Skip to content Skip to sidebar Skip to footer

შინ სწავლება ისევ გრძელდება და არავინ იცის რამდენ ხანს გაგრძელდება ასე. ეს პროცესი კი უფრო და უფრო რთულდება, არა მხოლოდ ბავშვისთვის, არამედ მშობლებისთვისაც, რადგან ახლა ისინი ამ  პროცესის წარმართველები და პასუხისმგებელნი  გახდნენ. მედიაპლატფორმა “დედამიცის” პერიოდულად შემოგთავაზებთ სპეციალისტებთან ინტერვიუს იმაზე, თუ როგორ გავუმკლავდეთ დისტანციური სწავლების გამოწვევებს და როგორ დაუჭირონ მხარი მშობლებმა შვილებს ამ პროცესში. ამჯერად, “დედამიცის” ესაუბრება ფსიქოლოგი გვანცა ჩვამანია. 

დისტანციური სწავლება იგივე  სკოლა სახლში, არა მარტო ბავშვებისთვის, მშობლებისთვისაც რთული პროცესია. გვესაუბრეთ ამაზე…

რაც დღეს ხდება, უპრეცენდენტო მდგომარეობაა, მიუხედავად იმისა, რომ პირველი შემთხვევა არ არის, რომ ვირუსი ბობოქრობს. რაც შეეხება დისტანციური სწავლების ასპექტებს, დავეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ დისტანციური სწავლება რომ არა, უფრო რთულად იქნებოდა საქმე. დისტანციურმა საშუალებებმა მოგვცა იმის საშუალება, რომ შევინარჩუნოთ სწავლების  პროცესი. მას აქვს საკმაოდ მყარი მტკიცებულება, რომ არის ეფექტური. აქ რამდენიმე საკითხი ჩნდება, თუ რამდენად არის ჩვენი განათლების სისტემა ამისთვის მზად, ტექნიკურად რამდენად არის აღჭურვილი, რამდენად ერკვევიან ამ პლატფორმებში მასწავლებლები და ა.შ დღეს მომუშავე მშობლები, რომლებიც დისტანციურად  თუ არადისტანციურად მუშაობენ, დიდ პრობლემებს აწყდებიან, რადგან ფიზიკურად ვეღარ ახერხებენ გვერდით მიუსხდნენ შვილებს და დაეხმარონ და თან იმუშაონ, ან სხვა შვილებზეც თანაბრად გადაანაწილონ ყურადღება, რომ აღარაფერი ვთქვათ, რამდენად ყოფნით ტექნიკური რესურსი… 

გვესაუბრეთ იმ სირთულეებზე, რაც დისტანციური სწავლების პროცესში იჩენს თავს. 

სწავლება არ არის პასიური პროცესი, აქტიური პროცესია, რომელშიც მსწავლელი ჩართული უნდა იყოს და უამრავი კვლევით დასტურდება, რომ მით უფრო კარგია დასწავლის ხარისხი თუ აქტიურად სწავლობს ბავშვი, მაგ. ცოცხალ მაგალითების მიხედვით, როცა შეუძლია პრაქტიკაში განახორციელოს ნასწავლი, ვიდრე პასიურად იჯდეს და უსმინოს, რაც რა თქმა უნდა რთულდება დისტანციურ პლატფორმაზე სწავლის პროცესში. პატარა ასაკის ბავშვებისთვის ეს კიდევ უფრო რთულია.  სიბრტყესთან ჯდომა არცერთი ბავშვისთვის არ არის სასურველი, რადგან ბევრი პრობლემა იჩენს თავს –  ხერხემლის პრობლემებით დაწყებული, თავის ტკივილებით და მხედველობის გაუარესებით დამთავრებული. ასევე, დისტანციურ სწავლებას და დისტანციურ ცხოვრებას დაუკავშირდა  ჭარბი წონის პრობლემა, უმოძრაობა, უკონტროლო კვება, ძილის პრობლემები და ა.შ. რადგან ბავშვები დღის განმავლობაში ვერ მოძრაობენ, საღამოს არიან აჟიტირებულები და გააქტიურებულები. 

ახლა როცა სკოლა აღარ ფუნქციონირებს, ერთ-ერთი პრობლემა ბავშვების  სოციალიზაციაა…

სკოლა მხოლოდ აკადემიური უნარების შეძენა არ არის, სკოლა არის ბავშვის სოციალიზაციის ადგილი, სადაც ბავშვი თავისი მიკროსოციუმიდან ანუ ოჯახიდან გადადის მაკროსოციუმში, სადაც აღარ არიან ოჯახის წევრები, სადაც არიან მასწავლებლები და  თანაკლასელები. თანატოლებთან ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვებისთვის, მათი ჯანსაღი განვითარებისთვის. ვფიქრობ ეს ყველაფერი, სამწუხაროდ ბევრ პრობლემას შექმნის.

დისტანციური სწავლება უჩვეულო გამოცდილებაა ბავშვებისთვის. რამდენად მნიშვნელოვანია მშობლის მხრიდან ემპათიური და სოლიდარული დამოკიდებულება ბავშვის მიმართ ამ პროცესის წასახალისებლად?

