Skip to content Skip to sidebar Skip to footer

“დედამიცისს” ესაუბრება ადრეული განვითარების სპეციალისტი მარიამ ზაქაშვილი.

გვესაუბრეთ, რა როლი აქვს თამაშს ადრეულ განვითარებაში,  რა გამოცდილებას იღებს ბავშვი ამ დროს და როგორ უნდა თამაშობდეს ის?

ადრეულ განვითარებაში განსაკუთრებული როლი უჭირავს  თამაშს, რომელიც ძალზე ეფექტური და ამავე დროს ბავშვისათვის ყველაზე საინტერესო და სახალისო „სწავლების“ მეთოდია. თამაშში ბავშვს გადააქვს ყოველდღიური-რუტინული აქტივობები და ასევე სწორედ თამაში ეხმარება მას შეიძინოს ახალი გამოცდილებები, რომელთაც ყოველდღიურ საქმიანობაში გამოიყენებს. თამაშისას ბავშვი ივითარებს შემდეგ უნარებს: მსხვილ და ნატიფ მოტორიკას, კოგნიტიურ სფეროს (აღქმა, ყურადღება, აზროვნება, მეხსიერება), ვითარდება რეცეპტული და ექსპრესიული ენა, სოციალურ-ემოციური და თვითმოვლის უნარები.

თამაშს, ისევე როგორც ამ სამყაროში ყველაფერს, აქვს განვითარების ეტაპები. მივყვეთ თანმიმდევრულად და განვიხილოთ თითოეული ეტაპი.

  • მარტო თამაში – ამ ეტაპზე ბავშვი თამაშობს მარტო, თავს ირთობს დამოუკიდებლად და ამ დროს არავის რთავს თამაშის პროცესში.
  • დამკვირვებელი – ამ დროს ისევ მარტო თამაშია წამყვანი, თუმცა უკვე აკვირდება და ინტერესდება სხვების თამაშით. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვი უკვე თამაშის დამკვირვებელია, ჯერ მაინც არ უერთდება სხვებს თამაშში.
  • პარალელური თამაში – განვითარების ამ ეტაპზე ბავშვი უკვე თამაშობს სხვა ბავშვების გვერდით, იყენებს მათ სათამაშოებს, აჩვენებს ან თხოვნის საკუთარს, თუმცა კვლავ არ თამაშობს მათთან ერთად.
  • ასოციაციური (ერთობლივი) თამაში – ამ ეტაპზე ერთმანეთთან ურთიერთობა ხდება წამყვანი, ბავშვები ხშირად საუბრობენ, უსვამენ ერთმანეთს კითხვებს, აქვთ ერთი მიზანი, თუმცა არ აქვთ წესები.
  • თანამშრომლობითი თამაში – ამ ეტაპზე უკვე წყვილში ან ჯგუფში თამაშია. ბავშვები თამაშობენ ერთ თამაშს, იცავენ წესებს, რიგს, ერთად გეგმავენ, აზიარებენ იდეებს და ჭრიან პრობლემებს. ამ ეტაპზე თითოეულ მონაწილეს აქვს როლი. 

მნიშვნელოვანია, გვესმოდეს, იმისათვის რომ ბავშვი გადავიდეს თანამშრომლობითი თამაშის ეტაპზე,  საჭიროა გაიაროს ყველა სხვა საფეხური. მაგალითად, არ უნდა ვაიძულოთ ითამაშოს სხვებთან ერთად, თუკი მას არ გაუვლია დაკვირვების ეტაპი. როდესაც ბავშვი მზად იქნება მომდევნო ეტაპზე გადასასვლელად, ჩვენი, უფროსების  დაძალება არ დასჭირდება. სასურველია, არ შევადაროთ სხვას, „ხომ ხედავ, სხვები როგორ თამაშობენ ერთად, შენ რა გჭირს“… გვახსოვდეს, ყველანი ვართ განსხვავებულები და ვვითარდებით განსხვავებულად, ამიტომ თუკი ვინმე უკვე ჩემს ასაკში თამაშობს ჯგუფში არ ნიშნავს, რომ მეც, იმავე ასაკის ადამიანი, მზად ვარ მსგავსი სტილის თამაშისთვის.

გარდა იმისა, რომ თამაშს აქვს განვითარების ეტაპები, იგი იყოფა ტიპებად/ეპოქებად, ვეცდები მოკლედ აღვწერო თითოეული მათგანი.

  • სენსო-მოტორული თამაში –  ბავშვი ეცნობა გარშემო არსებულ ყველა ნივთს შეგრძნების ყველა ორგანოთი: ეხება, იდებს პირში, გადააქვს ერთი ხელიდან მეორეში, აგდებს იატაკზე, აჩხარუნებს, ურტყამს ნივთს რაიმეზე  და უსმენს ამ ხმებს. ასევე ამ დროს ბავშვი აქტიურია ფიზიკურადაც: დახოხავს, ირწევა, ბევრს დაძვრება სიმაღლეებზე, დახტის, დარბის.
  • კონსტრუქციული თამაში – აწყობს კუბიკებს, ალაგებს ყუთში ნივთებს, შეუძლია ყუთს მოხსნას და დაახუროს თავსახური, აწყობს ფაზლს, ხატავს, აფერადებს, თამაშობს ქვიშით და პლასტილინით და ქმნის რაიმეს.
  • წარმოსახვითი, სიმბოლური თამაში – ბავშვი თამაშობს „ვითომ“ თამაშებს, ამზადებს საჭმელს, დაჰყავს მანქანები, უვლის თოჯინებს.
  • სოციალურ-როლური თამაშები – ამ დროს თამაშობენ ისეთ თამაშებს, სადაც სხვადასხვა როლები აქვთ:  დედა-შვილობანა, ექიმობანა, მაღაზიობანა…
  • წესებიანი თამაში – ისეთი თამაშებია, რომელსაც აქვს თავისი წესები, რისი გაკეთება შეიძლება ან არ შეიძლება, ასეთ თამაშებს ჰყავთ გამარჯვებული ან დამარცხებული.

არ დავივიწყოთ, რომ თამაშს მაშინ აქვს შედეგი, თუკი ის სიამოვნებაზეა დაფუძნებული. 

მნიშვნელოვანია ბავშვს ჰქონდეს თავისი სათამაშო სივრცე, ადგილი, სადაც თავს უსაფრთხოდ და კომფორტულად იგრძნობს. არ არის აუცილებელი სივრცეში მოიაზროთ ერთი  ოთახი. ამ სივრცის მოწყობა შესაძლებელია იმ ოთახში, სადაც დღის უმეტეს ნაწილს ატარებს ბავშვი. გამოყავით ეს ადგილი ხალიჩით და შესაძლოა ბავშვისთვის პატარა თარო ან ტუმბოც ამ ნაწილში განათავსოთ. არ გადატვირთოთ სათამაშო სივრცე ბევრი სათამაშოთი. რაც მეტია სათამაშო, მით ნაკლებია ბავშვის დაინტერესება სათამაშოებით. ეცადეთ ყოველკვირეულად ჩაანაცვლოთ სათამაშოები, რათა თითოეულმა უკვე ნაცნობმა სათამაშომ შეიძინოს ახლის ეფექტი და ბავშვი თავიდან დააინტერესოს.

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5