Skip to content Skip to sidebar Skip to footer

ალბათ, ყველა მშობელს ერთხელ მაინც ჰქონია შემთხვევა, როცა ბავშვს თავის დროზე არ დაუძინია და მერე უფრო ძნელი გამხდარა მისი დაძინება. ეს იმიტომ ხდება, რომ როცა ჩვილი ძალიან გადაიღლება, უჭირს ჩაძინება და თუ დაიძინა, ხშირად იღვიძებს.

ჩვილებს, რომლებსაც საკმარისად არ სძინავთ და უფრო დიდხანს ფხიზლობენ, ვიდრე შეუძლიათ გაუმკლავდნენ, ადრენალინისა და კორტიზოლის დონის მომატების გამო უჭირთ ჩაძინება.

ზოგჯერ აშკარაა, რომ თქვენი ბავშვი გადაღლილია, მაგრამ ხანდახან შესაძლოა გაგიჭირდეთ ამის გარჩევა. დააკვირდით შემდეგ ნიშნებს:

  • ბავშვს უჭირს ჩაძინება;
  • ბავშვს მხოლოდ რამდენიმე წუთით სძინავს, სრულფასოვანი ძილის ნაცვლად;
  • ბავშვი ძალიან გაღიზიანებულია;
  • ბავშვს ნაკლებად შეუძლია იმედგაცრუებასთან ან ტკივილთან გამკლავება;
  • ბავშვი სხვადასხვა დროს იძინებს დღისით, მაგალითად ჭამის დროს სკამში ან ეტლში, მიუხედავად იმისა, რომ ძილის დრო არ აქვს.

თქვენი ბავშვის გადაღლილობის თავიდან ასაცილებლად მოცემული რჩევები დაგეხმარებათ:

ყურადღება მიაქციეთ ძილის სიგნალებს: თვალების სრესა, ყურებისა და თმის ქაჩვა, მთქნარება, გაღიზიანება – ასე ბავშვი განიშნებთ, რომ ის დაიღალა.

შეუქმენით ძილისწინა რუტინა. ეს ხელს უწყობს ბავშვის გადასვლას სიფხიზლის დროიდან ძილის დროში. გამოიყენეთ შემოკლებული ვერსია დღის ძილის წინ.

მოერიდეთ ბავშვის გააქტიურებას ძილის წინ. ეს ნიშნავს, რომ არ ეთამაშოთ აქტიური თამაშები დაძინებამდე ნახევარი საათის განმავლობაში და მაქსიმალურად ეცადოთ, თქვენი ბავშვი უფრო წყნარ ადგილას იყოს, ეკრანებისგან შორს.

როგორ დავიძინოთ გადაღლილი ბავშვი?

რა თქმა უნდა, გაცილებით რთული იქნება გადაღლილი ბავშვის დაძინება, მაგრამ ეს შეუძლებელი არაა. შეგიძლიათ მოსინჯოთ ქვემოთ ჩამოთვლილი მეთოდები:

შეეცადეთ დააძინოთ ბავშვი ჩვეულ დროზე ნახევარი საათით ადრე. ეს დამოკიდებულია ასაკზე. ჩვილებს აქვთ “სიფხიზლის ფანჯრები”, დრო, რომლის განმავლობაშიც შეუძლიათ ფხიზლად ყოფნა.

მიჰყევით ჩვეულ რუტინას. ძილისწინა რიტუალი, იქნება ეს აბაზანა, წიგნის კითხვა თუ მშვიდი მუსიკა, ეხმარება ბავშვს იმის გაგებაში, რომ  ძილის დრო დგება.

მსუბუქად შეახვიეთ თქვენი ბავშვი და ჩაიხუტეთ ის ბნელ ოთახში, ხმების ან სხვა სტიმულაციის გარეშე. (ეს მხოლოდ მაშინ არის შესაფერისი, სანამ ბავშვი დაახლოებით 8 კვირის იქნება).

როგორ ჟღერს გადაღლილი ბავშვის ტირილი?

თქვენ ალბათ იცით, რომ თქვენი ბავშვი იყენებს სხვადასხვა ტირილს, რათა გაგაგებინოთ მისი საჭიროებების შესახებ. მაგალითად, შიმშილის ტირილი, ტკივილის ტირილი, სველი საფენით შეწუხების ტირილი, „დედამინდა“ ტირილი…

გადაღლილი ტირილი არის ცხვირისმიერი, უწყვეტი ტირილი, რომელიც ძლიერდება და ბავშვს უჭირს დამშვიდება.  ბავშვზე დაკვირვება და ძილის ნიშნების ცოდნა დაგეხმარებათ  თავიდან აიცილოთ მისი გადაღლილობა და დროულად დააძინოთ.  

წყარო: www.whattoexpect.com

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5