ფიზიკურ შევიწროებასთან ერთად არსებობს ფსიქოლოგიური და სექსუალური ხასიათის შევიწროება და ხშირად, ბავშვებიც ხდებიან სექსუალური შევიწროების მსხვერპლი. მშობლებისთვის საინტერესო იქნება როგორ დაიცვან თავიანთი შვილები ამ საფრთხისგან, რა ასწავლონ და რაზე ესაუბრონ, როდესაც ბავშვი ამ თემაზე ლაპარაკისგან თავს იკავებს. – “დედამ იცის” კითხვებს პასუხობს ფსიქოლოგი ელენე ჯაფარიძე.
როგორია შევიწროების ტიპები და როგორ დავიცვათ ბავშვები სექსუალური ხასიათის შევიწროებისგან?
შევიწროების სხვადასხვა ფორმა არსებობს: ფიზიკური, ფსიქოლოგიური და სექსუალური. თანამედროვე ონლაინ-ტექნოლოგიებმა კი ეს პრობლემა კიდევ უფრო გააღრმავა, განსაკუთრებით თინეიჯერებში, რომლებიც მზად არ არიან ზრდასრული ურთიერთობისთვის და არ არიან ინფორმირებულნი შესაძლო საფრთხეებზე, რომელიც შეიძლება ონლაინ სივრცეში წარმოიშვას მათთვის. ერთ-ერთი ასეთი პრობლემა არის – სექსტინგი (სექსუალური ხასიათის მესიჯების, ფოტო-სურათების გაგზავნა).
მნიშვნელოვანია, რომ მშობლებმა ვასწავლოთ და ავუხსნათ შვილებს, მივაწოდოთ ინფორმაცია სექსუალური შევიწროების შესახებ, მათთვის გასაგებ ენაზე. ფიზიკური ძალადობის დროს ბავშვისთვის რთული არ არის ამის ამოცნობა, მაგრამ სექსუალური და ფსიქოლოგიური ძალადობის გამოცნობა ცოტა გაურკვეველია მისთვის. ბავშვებმა არ იციან, რა არის ნორმა, რა შეიძლება და რა არ შეიძლება, რა დროს ილახება მათი თავმოყვარეობა და როგორ დაიცვან პირადი სივრცე. მშობლები იშვიათად ველაპარაკებით შვილებს ამ თემებზე და განსაკუთრებით სექსუალური ხასიათის სხვადასხვა ტიპის შევიწროებაზე, ამიტომ ბავშვები შეიძლება დაბნეულნი აღმოჩნდნენ ამ სიტუაციაში.
როგორ გამოვიცნოთ საეჭვო სიმპტომები, თუ ბავშვი არ ლაპარაკობს ამ თემაზე?
თუ ბავშვს რამე აწუხებს და განიცდის, ამას მშობელი აუცილებლად მიხვდება თუ დააკვირდება შვილს. ხშირად ბავშვებს ონლაინ სივრცეში წერენ და ემუქრებიან, რომ არ გაუმხილონ უფროსებს არაფერი, წინააღმდეგ შემთხვევაში მას და მის მშობლებს რაღაცას დაუშავებენ. ასეთ დროს, ცხადია, რომ ბავშვი აღარ არის ბედნიერი: ის იკეტება, ეცვლება ყოველდღიური ქცევის სტილი და აღარ ერთვება ისეთი ხალისით იმ აქტივობებში, როგორი ხალისითაც ერთვებოდა მანამდე; შეინიშნება ცვლილება კვებაში, ძილის დარღვევაში, ხშირად ღამის ენურეზიც იჩენს თავს, ბავშვი არის მეტად გაღიზიანებული, ვიდრე მანამდე – ეს ყველაფერი ქცევაში გამოიხატება. თუ მშობელი არ არის დაკვირვებული და ამ ყველაფერს მიაწერს ბავშვის კაპრიზს და იფიქრებს, რომ ისე უეცრად გაუფუჭდა ბავშვს ხასიათი, ეს არასწორია, რადგან ასე უეცრად არ ხდება ხასიათის გაფუჭება. ამ სიმპტომატიკის იგნორირება არ შეიძლება, რადგან ამის უკან დგას მიზეზი, რომელსაც ბავშვი თავისი ძალებით ვერ უმკლავდება და მას სჭირდება დახმარება. მნიშვნელოვანია ბავშვს სწორად დავუსვათ კითხვები, რომ მან დაინახოს, რომ უფროსები ვხედავთ და ვდარდობთ მის მდგომარეობაზე. მასთან საუბარს არ უნდა ჰქონდეს დაკითხვის ფორმა, რადგან ეს ყველაფერი ძალიან რთული მოსაყოლია, განსაკუთრებით ამ შემთხვევაში, როდესაც ბავშვმა არ იცის, რომ თვითონ არ არის დანაშავე. სექსუალური შევიწროება და ზოგადად სექსუალობა, ერთ-ერთი ყველაზე სტიგმატიზირებული და ტაბუდადებული საკითხია საქართველოში და ჩვენს პატრიარქალურ სისტემაში. და, თუ ამ თემაზე ბავშვთან მშობლებს არასდროს ულაპარაკიათ, უცებ ბავშვი გაიხსნას და ამ თემაზე ილაპარაკოს, წარმოუდგენელია.
