის დარწმუნებული მშობელთან ურთიერთობაში და თავის თავში, რომ სამყარო უსაფრთხო ადგილი აღარ ჰგონიათ.  ასეთ დროს ბავშვი  სულ ითხოვს მშობლისგან  ყურადღებას და ელის მისგან აღიარებას. 

ოგორ ხდება ამის დაძლევა?

ეს პრობლემა, რაც უფრო ადრე გადაილახება, რა თქმა უნდა უკეთესია, მაგრამ ზრდასრულ ასაკშიც არ არის გამორიცხული ამისგან გათავისუფლება თერაპიის საშუალებით. ამ ქცევის პატერნის და ამ დამოკიდებულების ცვლილებას სჭირდება თერაპია, დამოუკიდებლად შეიძლება გაუჭირდეს ადამიანს თავის თავთან მუშაობა, თუმცა არც ეს  არის გამორიცხული. თუ  მშობელი შვილის ბავშვობაშივე შეცვლის თავის ქცევას, დიდია შანსი  ბავშვმა ადრეულ ასაკშივე დასძლიოს. ბავშვი ორ წლამდე სხვადასხვა სტადიებს გადის, ორი წლიდან თუ ბავშვს სანდო და უსაფრთხო მიჯაჭვულობა აქვს ჩამოყალიბებული, მან იცის რომ არსებობს მშობელი, რომელსაც ენდობა, რომლის იმედი აქვს და თუ მას რაიმე გაუჭირდა, წავა მასთან და ის დაეხმარება. ასეთი ბავშვი უფრო თამამი არის, თამამად შეისწავლის სამყაროს და დედის კალთას აღარ არის ამოფარებული, იჩენს ინიციატივას, იმეგობრებს ბავშვებს, შეისწავლის ყველაფერს და სამყაროს ისე უყურებს, როგორც უსაფრთხო ადგილს. ძალიან მნიშვნელოვანია ასევე მშობლების ურთიერთობის პატერნი, რადგან ბავშვი იღებს და ჰბაძავს ამ მოდელს. რაც უფრო ჰარმონიულია ეს ურთიერთობა, ბავშვში უსაფრთხო მიჯაჭვულობა უფრო მეტია. ყველა მშობელს სურს საკუთარი შვილისთვის კარგი და რაც შეუძლია იმის ფარგლებში იმას გასცემენ, რაც ისწავლეს და მიიღეს თავის დროზე.  ხშირად ამბივალენტური და შფოთვითი მიჯაჭვულობის მქონე ბავშვებს ჰყავთ მშობლები, რომლებიც მიჯაჭვულობის მოცემულობაში გაიზარდნენ, აქვთ ემოციური შიმშილი და რაც მშობლებისგან ვერ მიიღეს, ცდილობენ შვილისგან მიიღონ; ასეთი მშობლები  ხდებიან ჰიპერმზრუნველი მშობლები და პირად სივრცეს არ აძლევენ ბავშვს, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან საზიანოა ბავშვებისთვის. როდესაც შფოთვითი-ამბივალენტური მიჯაჭვულობის მქონე ბავშვები იზრდებიან, ისინი არიან თვითკრიტიკული, დაბალი თვითშეფასება აქვთ და გარემოსგან ეძებენ მოწონებას და აღიარებას. არსებობს “კარგი გოგო”, “კარგი ბიჭი”-ს კომპლექსი, რა დროსაც ბავშვები  ყველას ეთანხმებიან ყველაფერში, ყველაფერს ასრულებენ, ოღონდ მათზე ვინმემ ცუდი არ იფიქროს. ასეთი ადამიანი იჩაგრება ცხოვრებაში და ყოველთვის აქვს უარყოფის შიში და ამის მოლოდინი. მიუხედავად იმისა, რომ ამ მოწონებას ეძებენ და ისე იქცევიან ეს მოწონება დაიმსახურონ, ეს მაინც არ შველის მათ თვითშეფასებას, ანუ მათი თვითშეფასება ამით არ იზრდება და რჩება ისევ დაბალი, ამის ფონზე მათ ხშირად აქვთ დეპრესია და შფოთვა. 

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5