პლატფორმა “დედამ იცის” გთავაზობთ ინტერვიუების ციკლს ბავშვთა მიმართ სექსუალურ ძალადობაზე და მის პრევენციაზე. კითხვებს უპასუხებს ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგი ივანე საათაშვილი.
წინა ინტერვიუებში ჩვენ ვისაუბრეთ საიდუმლოზე, მის კლასიფიკაციაზე და თუ როგორ უნდა გამიჯნოს ბავშვმა კარგი და ცუდი საიდუმლო. როდესაც ბავშვისთვის ირღვევა ემოციური უსაფრთხოების ბალანსი, როდესაც ის სექსუალური ძალადობის მსხვერპლია, ვის უნდა მიმართოს მან დახმარებისთვის?
ბავშვს როდესაც ვასწავლეთ, რომ არ შეინახოს ისეთი საიდუმლო, რომელიც ვიღაცისთვის ზიანის მომტანია და სამუდამოდ არ მოეთხოვება ასეთი საიდუმლოს შენახვა, აქ ჩნდება ლოგიკური კითხვა, აბა ვის უნდა უთხრას ამის შესახებ. ადამიანებს, რომლებსაც შეიძლება ბავშვებმა მიმართონ დახმარებისთვის, ჩვენ ვეძახით მოკავშირეებს. მშობელთან ერთად ბავშვმა ფურცელზე ხელი უნდა დახატოს და თითო თითი იყოს მისი მოკავშირე. მათ უნდა ჩამოთვალონ ის ხუთი ადამიანი, რომელსაც ბავშვი ენდობა და რომლისთვისაც მას შეუძლია ამ ინფორმაციის გამჟღავნება. ეს მოკავშირეები არიან ის ადამიანები, რომლისთვისაც ბავშვს შეუძლია ნებისმიერი რამის თქმა, რაც არ უნდა იყოს. რატომ 5 ადამიანი? თუ ბავშვი მხოლოდ ერთ ადამიანს ეტყვის, მან შეიძლება რეაგირება არ მოახდინოს, შეიძლება სხვა ქალაქში იყოს წასული და ა.შ. ასეთი ბარიერები რომ თავიდან ავიცილოთ, ბავშვს უნდა ჰყავდეს 5 მოკავშირე ადამიანი და არა მეტი, რადგან შემოდის საშიშროება, რომ ამბავი შესაძლოა ფართო საზოგადოებაში გავრცელდეს.
როგორ ვირჩევთ მოკავშირეს?
პირველ რიგში მოკავშირე უნდა იყოს ხელმისაწვდომი, ბავშვთან ფიზიკურად ახლოს მყოფი ადამიანი – ოჯახის წევრი ან მასწავლებელი, რომელიც მოუსმენს ბავშვს. მნიშვნელოვანია, როდესაც ბავშვი მოკავშირედ ასახელებს რომელიმე ადამიანს, ამ ადამიანმაც უნდა იცოდეს ამის შესახებ და მისგანაც მოდიოდეს მზაობა, რომ მოუსმენს და დახმარების ხელს გაუწოდებს საჭიროების შემთხვევაში. მოკავშირე ბავშვისთვის არის ადამიანი, რომელსაც შეუძლია ყველაფერი გააკეთოს ბავშვის უსაფრთხოებისთვის. როდესაც ჩვენ ვმუშაობთ ბავშვებთან, ვაწერინებთ მათ წერილებს ყველაზე უსაფრთხო ადამიანების მიმართ. ერთი რამ ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ ბავშვებს სოციალური ნორმების მიხედვით ვასწავლით, რომ უნდა მოუსმინონ უფროსებს, არ უნდა შეეწინააღმდეგონ, არ უნდა შეეპასუხონ და ა.შ. ამ შემთხვევაში ჩვენ ბავშვებს უნდა ვასწავლოთ, რომ როდესაც ის თავს საფრთხეში გრძნობს, როდესაც მისი ემოციური ბალანსი ირღვევა, ვიღაც ეხება სხეულის პირად ნაწილზე ან აჩვენებს პირად ნაწილს, მან ყველაფერი უნდა გააკეთოს თავის დასაღწევად. როდესაც ასეთი ინციდენტი ხდება, სამიზნე ბავშვები არიან შედარებით წყნარი, ჩუმი ბავშვები, რომელთანაც უფრო მეტი შანსი აქვს მოძალადეს, რომ ის მის საიდუმლოს შეინახავს და სიჩუმეს შეინარჩუნებს. როდესაც ბავშვისგან წინააღმდეგობას დაინახავს, შესაძლოა ძალადობრივი ქცევა ბავშვის მიმართ ვეღარ განხორციელდეს.