სოციალურ ქსელებში ბავშვების ჩართულობაზე რა რეკომენდაციას მისცემთ მშობლებს, რა გაითვალისწინონ?
თუ ვუხსნით ბავშვს ფეისბუქს, ან ვაძლევთ წვდომას ინსტაგრამზე ან სხვა სოციალურ ქსელზე, მშობლებმა მათ უნდა ავუხსნათ, რომ ჩვენც ვიქნებით ჩართული მათთან ერთად ამ პროცესში, სანამ ის არის არასრულწლოვანი. მშობლებმა აუცილებლად უნდა გავაფრთხილოთ ბავშვები, რომ ვისაც არ იცნობენ არ დაიმატონ; თუ კი უცნობი წერს, აუცილებლად უნდა აჩვენოს მშობელს, რას წერს უცნობი. მშობლები უნდა მოუყვნენ შვილებს მაგალითებს, რომ ხშირად ზრდასრული ადამიანები ცუდი განზრახვით იყენებენ მოზარდებს იმისათვის, რომ თავიანთ საწადელს მიაღწიონ. როდესაც ბავშვი არის ინფორმირებული, თავიდანვე, სანამ ფეისბუქი ექნება, არის შანსი იყოს უფრო ფრთხილად და რისკებიც მცირდება, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ბავშვი ამას გაითვალისწინებს ყოველთვის და მხოლოდ ერთი გაფრთხილება საკმარისია. მაგრამ, მაშინაც კი, როცა ჩვენ ვამოწმებთ მათ ონლაინ აქტივობას, საფრთხე მაინც რჩება, მაგალითად ქუჩაში, ტრანსპორტში და სხვაგან. ძალიან ხშირია ტრანსპორტში სექსუალური ხასიათის შევიწროება, ამაზე ადრე არ საუბრობდნენ, სირცხვილი იყო, რადგან ისევ სტიგმატიზირებული იყო ის ადამიანი, ვინც შეავიწროეს. ჩვენი შვილების ინფორმირებულობა არის მნიშვნელოვანი სექსუალური შევიწროების პრევენციისთვის და ასევე მნიშვნელოვანია მშობლებსა და შვილებს შორის კომუნიკაცია.
როგორი ინფორმირებულიც არ უნდა იყოს ბავშვი, თუ მის თავს რაღაც ხდება და მას არ აქვს მშობლის მიმართ ნდობა და მშობელი არ აძლევს მას ისეთ სივრცეს, სადაც ის უსაფრთხოდ მოჰყვება თავისი ინციდენტის შესახებ, მაშინ ის თავის მტკივნეულ პრობლემაზე მშობელს ვერ დაელაპარაკება, რადგან ბავშვებს ეშინიათ, რომ თავად არიან დამნაშავეები და უფროსები დაადანაშაულებენ იმაში, რომ მოძალადე “გამოიწვიეს”.
სად უნდა ვეძებოთ მიზეზები, რეალურად რა შეიძლება განაპირობებდეს მოძალადის მიერ განხორციელებულ ამ ქცევას?
როდესაც ვსაუბრობთ სექსუალური შინაარსის შევიწროებაზე, მხოლოდ გოგონები არ იგულისხმებიან, ბიჭი მოზარდებიც ძალიან ხშირად არიან სექსუალური ხასიათის შევიწროების და ძალადობის მსხვერპლები. ბიჭებს განსაკუთრებით უჭირთ ამაზე საუბარი. მიზეზი ჩვენი საზოგადოების პატრიარქალურ განწყობებშია, სადაც გარკვეული ქცევის ნორმების დაცვას მოითხოვენ ადამიანებისგან. ასეთ საზოგადოებაში ხშირად მსხვერპლი ხდება “დამნაშავე”, რადგან ჩნდება ასეთი ინტერპრეტაციები:”იმიტომ შეგავიწროეს, რომ შენ ასაკისთვის შეუფერებლად გამოიყურები; ,იმიტომ შეგავიწროეს, რომ შენ თვალი დახატული გაქვს; იმიტომ შეგავიწროეს, რომ შენ ბიჭი ხარ, საყურე გიკეთია და გრძელი თმა გაქვს”.
რეალურად კი ასეა – შეგავიწროეს, რადგან ასე უნდოდათ.
ხშირად, მოძალადე სულაც არ არის პიროვნული ფსიქო-პათოლოგიით დაავადებული. თანამედროვე კვლევები აჩვენებს, რომ ასეთ დროს უფრო მეტი აქცენტი უნდა გაკეთდეს პატრიარქალურ წყობაზე და არა, პიროვნულ ფსიქოპათიაზე, როდესაც ადამიანები სხვებზე ძალადობენ. თუმცა, ზოგჯერ ასეც არის, მაგრამ ეს არ არის ერთადერთი უნივერსალური მიზეზი, რის გამოც ხდება მსგავსი ტიპის შევიწროება.