ამ პროცესის გამო ბავშვებში შეიძლება გაჩნდეს შფოთვა და ასეთ დროს მნიშვნელოვანია ბავშვებს ემოციურად დაუდგეს გვერდით მშობელი და მხარი დაუჭიროს მას. თუ მშობელი ცდილობს ყველანაირად გაუგოს ბავშვს ემოციურად, მაგრამ თვითონ აქვს  სტრესის და შფოთვის მაღალი მაჩვენებელი და ვერ უმკლავდება, რაც არ უნდა ცდილობდეს  დამალოს, საბოლოოდ ვერ დამალავს და გარკვეულწილად ქცევის მოდელი გახდება ბავშვისთვის. ამიტომ, მნიშვნელოვანია მშობლებმა გაითვალისწინონ სხვადასხვა რეკომენდაციები, თავადაც ეცადონ , რომ შეიმცირონ სტრესი, რაც ბავშვს მისცემს ქცევის მოდელს, რომ მშვიდად იყოს და ეს ყველაფერი კი, ბავშვის ემოციური მედეგობისთვის წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება. 

როგორი გარემო უნდა შეუქმნან მშობლებმა შვილებს მხარდასაჭერად, როცა  ირგვლივ უამრავი გამაღიზიანებელი ფაქტორია. რა ტიპის აქტივობები შეიძლება დაიგეგმოს? …

თუ მშობელი შექმნის მეტნაკლებად უსაფრთხო გარემოს ბავშვისთვის და მასთან უფრო მეტ დროს გაატარებს, ბავშვს  ოჯახურ თამაშებში ჩართავს და ეს იქნება ეკრანისგან თავისუფალი დრო დღის მანძილზე, ეს ბავშვს დაამშვიდებს და ემოციურად გააძლიერებს. რადგან ახლა ბავშვებს დღის მანძილზე დიდი დროის გატარება უწევთ  ეკრანებთან, მშობლებს ვურჩევ ერთი ან ორი საათი გაატარონ ერთად დრო. ოღონდ, აქ იგულისხმება არა მხოლოდ ბავშვებისთვის  ეკრანის შეზღუდვა, არამედ მშობლისთვისაც იგივე პირობაა. მათ უნდა  გადადონ ყველა ნივთი და დაკავდნენ ერთობლივად ბავშვისთვის საინტერესო აქტივობით: ერთად გააფერადონ, დახატონ, ლეგოები ააწყონ, წიგნი წაიკითხონ, ისეირნონ  სუფთა ჰაერზე, ოღონდ ამ დროს მშობელს არ უნდა ეჭიროს ტელეფონი ხელში. სასურველია სამუშაო დღეებში ასეთი ერთი საათი მაინც იყოს და შაბათ-კვირას უფრო მეტი. თუ მშობელი ბავშვთან ურთიერთობის  დროს ტელევიზორს უყურებს ან ტელეფონს ათვალიერებს, ის ფაქტობრივად ბავშვთან არ არის და რა თქმა უნდა, ბავშვი ამას გრძნობს.  ბავშვისთვის მშობელი როლური მოდელია და რასაც ითხოვს შვილისგან, ის თვითონაც მაქსიმალურად უნდა განახორციელოს. 

ახლა როცა მშობლები ვართ ერთპიროვნული მმართველები სასწავლო პროცესის, როგორ ვმართოთ ეს პროცესი, ისე, რომ სწავლა სასიამოვნო საქმიანობად იქცეს?

თუ გვსურს, რომ ჩვენს შვილებს მოსწონდეთ სწავლის პროცესი, სკოლაც და მშობლებიც თანამედროვე, პოზიტიურ სტრატეგიებს უნდა იყენებდნენ ამისთვის. პირველ რიგში მნიშვნელოვანია  შეიქმნას სწავლისთვის  წამახალისებელი გარემო. იმისათვის, რომ სწავლების პროცესი სწორად იყოს წარმართული, უნდა ვიცოდეთ ბავშვის ძლიერი და სუსტი მხარეების  შესახებ – რაზე სჭირდება მეტი დროის დახარჯვა, რაზე ნაკლების, რომელი საგანი უყვარს და როგორ წავახალისოთ ამ მხრივ, ხოლო  რომელიც უჭირს, აქ ვიპოვოთ მიზეზები დ დავეხმაროთ. სწავლის პროცესი უნდა გახდეს ბავშვისთვის არა სადამსჯელო, არამედ წამახალისებელი და სასიამოვნო. სასიამოვნო მაშინ ხდება, როცა რაღაც გამოგვდის კარგად და სიამოვნებით ვაკეთებთ. ასეა, ბავშვზეც. სასწავლო პროცესი არ უნდა იყოს ჩხუბთან  და დასჯასთან ასოცირებული და ამ პროცესში  ადამიანის პიროვნება არ უნდა დაიკარგოს. როცა ბავშვს რაღაც ვერ გამოსდის, მშობელი მუდმივად უნდა ეძებდეს  მიზეზს  და იყოს მუდმივად მისი მხარდამჭერი. ასევე, სასურველია  მიიღოს ის მოცემულობა, რომ შეიძლება ადამიანს ყველაფერი არ გამოსდიოდეს  და ყველა საგანში ერთნაირად ძლიერი ვერ იყოს. მშობელს ეს მიმღებლობა უნდა გააჩნდეს.

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5