რა მთავარ შეტყობინებებს ვაწვდით ბავშვებს სექსუალური ძალადობის პრევენციისთვის?
ჩვენ ბავშვებს ვეუბნებით, როდესაც თავს საფრთხეში იგრძნობენ, უფლება აქვთ იყვირონ, ხელიც დაარტყან, თუ ხვდებიან, რომ სხვა გამოსავალი არ აქვთ და როგორც კი შეძლებენ მაშინვე უნდა წავიდეს, რადგან ძალადობრივი ქცევა არ განხორციელდეს და ბავშვებსაც ვასწავლით, რომ როგორც კი შეძლებს მაშინვე უთხრას ეს ყველაფერი თავის უსაფრთხო მოკავშირეს.
სექსუალური ძალადობის შესახებ გავრცელებული მითები ჩვენ გვიქმნის უსაფრთხოების ილუზიას, რომ მოძალადე უცხოა, რომ მოძალადე აუცილებლად ცუდად გამოიყურება და ა.შ. ეს გვიქმნის წარმოსახვით უსაფრთხოებას, რომელიც ძალიან საშიშია. არ უნდა ეგონოს მშობელს, რომ ბავშვი ძალადობას ამოიცნობს, შეიძლება წლები მიმდინარეობდეს ასეთი ქცევა ბავშვის მიმართ და ბავშვი ვერც კი მიხვდეს, რომ მის მიმართ ხორციელდება სექსუალური ძალადობა. ამიტომ ბავშვმა თუ არ იცის თავისი სხეულის პირადი ნაწილები, რომ ასეთ ადგილებში არავინ არ უნდა შეეხოს, არ შეხედოს, ასეთი საიდუმლო არ უნდა შეინახოს, მან შესაძლოა ვერც იგრძნოს, რომ ის საფრთხეშია. ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობა იშვიათად გულისხმობს მძიმე ფიზიკური ძალადობის გამოყენებას, ეს ხშირად უფრო შეფუთულია ბავშვის მიმართ განსაკუთრებული ყურადღებით ოჯახის მეგობრის მხრიდან, ან ოჯახის წევრის მხრიდან, განსაკუთრებული ინტერესი, სიყვარული და განსაკუთრებული, მისი ასაკისთვის შეუსაბამო “მეგობრობა” და ასეთი ადამიანი ბავშვისთვისაც ხდება საინტერესო და სასიამოვნო პიროვნება, რადგან შეიძლება ერთად ჭამდნენ შოკოლადებს ჩუმად და არ ეუბნებოდნენ დედას, ასეთი შეფარვითი ქცევებით შესაძლოა ცდილობდეს მოძალადე ამ ყველაფრის შეფუთვას. ამიტომ ბავშვს ძალიან ხშირად უჭირს ამის იდენტიფიცირება და აუცილებელია ვასწავლოთ მას პირადი და საჯარო სხეულის ნაწილების დასახელება, როგორი საიდუმლო უნდა შეინახოს, როგორი საიდუმლო არ შეინახოს, ვის მიმართოს, როდესაც მას ცუდი საიდუმლოს შენახვას მოსთხოვენ, როცა ვინმე შეეხება და დაიწყებს მისი პირადი სხეულის ნაწილების ყურებას. ბავშვს აქვს უფლება, რომ იცოდეს ეს ყველაფერი.
რას მოიცავს ბავშვთა მიმართ ძალადობა?
„უცხოს“ შიში – რა მითები არსებობს ბავშვთა მიმართ სექსუალურ ძალადობაზე?
როგორ ველაპარაკოთ ბავშვს სექსუალური ძალადობის პრევენციისთვის მისთვის გასაგებ ენაზე?
რა არის კარგი და ცუდი საიდუმლო და რატომ უნდა ვასწავლოთ ბავშვებს საიდუმლოს გამიჯვნა?