Skip to content Skip to sidebar Skip to footer

ხოხვა ბავშვის დამოუკიდებლად და ეფექტურად მიმოსვლის პირველი მეთოდია. ის თავიდან ხელებსა და მუხლებზე წონასწორობის შესწავლით დაიწყებს, შემდეგ გაარკვევს როგორ იმოძრაოს წინ და უკან მუხლების ბიძგებით. იმავდროულად მას გაუძლიერდება კუნთები, რომლებიც მალე მისცემს სიარულის შესაძლებლობას.

როდის იწყებენ ბავშვები ხოხვას

ბავშვების უმრავლესობა ხოხვას 6-დან 12 თვემდე შუალედში სწავლობს.

ზოგი ბავშვი გადაადგილების სხვა მეთოდს მიმართავს ხოლმე – მაგ. საჯდომით სრიალს, მუცელზე სრიალს ან ოთახში კოტრიალს. ზოგი კი საერთოდ არ ხოხავს და პირდაპირ ცდილობს დგომას, ავეჯის დახმარებით და დამოუკიდებლად სიარულს.

რატომ არის ხოხვა მნიშვნელოვანი

ტრადიციული ხოხვა ხელებსა და მუხლებზე გადამწყვეტია ბი-ლატერალური კოორდინაციის განვითარებისათვის, რაც თავის მხრივ ეხმარება ნევროლოგიურ განვითარებას, მნიშვნელოვანს მოგვიანებით კითხვისა და წერისათვის. ამასთან, მყარ ზედაპირზე ხელებითა და მუხლებით ბიძგები უზრუნველყოფს “სივრცეში სხეულის მდებარეობის” გაცნობიერებას. ის ასევე აძლიერებს მხრებს, რაც ხელს უწყობს სხვა ნატიფი მოტორული უნარების განვითარებას, როგორიცაა დამოუკიდებლად ჭამა, ჩაცმა და ცარცის ან ფანქრის დაჭერა.

ხოხვა აგრეთვე ცვლის თავის მდგომარეობას მიზიდულობასთან მიმართებით, რაც ეხმარება წონასწორობისა და კოორდინაციის განვითარებას, სიღრმის აღქმის ვიზუალურ განვითარებას და ხელისა და თვალის კოორდინაციას.

როგორ სწავლობენ ბავშვები ხოხვას

თქვენი ბავშვი ალბათ დაიწყებს ხოხვას მალევე მას შემდეგ, რაც დამოუკიდებლად ჯდომას შეძლებს (დაახ. 8 თვის ასაკისათვის). ამის შემდეგ მას შეუძლია თავის დაჭერა, რათა მიმოიხედოს, და მისი ხელების, ფეხებისა და ზურგის კუნთები საკმაოდ ძლიერია, რათა დაიცვან ის იატაკზე დაცემისაგან ხელებსა და მუხლებზე წამოწევისას.

ორიოდე თვის განმავლობაში, ბავშვი ნელ-ნელა ისწავლის ჯდომის პოზიციიდან ოთხზე თავდაჯერებულად გადასვლას და მალე გაარკვევს, რომ შეუძლია წინ და უკან რწევა, როცა მისი კიდურები სწორია და მისი ტანი იატაკის პარალელურია. სადღაც 9-10 თვისთვის ის გაარკვევს, რომ მუხლებზე ბიძგი აძლევს მას აჩქარებას, რაც მობილობისათვის სჭირდება. როდესაც ცოდნას შეიძენს, ის ისწავლის ხოხვის პოზიციიდან ჯდომის პოზიციაში დაბრუნებას.

ის ასევე დაეუფლება უფრო რთულ ტექნიკას, რასაც პედიატრი უილიამ სირსი ჯვარედინ ხოხვას უწოდებს – წინსვლისას ხელისა და მისი საპირისპირო ფეხის ერთდროული მოძრაობას ერთი და იგივე მხარის ხელ-ფეხის მოძრაობის ნაცვლად. ამის შემდეგ პრაქტიკა შობს სრულყოფილებას. ნახეთ, როგორ გახდება ბავშვი კომპეტენტური მხოხავი 1 წლის ასაკისათვის.

როგორ დავეხმაროთ ბავშვს ხოხვაში

– მუცელზე თამაში (Tummy time). თავიდან, გაცილებით ადრე, ვიდრე თქვენი ბავშვი მზად იქნება ხოხვისათვის, საკმარისი დრო გაატარებინეთ მუცელზე, როცა ღვიძავს. ბავშვის მუცელზე დაწვენა და რამდენიმე წუთით მასთან თამაში დღეში რამდენჯერმე, დაეხმარება მას ხოხვისათვის საჭირო კუნთების განვითარებაში. ეს ასევე დაიცავს თავის გაბრტყელებისგან, რაც ხშირად ხდება, როცა პატარები ზურგზე დიდ დროს ატარებენ (შეგახსენებთ, რომ ძილის დროს ბავშვი ყოველთვის ზურგზე უნდა იწვეს).

– მოძრაობის წახალისება. ხოხვის წახალისების საუკეთესო გზაა სათამაშოებისა და სხვა სასურველი ნივთების (თუნდაც თქვენი) განთავსება წვდომის არის მიღმა. ამერიკის პედიატრთა ასოციაცია ასევე გვირჩევს ბალიშების, ყუთებისა და მუთაქების დაბრკოლებებად გამოყენებას. ეს გააუმჯობესებს მის თავდაჯერებულობას, სიჩქარეს და სიზუსტეს. უბრალოდ, ნუ მიატოვებთ მარტო – ბალიშს ან ყუთს ქვემოთ რომ გაიჭედოს, შეშინდება და შეიძლება გაგუდვის საფრთხეც შეექმნას.

– ბავშვის უსაფრთხოება. ბავშვი, რომელიც ხოხავს, ბევრ ხიფათს შეიძლება გადაეყაროს. დარწმუნდით, რომ სახლი ბავშვისათვის უსაფრთხოა, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ კიბის ჭიშკრებს.  ბავშვს მიიზიდავს კიბეები, მაგრამ საფრთხის გამო, მოარიდეთ სანამ სიარულს არ დაეუფლება (დაახ. 18 თვის ასაკისათვის). ამის შემდეგაც, ნუ მოადუნებთ ყურადღებას.

სხვათაშორის, თქვენ ჯერ არ დაგჭირდებათ ფეხსაცმლის შეძენა. თქვენს ბავშვს ფეხსაცმლის რეგულარულად ჩაცმა არ დასჭირდება, სანამ სიარულს არ ისწავლის.

რა ვქნათ, თუ ბავშვი არ ხოხავს

ბავშვებს უნარები უვითარდებათ სხვადასხვა მეთოდით და სხვადასხვა გრაფიკით. მაგრამ თუკი ბავშვი 1 წლისათვის არ ავლენს ინტერესს ხოხვისადმი, ვერ ახერხებს ხელ-ფეხის კოორდინირებულ მოძრაობას ან თანაბრად ვერ ფლობს ორივე ხელ-ფეხს, მიმართეთ ექიმს. გახსოვდეთ, რომ დღენაკლული ბავშვები შესაძლოა რამდენიმე თვით ჩამორჩებოდნენ განვითარებაში მათ თანატოლებს.

ბავშვი ხოხავს. რა არის შემდეგი ეტაპი?

ხოხვის დაუფლების შემდეგ, სრულ მობილობამდე სიარულის სწავლაღა რჩება. ბავშვი მალე დაიწყებს წამოწევას ნებისმიერი საყრდენის დახმარებით, იქნება ეს ყავის მაგიდა თუ ბებიას ფეხი.

როდესაც იგრძნობს, რომ შეუძლია ფეხებზე წონასწორობის დაცვა, ის მზად იქნება დამოუკიდებელი დგომისა და ავეჯის დახმარებით სიარულისათვის. ამის შემდეგ მხოლოდ დროის საკითხია სიარულის, სირბილისა და ხტომის დაწყება.

წყარო: www.babycenter.com

კომენტარების ჩვენებაClose Comments

დატოვე კომენტარი

0.0/5